ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer განაცხადა, რომ წყვეტს სიმსუქნის სამკურნალო ექსპერიმენტული აბის განვითარებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პაციენტს, კლინიკური კვლევის ფარგლებში, სავარაუდოდ ღვიძლის დაუზიანდა. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მან პრეპარატის მიღება შეწყვიტა.
აღნიშნული პრეპარატი ჯერ კიდევ საცდელ, ადრეულ ეტაპზე იყო და კომპანია გეგმავდა მის ფართომასშტაბიან კლინიკურ გამოცდაზე გადაყვანას, რაც, როგორც წესი, საბოლოო ეტაპია რეგულატორების მიერ მედიკამენტის დამტკიცებამდე.
ბოლო წლებში სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ფარმაცევტულ ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიებმა Eli Lilly-მ და Novo Nordisk-მა უკვე დაამკვიდრეს ინექციური პრეპარატები, როგორიცაა Wegovy და Zepbound, რომლებიც ეფექტურად უწყობენ ხელს წონის კლებას და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მიუხედავად მათი ეფექტურობისა, ინექციური ფორმა ბევრ პაციენტში უკმაყოფილებას იწვევს და მაღალია მოთხოვნა აბების ფორმაზე, როგორც უფრო მოსახერხებელ ვარიანტზე.
Pfizer-ის პრეპარატი, სახელად დანუგლიპრონი, ერთ-ერთ ასეთ იმედად განიხილებოდა. თუმცა გასული წლის ბოლოს კომპანიამ უკვე შეაჩერა პრეპარატის დღეში ორჯერ მისაღები ვარიანტის კვლევა, მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილში გამოხატული გვერდითი მოვლენების, მათ შორის გულისრევის შეგრძნებების გამო.
მიუხედავად აღნიშნულისა, Pfizer აცხადებს, რომ არ წყვეტს სიმსუქნის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე მუშაობას და უკვე ავითარებს სხვა პრეპარატებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა გახდეს ახალი, ეფექტური და უსაფრთხო საშუალება სიმსუქნესთან ბრძოლის პროცესში.
სპეციალისტების შეფასებით, სიმსუქნის სამკურნალო გლობალური ბაზარი მნიშვნელოვანი ზრდის ეტაპზეა და 2030 წლისთვის მისი მოცულობა სავარაუდოდ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შესაბამისად, წამლის მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას ახალ, ინოვაციურ და უფრო კომფორტულ სამკურნალო ფორმებზე.
რატომ წარმოადგენს სიმსუქნე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გამოწვევას?
სიმსუქნე და ჭარბი წონა დაკავშირებულია მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარებასთან, მათ შორის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტთან, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან, გარკვეულ ონკოლოგიურ მდგომარეობებთან და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში. ამდენად, ჭარბ წონასთან ბრძოლა არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობის საკითხია, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ჯანდაცვით პრიორიტეტს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივ, სისტემურ რეაგირებას.




