ბოლო 30 წლის განმავლობაში შიზოფრენიის სამართავად ახალი მედიკამენტი არ დამტკიცებულა. 26 სექტემბერს, აშშ-ში FDA-მ დაამტკიცა შიზოფრენიის მართვის არა მხოლოდ ახალი, არამედ არსებული მედიკამენტებისგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ანტიფსიქოზური წამალი.
შიზოფრენია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც ახასიათებს ჰალუცინაციები, არაორგანიზებული ფიქრის პროცესი, შეგრძნებების გადაგვარება და სხვა. შიზოფრენია ყოველი 300 ადამიანიდან 1-ს აღენიშნება და მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

თუ შიზოფრენიის მართვისთვის არსებული წამლების დიდი ნაწილი ადამიანის დოპამინერგულ სისტემაზე მოქმედებდა, ახალი პრეპარატის სამიზნე ქოლინერგული სისტემა იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, სულ მალე, მაღალი ალბათობით, ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ შიზოფრენიის მქონე პაციენტებისთვის სრულად განსხვავებული, ალტერნატიული მიდგომა გამოიყენონ.
დოპამინერგულ სისტემაზე მოქმედი ანტიფსიქოზური მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამო, პაციენტები ხშირად წყვეტდნენ მკურნალობის კურსს. ახალი პრეპარატი, სახელწოდებით “Cobenfy” კი, კვლევებს თუ დავუჯერებთ, უფრო მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს. ასევე უნდა ითქვას, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტების დაახლოებით 40%-ში დოპამინერგული მედიკამენტების ეფექტურობა დაბალია.
სანამ პრეპარატი აფთიაქის თაროზე არ აღმოჩნდება და კლინიკურ პრაქტიკაში თავს არ დაიმკვიდრებს, ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება რთულია. თუმცა ფსიქიატრიული მდგომარეობების, განსაკუთრებით შიზოფრენიის კომპლექსურობის გათვალისწინებით, ახალი ნივთიერების “წარმატება” და კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად დამტკიცება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს მაინც გვაძლევს.
Cobenfy-ის დანიშვნა ექიმებს პაციენტებისთვის ოქტომბრის ბოლოდან შეუძლიათ.




