გარკვეულ პლასტმასებში აღმოჩენილმა ტოქსიკურმა ქიმიკატებმა 50-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცები შესაძლოა იმავე ასაკის ქალებთან შედარებით უფრო სწრაფად დააბეროს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ე.წ. “მარადიული ქიმიკატები”, ცნობილი როგორც PFAS, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების დაჩქარებულ დაბერებას იწვევს.
რა არის “მარადიული ქიმიკატები” (PFAS)? PFAS (პერფლუორალკილური და პოლიფლუორალკილური ნივთიერებები) არის ხელოვნურად შექმნილი ქიმიური ნაერთების დიდი ჯგუფი. მათ “მარადიულ ქიმიკატებს” უწოდებენ, რადგან ისინი შეიცავენ ნახშირბადისა და ფთორის უკიდურესად მყარ ბმებს. ამის გამო, ისინი ბუნებრივ გარემოში თითქმის არ იშლება და დროთა განმავლობაში გროვდება როგორც ბუნებაში, ისე ადამიანის ორგანიზმში.
სად გვხვდება PFAS ყოველდღიურობაში?
-
მაგალითად, ტეფლონის ტაფები და ჭურჭელი.
-
წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
-
ლაქების მიმართ გამძლე ხალიჩები და ავეჯის ქსოვილები.
-
სწრაფი კვების პროდუქტების შესაფუთი ქაღალდები და ყუთები (ცხიმგამძლეობისთვის).
-
ცეცხლმაქრი ქაფი.
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების მონაცემებით, ეს ნივთიერებები ამერიკელთა დაახლოებით 98%-ის სისხლში ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, ეპიგენეტიკური დაბერება – ბიოლოგიური ასაკის მაჩვენებელი, რომელიც ქრონოლოგიური ასაკისგან განსხვავდება – განსაკუთრებით სწორედ მამაკაცებში იყო გამოხატული.
“PFAS-თან ექსპოზიციასა და დაჩქარებულ ეპიგენეტიკურ დაბერებას შორის კავშირი ყველაზე ძლიერი 50-დან 65 წლამდე მამაკაცებში აღმოჩნდა”, – აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი სიანგვეი ლი, შანხაის ჯიაო ტუნის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი.
მისი თქმით, უფრო ახალგაზრდა მამაკაცებსა და 65 წელზე უფროს პირებში ეს კავშირი სუსტი და სტატისტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ქალებშიც დაფიქსირდა გარკვეული ასოციაციები, თუმცა ისინი შედარებით მცირე და ნაკლებად თანმიმდევრული აღმოჩნდა.
ექსპერტების შეფასებით, ეს მიგნებები მიუთითებს “სქეს-სპეციფიკურ ეფექტზე”, რაც მოსალოდნელია იმ ქიმიკატებისთვის, რომლებიც ენდოკრინულ სისტემას არღვევს. ენდოკრინული სისტემა არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა ზრდა, მეტაბოლიზმი, განწყობა და რეპროდუქცია. მამაკაცებში PFAS-ის დაგროვებამ შესაძლოა შეამციროს ტესტოსტერონის დონე, გააუარესოს სპერმის ხარისხი და გაზარდოს სათესლე ჯირკვლისა და თირკმლის კიბოს რისკი.
წინა კვლევები მიუთითებს, რომ ქალები გარკვეულ PFAS-ს მამაკაცებზე სწრაფად გამოიდევნიან ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მენსტრუალური სისხლის დაკარგვის გამო. მენოპაუზის შემდეგ ქალებსა და მამაკაცებს შორის ქიმიკატების დაგროვების სხვაობა მცირდება. თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ შედეგები არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს – ისინი მხოლოდ დამატებითი “პაზლის ფრაგმენტებია”, რომლებიც ბიოლოგიურ სარწმუნოობას აყალიბებს.
კვლევა, რომელიც ჟურნალ “Frontiers in Aging”-ში გამოქვეყნდა, ეფუძნება 326 მოხალისის მონაცემებს. ეს ადამიანები 1999-2000 წლებში აშშ-ის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნულ კვლევაში მონაწილეობდნენ. მათი სისხლის ნიმუშებში 11 ტიპის PFAS განისაზღვრა, ხოლო დნმ-ის მეთილაციის მაჩვენებლები გამოიყენეს ე.წ. “ბიოლოგიური საათების” მეშვეობით ასაკის შესაფასებლად.
PFAS ქიმიკატები 1950-იანი წლებიდან გამოიყენება არამიწვადი, ცხიმგამძლე და წყალგამძლე სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებაში. ისინი დაკავშირებულია კიბოს, უნაყოფობის, მაღალი ქოლესტერინის, ჰორმონული დარღვევების, ღვიძლის დაზიანებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გაზრდილ რისკთან.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნაკლებად შესწავლილი PFAS-ებიც – მაგალითად PFNA და PFOSA – შესაძლოა მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ეფექტებს იწვევდნენ. განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციები 50-64 წლის მამაკაცებში დაჩქარებულ ეპიგენეტიკურ დაბერებასთან იყო დაკავშირებული.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები მოსახლეობას სთხოვენ, ნუ შეშინდებიან.
“ჩვენი კვლევა აჩვენებს ასოციაციებს და არა პირდაპირ მიზეზ-ზედეგობრივ კავშირს. PFAS ფართოდ არის გავრცელებული და მათი სრულად თავიდან აცილება რეალისტური არ არის”, – ამბობს ლი.
მისი რეკომენდაციით, შესაძლებელია ექსპოზიციის შემცირება: სერტიფიცირებული წყლის ფილტრების გამოყენება, გამაფრთხილებელი ნიშნების / ეტიკეტების გათვალისწინება და ცხიმგამძლე ან ლაქაგამძლე მასალებთან კონტაქტის მინიმიზაცია. თუმცა, რეალური რისკის შემცირება დიდწილად რეგულაციებსა და გარემოს გაწმენდაზეა დამოკიდებული.




