“ანტივაქსერი დედა გამუდმებით ხელს უშლიდა მედიკოსებს, რომლებიც მისი ქალიშვილის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ” – სასამართლო გამოძიება
სასამართლო გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება დეტალები კემბრიჯის კურსდამთავრებულის გარდაცვალების საქმეზე, რომელმაც დედის გავლენით კიბოს მკურნალობაზე უარი თქვა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დედა, რომელიც ქიმიოთერაპიაზე უარის თქმის შემდეგ გარდაიცვალა, “გამუდმებით ხელს უშლიდა” პარამედიკოსებს მისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას – ეს სასამართლო გამოძიების ფარგლებში გახდა ცნობილი. 23 წლის პალომა შემირანი 2024 წლის 24 ივლისს, სასექსის სამეფო საგრაფო საავადმყოფოში, არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ საჭირო თერაპიაზე უარის თქმის შემდეგ გარდაიცვალა.

პაოლა შემირანი
პარამედიკოსმა რობინ ბასმა, რომელიც პალომას კოლაფსის დროს დედის სახლში დახმარებას უწევდა, განაცხადა, რომ ქეითი “სირთულეს წარმოადგენდა, რადგან გამუდმებით ერეოდა, როდესაც ბრიგადა პაციენტს დახმარებას უწევდა”. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარამედიკოსმა კორონერ კეტრინ ვუდს უთხრა, რომ ქეითი უარყოფდა პალომას გულმკერდის არეში არსებული მასის კიბოსთან კავშირს და ამტკიცებდა, რომ მას საკვები გადასცდა და იხრჩობოდა.
მოგვიანებით, პალომას ტყუპისცალი ძმის, გაბრიელის კითხვის პასუხად, ბასმა დაამატა: “ვფიქრობ, გარკვეულ მომენტებში საკმაოდ მკაცრები უნდა ვყოფილიყავით… გვიწევდა გვეთხოვა, რომ გაჩუმებულიყო, სანამ თქვენს დას დახმარებას ვუწევდით.”
პაოლას ძმები, გაბრიელი და სებასტიან შემირანები, დის გარდაცვალებაში დედის, ქეით შემირანის, მედიცინის საწინააღმდეგო შეხედულებებს ადანაშაულებენ. მათ ადრე განაცხადეს: “ჩემი და დედაჩემის ქმედებებისა და შეხედულებების პირდაპირი შედეგად გარდაიცვალა და არ მინდა, რომ სხვამაც გამოიაროს იგივე ტკივილი ან დანაკლისი, რაც მე განვიცადე”.
პალომა მოგვიანებით ბრაიტონის საავადმყოფოში სიმსივნით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა. გამოძიებაზე ადრე ითქვა, რომ მის გულმკერდში არსებული მასა სასუნთქ გზებს აწვებოდა, რასაც შეეძლო გულის გაჩერება გამოეწვია. პალომას ძმები დის გარდაცვალებაში დედის მედიცინის საწინააღმდეგო შეხედულებებს ადანაშაულებენ.

სებასტიან შემირანმა (კადრში: საუბრობს BBC-სთან) დედამისი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის „ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა“. წყარო: BBC
ქეით შემირანს 2021 წელს ექთნის ლიცენზია ჩამოერთვა, რადგან საექთნო და მეანობის საბჭოს კომიტეტმა დაადგინა, რომ ის ავრცელებდა კოვიდ-დეზინფორმაციას, რომელიც “საზოგადოებას მნიშვნელოვანი ზიანის რისკის ქვეშ აყენებდა”. ის ქალიშვილის გარდაცვალებაში პასუხისმგებლობას უარყოფს და მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
გამოძიებაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალიშვილის კოლაფსის დროს ქეითს სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ არ გამოუძახებია. ამის ნაცვლად, მან მეგობარს დაურეკა და 999-ზე მხოლოდ მას შემდეგ დარეკა, რაც მეგობარი სახლში მივიდა. კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ დაგვიანებას გავლენა მოეხდინა პალომას გარდაცვალებაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს სასწრაფო დახმარების სამსახურის პარამედიკოსმა, კარენ კლარკმა, უპასუხა: “ამის თქმა რთულია. ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, რომ 999-ზე დაუყოვნებლივ დარეკოთ.”
პალომას გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება 2023 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე დაეწყო. მეიდსტოუნის საავადმყოფოში მას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა უთხრეს, რომ ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემთხვევაში, გამოჯანმრთელების 80%-იანი შანსი ჰქონდა.
სასამართლო გამოძიება გრძელდება.
ვინ არის ქეით შემირანი?
ქეი “ქეით” შემირანი, 36 წლის გამოცდილების მქონე ყოფილი ექთანი, COVID-19-ის პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ანტი-საიზოლაციო და ანტივაქსერული მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და რადიკალურ ფიგურად იქცა. მისი პროფესიული კარიერა 2021 წელს დასრულდა, როდესაც საექთნო და მეანობის საბჭომ (NMC) საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის გამო ლიცენზია ჩამოართვა.
შემირანი აქტიურად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს, რომელთა მიხედვითაც კორონავირუსი “გამოგონილია”, მისი სიმპტომები 5G ტექნოლოგიითაა გამოწვეული, ხოლო ვაქცინები სინამდვილეში “შხამია”, რომელიც მასობრივ გენოციდს ისახავს მიზნად და ადამიანის დნმ-ს ცვლის.
მისი რიტორიკა განსაკუთრებით აგრესიული იყო მედპერსონალის მიმართ. ის საჯაროდ ადარებდა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) თანამშრომლებს ნაცისტური გერმანიის ექიმებს და მათ “სიკვდილის ბანაკებში” მუშაობაში სდებდა ბრალს. ერთ-ერთ მიტინგზე მან ღიად მოუწოდა, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული ექთნები და ექიმები “ახალი ნიურნბერგის პროცესზე” უნდა გასამართლდნენ და სიკვდილით დაისაჯონ.
ამ იდეების გასავრცელებლად შემირანი აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით Facebook-სა და Telegram-ს, სადაც ათასობით მიმდევარი ჰყავდა. ის რეგულარულად გამოდიოდა სიტყვით ლონდონსა და სხვა ქალაქებში გამართულ პროტესტებზე, სადაც აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა.

ქეით შემირანი და მისი თანამოაზრე, ანტივაქსერი აქტივისტი პირს კორბინი, 2021 წელს ტრაფალგარის მოედანზე, “Worldwide Freedom Rally”-ის საპროტესტო აქციაზე.
პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევის გარდა, მას არაერთხელ ჰქონდა საქმე პოლიციასთან და 2021 წელს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ მოწოდებების გამო დააპატიმრეს კიდეც.
შემირანის შემთხვევა ბრიტანულ მედიაში განიხილება, როგორც დეზინფორმაციის ტრაგიკული შედეგის მაგალითი, როდესაც შეთქმულების თეორიებმა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას შეუქმნა საფრთხე, არამედ, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლეზეც იქონია დამღუპველი გავლენა




