ანტარქტიდა დიდი ხნის განმავლობაში პლანეტის “ბოლო ცივ ციხესიმაგრედ” მიიჩნეოდა, სადაც გლობალური ეპიდემიები გვიან ან საერთოდ ვერ აღწევს. თუმცა, ფრინველის გრიპის მაღალპათოგენურმა შტამმა (H5N1) ეს წარმოდგენა უკვე შეცვალა. ახალმა კვლევამ პირველად, ცალსახად დაადასტურა, რომ ანტარქტიდაზე ფრინველთა მასობრივი დაღუპვის მიზეზი სწორედ H5N1 იყო და არა უბრალოდ ვირუსის კვალის არსებობა მკვდარ ცხოველებში.
კვლევა, რომელიც ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა, ექსპედიცია “HPAI Australis”-ის შედეგებს აღწერს. 2024 წლის მარტში მკვლევრებმა ანტარქტიდის ათ სხვადასხვა ლოკაციაზე დაავადებული და მკვდარი ცხოველები შეისწავლეს, ჩაატარეს ნეკროფსია და აიღეს ნიმუშები ვირუსოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და პათოლოგიური ანალიზებისთვის.
მთავარი დასკვნა მკაფიოა: ერთ-ერთ ლოკაციაზე – კუნძულ ბიკზე (Beak Island) – მეზღვიასებრთა სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი სწორედ H5N1 იყო. ყველაზე საყურადღებო სურათი სწორედ ამ კუნძულზე გამოვლინდა, სადაც 46 მკვდარი მეზღვიასებრი იპოვეს. შესწავლილი ინდივიდების დიდ ნაწილში H5N1-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ქსოვილოვანი დაზიანებები ერთმანეთს ზუსტად ემთხვეოდა, რითაც ვირუსი სიკვდილის უშუალო მიზეზად განისაზღვრა. ამასთან, კვლევის ფარგლებში შესწავლილ სხვა სახეობებში (მათ შორის პინგვინებსა და ზღვის ძუძუმწოვრებში) H5N1 სიკვდილის მიზეზად იმავე სტანდარტით არ დადასტურებულა.
ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წარსულში ანტარქტიდაზე მკვდარ ფრინველებში H5N1-ის არსებობა ფიქსირდებოდა, თუმცა მისი სიკვდილის უშუალო მიზეზად დამტკიცება რთული პროცესია. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ვირუსის აღმოჩენა, არამედ იმ პათოლოგიური დაზიანებების დემონსტრირება, რომლებიც უშუალოდ ამ ინფექციით არის გამოწვეული. სწორედ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ახალი ნაშრომი, რის გამოც ის ანტარქტიდისთვის გარდამტეხ მტკიცებულებად მიიჩნევა.

Fierce and Feathered: the Skuas of Antarctica
(ცნობისთვის: მეზღვიასებრნი, ინგლ. Skua, ლათ. Stercorariidae – ზღვის ფრინველთა ოჯახია, რომლებიც გამოირჩევიან დიდი ზომით, ძალითა და მტაცებლური ბუნებით. ისინი იკვებებიან როგორც ნადირობით – მაგალითად, სხვა ფრინველების, მათ შორის პინგვინების კვერცხებითა და მართვეებით – ისე ლეშით).
ეს ფრინველები ანტარქტიდაზე ხშირად სწორედ მტაცებლისა და ე.წ. მენაგვის (ლეშიჭამიას) როლს ასრულებენ. ნადირობისა და ლეშით კვების ეს სპეციფიკური ქცევა ზრდის ვირუსით ინფიცირებისა და შემდგომ მისი სხვა ტერიტორიებზე გადატანის რისკს. მკვლევართა შეფასებით, მეზღვიასებრნი შესაძლოა იყვნენ არა მხოლოდ მსხვერპლნი, არამედ ინფექციის პოტენციური გამავრცელებლებიც, რაც ანტარქტიდის ეკოსისტემას დამატებით საფრთხეს უქმნის.
კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება ვირუსის ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას ეხება. H5N1-ის ვირუსული დატვირთვა განსაკუთრებით მაღალი იყო თავის ტვინში, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ამ შტამს ფრინველებში მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ასეთ სცენარში სიკვდილი შესაძლოა სწრაფად დადგეს, რაც ინფექციის დროულ აღმოჩენასა და კონტროლს კიდევ უფრო ართულებს.
ყველაზე პრაქტიკული დასკვნა კი ასეთია: ანტარქტიდას ესაჭიროება მუდმივი, ტრანსდისციპლინური ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. ავტორები პირდაპირ აღნიშნავენ: “თუ არავინ აკვირდება, ვერ გავიგებთ, რა ხდება”. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან მეზღვიასებრთა პოპულაციის შესახებ ზუსტი, თანამედროვე მონაცემები შეზღუდულია. ანტარქტიდის ველური ბუნება ისედაც მრავალი პარალელური სტრესორის ზეწოლას განიცდის და H5N1 ამ ჩამონათვალს კიდევ ერთ რისკად ემატება.
ფრინველის გრიპის შესახებ ჩვენი სხვა სტატიები ნახეთ ბმულზე.
ასევე დაგაინტერესებთ:




