ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ადამიანის სპერმასა და ფოლიკულურ სითხეში მიკროპლასტმასა – პაწაწინა და ყველგან გავრცელებული ფრაგმენტები, რომლებიც დღეს ჩვენს ზღვებში, სასმელ წყალში, საკვებსა და, მზარდად, ცოცხალ ქსოვილებში გვხვდება – აღმოაჩინეს.
კვლევაში, რომელიც სამშაბათს ჟურნალში „Human Reproduction“ გამოქვეყნდა, 25 ქალისა და 18 მამაკაცისგან შემდგარი მცირე ჯგუფი მონაწილეობდა. მიკროპლასტმასა ფოლიკულური სითხის ნიმუშების 69%-ში და სემინალური სითხის ნიმუშების 55%-ში გამოვლინდა. სემინალური სითხე, იგივე სპერმა, არის მამაკაცის რეპროდუქციული სითხე, რომელიც სპერმატოზოიდებს შეიცავს. ფოლიკულური სითხე კი არის სითხე, რომელიც კვერცხუჯრედს საკვერცხის ფოლიკულში აკრავს.
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს აბსტრაქტს — დასრულებული კვლევის მოკლე შეჯამებას — და ჯერ არ გაუვლია რეცენზირება. ის პირველ ივლისს პარიზში, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების 41-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.
“წინა კვლევები უკვე მიუთითებდა ამ შესაძლებლობაზე, ამიტომ მიკროპლასტმასას არსებობა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაში სრულიად მოულოდნელი არ არის“, — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა ემილიო გომეს-სანჩესმა, ესპანეთში, Next Fertility Murcia-ს ასისტენციური რეპროდუქციის ლაბორატორიის დირექტორმა, პრესისთვის მიწოდებულ განცხადებაში. “თუმცა, რამაც გაგვაკვირვა, მისი გავრცელების მასშტაბია. ეს არ არის იზოლირებული აღმოჩენა — როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა“.
რა არის მიკროპლასტმასა და რამდენად საშიშია ის?
მარტივად რომ ვთქვათ, მიკროპლასტმასა პლასტმასას უმცირესი, ხშირად თვალით უხილავი ნაწილაკებია. ისინი წარმოიქმნება, როდესაც დიდი ზომის პლასტმასის ნივთები (ბოთლები, პაკეტები, ტანსაცმელი) იშლება მზის, წყლისა და ქარის ზემოქმედებით.
წარმოდგენისთვის, მათი ზომა ბრინჯის მარცვლიდან (დაახლოებით 5 მმ) იწყება და მიკროსკოპულ, მტვრის ნაწილაკის ზომამდე მცირდება, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამაზე მცირე ზომის ნაწილაკებს კი ნანოპლასტმასას უწოდებენ.
როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში?
ეს ნაწილაკები იმდენად ყველგანაა, რომ ჩვენს ორგანიზმში შეღწევა ძალიან მარტივია. როგორც კვლევის ავტორი, ემილიო გომეს-სანჩესი განმარტავს: „მიკროპლასტმასა ორგანიზმში ძირითადად სამი გზით ხვდება: საკვებთან და წყალთან ერთად, ჰაერის შესუნთქვით და კანთან კონტაქტით“.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მათ სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით შეუძლიათ მთელ სხეულში იმოგზაურონ. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ეს ნაწილაკები აღმოაჩინეს ისეთ ორგანოებსა და სითხეებში, როგორიცაა:
- ფილტვები
- პლაცენტა
- ტვინი
- სასქესო ორგანოები (სათესლე ჯირკვლები, პენისი)
- ადამიანის განავალი
რა ვიცით ჯანმრთელობის რისკების შესახებ?
სწორედ აქ იყოფა სამეცნიერო საზოგადოების აზრი და ჩნდება მთავარი კითხვები.
ერთი მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ თავად პლასტმასის ნაწილაკები საშიში არ არის. “ათწლეულების კვლევები და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) თანხმდებიან, რომ მიკროპლასტმასა საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მისი ზემოქმედება უკიდურესად დაბალია და ისინი თავისთავად არატოქსიკურია“, — აცხადებს კრის დეარმიტი, Plastics Research Council-ის დამფუძნებელი.
მეორე მხრივ, მთავარი საფრთხე შესაძლოა თავად ნაწილაკში კი არა, იმ ქიმიკატებში იმალებოდეს, რომლებიც მას “მოგზაურობისას” გადააქვს. პლასტმასის წარმოებისას მას ემატება სხვადასხვა ნივთიერება (მაგალითად, პლასტიკურობისთვის ან ცეცხლგამძლეობისთვის). დროთა განმავლობაში, ეს ქიმიკატები პლასტმასიდან გამოიყოფა და სწორედ ისინი უკავშირდება ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებს, როგორიცაა:
- ჰორმონალური დარღვევები
- ონკოლოგიური დაავადებები
- რესპირატორული პრობლემები
მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი მეცნიერი შიშობს, რომ მიკროპლასტმასა ორგანიზმში „ტროას ცხენივით“ მოქმედებს – თავად ნაწილაკი შეიძლება ინერტული იყოს, მაგრამ მას ჩვენს უჯრედებამდე საშიში ქიმიკატები მიაქვს.
სხეულის სითხეების ტესტირება მიკროპლასტმასზე
კვლევის მონაწილეები Next Fertility Murcia-ს პაციენტები და დონორები იყვნენ. ქალები გადიოდნენ კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურას (ფოლიკულური ასპირაცია) ასისტენციური რეპროდუქციისთვის, ხოლო მამაკაცები — სპერმის ანალიზს. ავტორებმა ნიმუშები შეინახეს და გაყინეს მინის კონტეინერებში, შემდეგ კი ორი დღის განმავლობაში ინკუბაციაში ამყოფეს, სანამ მათ მიკროსკოპისა და ინფრაწითელი ლაზერის კომბინირებული გამოსახულების ტექნიკით გააანალიზებდნენ.
კვლევითმა ჯგუფმა ასევე გააანალიზა ნიმუშების შესაგროვებლად და შესანახად გამოყენებული კონტეინერები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი მიკროპლასტმასით არ იყო დაბინძურებული. აბსტრაქტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა მასალისგან იყო დამზადებული შესაგროვებელი კონტეინერები.
გამოსახულებამ რეპროდუქციულ სითხეებში ცხრა ტიპის მიკროპლასტმასა გამოავლინა. ფოლიკულური სითხის ნიმუშების 50%-ზე მეტი შეიცავდა პოლიამიდს (PA), პოლიურეთანს (PU) და პოლიეთილენს (PE), ხოლო პოლიტეტრაფტორეთილენი (PTFE) და პოლიეთილენ ტერეფტალატი (PET) ფოლიკულური სითხის ნიმუშების 30%-ზე მეტში აღმოჩნდა. პოლიპროპილენი (PP), პოლივინილქლორიდი (PVC) და პოლილაქტური მჟავა (PLA) ფოლიკულური სითხის ნიმუშების 20%-ზე მეტში გამოჩნდა.
სპერმის ნიმუშების 56% შეიცავდა PTFE-ს.
სინთეზური პოლიამიდი საყოველთაოდ ცნობილია როგორც ნეილონი და ხშირად გამოიყენება ტექსტილში, პლასტმასებსა და ავტონაწილებში. პოლიურეთანი ფართოდ გამოიყენება საფარებში, ქაფებში და წებოებში ავეჯის, მშენებლობის, ავტონაწილების, ფეხსაცმლისა და სხვათა წარმოებაში. პოლიეთილენი და პოლიპროპილენი ხშირად გვხვდება შეფუთვაში, სამშენებლო დანიშნულების პროდუქტებსა და სამომხმარებლო საქონელში, როგორიცაა სათამაშოები და სამზარეულოს ნივთები.
პლასტმასი PTFE ფართოდ გამოიყენება უკრავი ზედაპირის მქონე ჭურჭელში (იგივე ტეფლონი), ხოლო PET გვხვდება ბევრ საკვებისა და სასმელის კონტეინერში. პოლივინილქლორიდი ხშირად გამოიყენება სამშენებლო, შესაფუთ და სამედიცინო ინდუსტრიებში, ხოლო PLA ძირითადად გვხვდება საკვების შეფუთვაში, სამედიცინო იმპლანტებსა და 3D-ნაბეჭდ ობიექტებში.
ნიმუშების უმეტესობაში მკვლევრებმა მხოლოდ ერთი ან ორი ნაწილაკი იპოვეს, მაგრამ ზოგიერთში ხუთამდეც აღმოაჩინეს, თქვა გომეს-სანჩესმა. მიკროპლასტმასის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო ფოლიკულურ სითხეში, ვიდრე სპერმაში. თუმცა, მიკროპლასტმასას საერთო კონცენტრაცია ორივე სითხეში შედარებით დაბალი იყო არაპლასტმასას ნაწილაკების კონცენტრაციასთან შედარებით. აბსტრაქტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იყო ეს არაპლასტმასას ნაწილაკები.
მნიშვნელოვანი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის რეპროდუქციულ სითხეებში მიკროპლასტმასას აღმოჩენა შემაშფოთებლად ჟღერს, კვლევის ავტორები და სხვა ექსპერტები საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს კვლევა წინასწარია და ბევრ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს.
უნდა ნერვიულობდნენ თუ არა წყვილები, რომლებიც შვილის გაჩენას გეგმავენ?
მეცნიერების თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, ახდენს თუ არა მიკროპლასტმასის არსებობა პირდაპირ გავლენას დაორსულების უნარზე ან ნაყოფის ჯანმრთელ განვითარებაზე. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, “რეპროდუქცია რთული განტოლებაა და მიკროპლასტმასი ამ განტოლებაში მხოლოდ ერთი, ჯერჯერობით შეუსწავლელი ცვლადია“.
ანალოგიურად, ამ აღმოჩენის დაკავშირება ზოგად ჯანმრთელობის პრობლემებთან ჯერ შეუძლებელია. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებზე მიკროპლასტმასას გავლენის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები თითქმის არ გვაქვს. ცოდნის დიდი ნაწილი ეფუძნება ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს, სადაც მათ ხელოვნურად, ძალიან მაღალი კონცენტრაციით აძლევდნენ პლასტმასის ნაწილაკებს.
მთავარი პასუხგაუცემელი კითხვები
ეს კვლევა ადასტურებს წინა აღმოჩენებს და კიდევ ერთხელ სვამს მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს:
- როგორ ხდება ზუსტად მიკროპლასტმასის შეწოვა ნაწლავებიდან?
- რა მექანიზმით გადაადგილდება ის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და აღწევს ისეთ დაცულ ორგანოებამდე, როგორიცაა სასქესო ჯირკვლები?
რატომ აღმოჩნდა მეტი პლასტმასა ქალის სითხეში?
კვლევამ აჩვენა, რომ მიკროპლასტმასას კონცენტრაცია ფოლიკულურ სითხეში (ქალის) უფრო მაღალი იყო, ვიდრე სპერმაში (მამაკაცის). მკვლევრები ამას ორი შესაძლო მიზეზით ხსნიან:
- შემთხვევითობა: კვლევაში მცირე რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა, ამიტომ შესაძლოა, ეს სხვაობა სტატისტიკური ცდომილება იყოს და არა რეალური კანონზომიერება.
- გაზრდილი სისხლის მიმოქცევა: ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადებისას, ქალის საკვერცხეების სტიმულირება ხდება, რაც მკვეთრად ზრდის სისხლის ნაკადს ამ ორგანოში. მკვლევრების ვარაუდით, სწორედ გაზრდილმა სისხლის ნაკადმა შეიძლება მიიტანოს საკვერცხეებამდე უფრო მეტი მიკროპლასტმასის ნაწილაკი.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და აღმოჩენის რეალური მასშტაბის დასადგენად დამატებითი, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.
როგორ შევამციროთ მიკროპლასტმასასთან კონტაქტი: პირადი და გლობალური გადაწყვეტილებები
მიუხედავად იმისა, რომ მიკროპლასტმასას გავლენა ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ კვლევის საგანია, ექსპერტები თანხმდებიან, რომ პლასტმასაზე დამოკიდებულების შემცირება გონივრული და სასარგებლო ნაბიჯია. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება რთულია. პრობლემის გადაჭრა ორ დონეზეა შესაძლებელი: ინდივიდუალურ და სისტემურ დონეზე.
რისი გაკეთება შეგვიძლია პირადად ჩვენ?
ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების შეტანით შესაძლებელია მიკროპლასტმასასთან კონტაქტის მნიშვნელოვნად შემცირება.
1. ცვლილებები სამზარეულოში:
- თავი არიდეთ პლასტმასის ჭურჭელს ცხელ საკვებთან: არასდროს გააცხელოთ საკვები მიკროტალღურ ღუმელში პლასტმასის კონტეინერით და მოერიდეთ ცხელი სითხეების (ყავა, ჩაი, სუპი) პლასტმასის ჭიქებსა თუ ჯამებში მოთავსებას. მაღალი ტემპერატურა ნაწილაკების გამოყოფას აჩქარებს.
- შეცვალეთ პლასტმასის საჭრელი დაფა: დაკაწრული პლასტმასის დაფა საკვებში პირდაპირ გამოყოფს მიკრონაწილაკებს. გამოიყენეთ ხის ან ბამბუკის დაფები.
- შეინახეთ საკვები სწორად: პლასტმასის კონტეინერების ნაცვლად, საკვების შესანახად გამოიყენეთ მინის, უჟანგავი ფოლადის ან ბამბუკის ჭურჭელი.
- დალიეთ გაფილტრული ონკანის წყალი: კვლევები აჩვენებს, რომ ბოთლის წყალი ხშირად გაცილებით მეტ მიკროპლასტმასას შეიცავს, ვიდრე ონკანის წყალი. გამოიყენეთ მრავალჯერადი მოხმარების მინის ან ლითონის ბოთლი.
2. კვების რაციონი:
- შეამცირეთ ულტრა-დამუშავებული საკვები: ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, რთულ, მრავალშრიან პლასტმასის შეფუთვებშია, რაც დაბინძურების რისკს ზრდის.
- აირჩიეთ ახალი პროდუქტი: უპირატესობა მიანიჭეთ ასაწონ, შეუფუთავ ხილსა და ბოსტნეულს, ნაცვლად პლასტმასის კონტეინერებში დაფასოებული პროდუქტებისა.
3. პირადი ჰიგიენა და საყოფაცხოვრებო ნივთები:
- დააკვირდით კოსმეტიკის შემადგენლობას: მოერიდეთ ისეთ კბილის პასტებს, სკრაბებსა და კრემებს, რომლებიც შეიცავს მიკროგრანულებს (შემადგენლობაში აღინიშნება, როგორც Polyethylene, Polypropylene).
- ატარეთ ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი: სინთეზური ქსოვილები (პოლიესტერი, ნეილონი, აკრილი) რეცხვისას გამოყოფს უამრავ მიკრო-ბოჭკოს, რომელიც წყალში ხვდება.
რატომ არ არის პირადი არჩევანი საკმარისი?
ბევრი მკვლევარი თანხმდება, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე შეუძლებელია და სისტემური ცვლილებებია აუცილებელი.
პრობლემის მასშტაბი: ექსპერტების შეფასებით, ბოლო 75 წლის განმავლობაში პლასტმასას წლიური წარმოება წონით 250-ჯერ გაიზარდა და თუ ტენდენცია არ შეიცვალა, 2060 წლისთვის წარმოება კიდევ გასამმაგდება. ასეთ პირობებში, ინდივიდუალური ძალისხმევა ოკეანეში წვეთია.
გამოსავალი – გლობალური პოლიტიკა: მეცნიერები და გარემოსდამცველები მთავარ გამოსავლად გლობალური პლასტმასის ხელშეკრულების მიღებას მიიჩნევენ, რომელზეც ამჟამად გაეროში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ასეთი ხელშეკრულების მიზანია პლასტმასას წარმოებაზე გლობალური ლიმიტის დაწესება და ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტების შექმნა.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, იმედი, რომ მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი შეცვლის ვითარებას, წაგებული სტრატეგიაა. აუცილებელია, მსოფლიოს მთავრობებმა დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პლასტმასასთან დაკავშირებული პოლიტიკა რადიკალურად შეცვალონ.




