მიჩიგანისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც ნახშირბადის ნანონაწილაკების გამოყენებით ებრძვის არტერიებში ნადების (ფოლაქის) დაგროვებას. ეს ინოვაციური მიდგომა გულისხმობს ნანონაწილაკების გამოყენებას, რომლებიც მიზნობრივად აწვდიან წამალს და ეფეროციტოზის პროცესს ააქტიურებენ.
ეფეროციტოზი — ეს არის იმუნური უჯრედების უნარი, რომ მკვდარი და დაზიანებული უჯრედებისგან გაწმინდონ არტერიები. ეს პროცესი ხელს უწყობს არტერიების ჯანმრთელობის აღდგენას და ათეროსკლეროზის დაძლევას.
ათეროსკლეროზის მქონე ღორებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა PET სკანირების გამოყენებით აჩვენა, რომ ნანონაწილაკების თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნადების დაგროვება და ანთება, ხოლო ჯანსაღი უჯრედები დაუზიანებელი დარჩა.
ამ მიზნობრივი მეთოდის დახმარებით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ანემია, რომელიც ზოგადი თერაპიების დროს ხშირია.
შეგახსენებთ, რომ ათეროსკლეროზი, ანუ არტერიის კედლების გასქელება ქოლესტერინისა და უჯრედული ნარჩენების დაგროვების გამო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის, ინსულტის ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ კვება და ვარჯიში დაავადების პრევენციის მთავარი საშუალებებია, ნანონაწილაკების ეს ტექნიკა შესაძლოა გახდეს ახალი, ეფექტური ალტერნატივა.
კვლევა ამჟამად ახალ ეტაპზე გადადის და მეთოდი ადამიანებშიც გამოიცდება. თუ ეს მიდგომა წარმატებით დასრულდება, იგი საფუძველს დაუდებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ახალ ეპოქას.




