პანკრეასის კიბო, განსაკუთრებით მისი ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმა – პანკრეასის სადინარის ადენოკარცინომა (PDAC), დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ონკოლოგიურ დაავადებად რჩება. მკურნალობისადმი მაღალი რეზისტენტობა, სიმსივნური მიკროგარემო გარემო და ხშირ შემთხვევაში გვიანი დიაგნოზი იწვევს იმას, რომ სტანდარტული თერაპიები ხშირად ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივ შედეგს. სწორედ ამ ფონზე მიიქცია საერთაშორისო ყურადღება ესპანეთში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ, რომელმაც მკურნალობისა და კიბოს რეციდივის პრევენციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი პრეკლინიკური შედეგი აჩვენა.
კვლევა ჩატარდა ესპანეთის კიბოს კვლევის ეროვნულ ცენტრში (CNIO) და მას ხელმძღვანელობდა ცნობილი ონკოლოგი მარიანო ბარბასიდი, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება KRAS-დამოკიდებული სიმსივნეების ბიოლოგიის შესწავლას. KRAS მუტაციები პანკრეასის კიბოს დაახლოებით 90%-ში გვხვდება და სწორედ ეს მექანიზმი განიხილება დაავადების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად. ბარბასიდი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პანკრეასის კიბოს ერთი მედიკამენტით დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სიმსივნე სწრაფად ახერხებს ალტერნატიული ბიოლოგიური გზების გააქტიურებას.
CNIO-ს გუნდმა სწორედ ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით შეიმუშავა ახალი მიდგომა: სამი სხვადასხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რომელიც სიმსივნის გადარჩენის რამდენიმე ძირითად მექანიზმს ერთდროულად ბლოკავს. მკვლევრების განმარტებით, ასეთი „კოორდინირებული შეტევა“ მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის უნარს, დაუძვრეს მკურნალობას და განავითაროს რეზისტენტობა.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, სადაც გამოყენებული იყო პანკრეასის კიბოს რამდენიმე განსხვავებული მოდელი თაგვებში, სამმაგი თერაპიის ფონზე დაფიქსირდა სიმსივნეების სრული უკუგანვითარება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მკურნალობის შემდგომ პერიოდს: თაგვებში, რომლებშიც სიმსივნე გაქრა, ხანგრძლივი დაკვირვებისას რეციდივი აღარ გამოვლენილა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მდგრადი პასუხი პანკრეასის კიბოს მოდელებში უკიდურესად იშვიათია. ამასთანავე, მკურნალობას თან ახლდა მინიმალური ტოქსიკურობა, რაც თეორიულად ზრდის მისი მომავალი კლინიკური განვითარების პოტენციალს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად მკვლევრები და CNIO განსაკუთრებულად ფრთხილად აფასებენ შედეგებს. მათი განცხადებით, ეს ეტაპი ჯერ არ ნიშნავს პანკრეასის კიბოს “განკურნებას“ ადამიანებში. კვლევა პრეკლინიკურ დონეზეა და ადამიანებზე კლვევების ჩატარებამდე საჭიროა დამატებითი ვალიდაცია, დოზირების და უსაფრთხოების დეტალური შესწავლა, ასევე რეგულატორული პროცედურების გავლა. ონკოლოგიაში არაერთი მაგალითია, როდესაც თაგვებში მიღებული შთამბეჭდავი შედეგები ადამიანებში ვერ გამეორდა ბიოლოგიური სირთულეების გამო.
ამავე დროს, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, მიღებული მონაცემები ნამდვილად გამორჩეულია პანკრეასის კიბოს კვლევის სფეროში. რეციდივის გარეშე ხანგრძლივი პასუხი, თანაც დაბალი ტოქსიკურობის ფონზე, მიუთითებს, რომ კომბინირებულ, მრავალსამიზნიან თერაპიებს შესაძლოა რეალურად ჰქონდეთ პანკრეასის კიბოს ბუნებრივი მიმდინარეობის შეცვლის პოტენციალი – თუნდაც ეს პროცესი ჯერ მხოლოდ სამეცნიერო გზის დასაწყისში იყოს.
დასასრულ, წარმოდგენილი კვლევა არ არის მოულოდნელი სენსაცია, არამედ ექვსწლიანი, დეტალურად დაგეგმილი სამეცნიერო მუშაობის შედეგი, დაფინანსებული მათ შორის Fundación CRIS Contra el Cáncer-ის მიერ. ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად, რომ პანკრეასის კიბო საბოლოოდ დაემორჩილოს მიზანმიმართული და სწორად შერჩეული კომბინირებული თერაპიების ეფექტს. თუმცა, ამ გზაზე ადამიანებში უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი დრო და კვლევითი სამუშაოა საჭირო.




