კატების კომერციული უმი საკვები, განსაკუთრებით ის, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება, შესაძლოა მნიშვნელოვან რისკს უქმნიდეს როგორც თავად ცხოველებს, ისე მათ პატრონებს. კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ანალიზმა, რომელიც ჟურნალ “Communications Biology”-ში გამოქვეყნდა, ასეთ პროდუქტებში დაავადების გამომწვევი მიკრობები, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამები, აღმოაჩინა.
“ამ პროდუქტების უმეტესობას არ აქვს გამაფრთხილებელი ეტიკეტი, რომელიც მიუთითებდა, რომ ხორცის ინგრედიენტები ბოლომდე მომზადებული არ არის და შესაძლოა შეიცავდეს ცოცხალ ბაქტერიებს, ვირუსებსა და პარაზიტებს, რომლებმაც შეიძლება ოჯახის წევრების სერიოზული დაავადება გამოიწვიოს”, – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ლორა გუდმანი.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
მკვლევრებმა სალმონელა, კრონობქტერი და E. coli აღმოაჩინეს როგორც გაყინულ და სამაცივრო, ისე გამომშრალ (freeze-dried) უმ ან ნაწილობრივ მომზადებულ ხორცის პროდუქტებში, რომლებიც მაღაზიებსა და ონლაინ იყიდება. “განსაკუთრებით გამომშრალი პროდუქტების შემთხვევაში, მომხმარებლებმა, სავარაუდოდ, არც კი იციან, რომ ასეთ რისკზე მიდიან”, – ამბობს გუდმანი.
გარდა ამისა, კვლევამ გამოავლინა:
- ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ფსევდომონა (pseudomonas): ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ფილტვების, სისხლისა და საშარდე გზების ინფექციები.
- კლებსიელა (Klebsiella): ბაქტერია, რომელიც იწვევს ცხელებას, დაღლილობას და პოტენციურად პნევმონიას.
- Clostridium perfringens: ბაქტერია, რომელიც იწვევს გასტროენტერიტს (კვებით მოწამვლას).
რისკი ადამიანებისთვის
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს პათოგენები შეიძლება შინაური ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს, რაც განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.
როდესაც მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ფედერალურ მონაცემთა ბაზაში ატვირთეს, მათ აღმოაჩინეს გენეტიკურად ძალიან მსგავსი შემთხვევები ადამიანებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, იმავე პროდუქტებით დაავადდნენ.




