აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაციების ცვლილებები, როგორც წესი, გამჭვირვალე პროცესებს მიჰყვება. თუმცა, 2025 წლის 22 სექტემბერს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ამ პროცესის გვერდის ავლით, გაკეთდა განცხადებები პარაცეტამოლის (აცეტამინოფენი), ლეუკოვორინისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან მათ კავშირზე. გამომსვლელებმა ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენება არაგონივრულად მიიჩნიეს და ლეუკოვორინს გაუწიეს პოპულარიზაცია, როგორც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სასარგებლო თერაპიას.
გავლენის შესაფასებლად, მკვლევრებმა Cosmos-ის ელექტრონული მონაცემთა ბაზა გამოიყენეს და შეისწავლეს მედიკამენტების დანიშვნის მაჩვენებლები.

პარაცეტამოლის და ლეიკოვორინის გაყიდვები 22 სექტემბრის განცხადების შემდეგ
კვლევის ძირითადი შედეგები:
-
ორსული ქალები (15-44 წელი): ბრიფინგის შემდეგ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში ორსული პაციენტებისთვის პარაცეტამოლის დანიშვნა საშუალოდ 10%-ით შემცირდა. კლების მაქსიმალური მაჩვენებელი (20%) კვლევის მესამე კვირას დაფიქსირდა.
-
არაორსული ქალები (15-44 წელი): ამავე ასაკის არაორსულ პაციენტებში პარაცეტამოლის მოხმარების მხრივ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
-
ბავშვები (5-17 წელი): ამბულატორიულ პირობებში ბავშვებისთვის ლეიკოვორინის გამოწერის მაჩვენებელი 71%-ით გაიზარდა. მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა მეორე კვირას, როდესაც რეცეპტების რაოდენობა გაორმაგდა (მოსალოდნელ მაჩვენებელზე 113%-ით მეტი).
აუტიზმი და ტაილენოლი ორსულობისას: რას ამბობს ახალი ანგარიში და რას პასუხობს მეცნიერება
მართალია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პირდაპირ მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ დაფიქსირებული ასოციაციები შეესაბამება კლინიკურ გადაწყვეტილებებზე FDA-ს ახალი რეკომენდაციების გავლენას. უცნობია, ასახავს თუ არა მიღებული შედეგები პაციენტთა მოთხოვნის ცვლილებას თუ უშუალოდ კლინიცისტების გადაწყვეტილებებს; მიუხედავად ამისა, ისინი აჩვენებენ საჯარო ავტორიტეტული ფიგურების აშკარა ძალას, გამოიწვიონ უეცარი ცვლილებები ჯანდაცვის პრაქტიკაში. მოხმარების უეცარი ცვლილებები დაფიქსირდა იმის ფონზეც კი, რომ ახალი სამეცნიერო მონაცემები არ ყოფილა წარმოდგენილი.
კვლევის შეზღუდვები მოიცავს დროში ცვალებად დამაბნეველ ფაქტორებს და გადაუდებელი დახმარების განყოფილების მიღმა პარაცეტამოლის მოხმარების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას. თუმცა, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების დიდი ბაზა აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს და დიდი ალბათობით ასახავს ექიმების ზოგად მიდგომებს.
ამ ცვლილებებს მრავალი პოტენციური შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის არანამკურნალები ცხელების (რაც ნევროლოგიური აშლილობების რისკფაქტორია) მაღალი სიხშირე და ორსულობისას ისეთი სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც პარაცეტამოლზე ნაკლებად უსაფრთხოა (თავად პარაცეტამოლი ორსულობის დროს უსაფრთხოდ ითვლება). უახლესი დამატებითი მტკიცებულებებით არ გამოვლენილა აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ან ინტელექტუალური განვითარების შეფერხების გაზრდილი მაჩვენებლები იმ დედების შვილებში, რომლებიც ორსულობისას პარაცეტამოლს იყენებდნენ. რაც შეეხება ლეუკოვორინს, მისი დანიშვნის ზრდამ (თავის ტვინის ფოლატის დეფიციტის იშვიათი მდგომარეობის მიღმა) შეიძლება გამოიწვიოს ცრუ მოლოდინები და არასაჭირო გვერდითი მოვლენები.
“საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს”: კენედი პარაცეტამოლსა და აუტიზმზე პოზიციას არბილებს




