2023 წლის 17 იანვრიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე, ესპანელი მარია ბრანიას მორერა ოფიციალურად მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იყო. ის 117 წლისა და 168 დღის ასაკში გარდაიცვალა. მისი გასაოცარი დღეგრძელობის საიდუმლოს ამოსახსნელად, მეცნიერთა ჯგუფმა სიღრმისეულად შეისწავლა მისი გენეტიკა, მიკრობიომი და ცხოვრების წესი.
როდესაც მორერა 116 წლის იყო, მკვლევრებმა მისი სისხლის, ნერწყვისა და განავლის ნიმუშები აიღეს. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. “მას ჰქონდა განსაკუთრებული გენომი, გამდიდრებული იმ გენების ვარიანტებით, რომლებიც სხვა სახეობებში, მაგალითად, ძაღლებში, ჭიებსა და ბუზებში, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება”, – ამბობს კვლევის ჯგუფის წევრი, მანელ ესტელერი.
რა გამოავლინა კვლევამ?
- გენეტიკა: მორერას გენომში თითქმის არ იყო ისეთი გენური ვარიანტები, რომლებიც კიბოს, ალცჰაიმერისა და მეტაბოლური დაავადებების რისკს ზრდის. ამის საპირისპიროდ, მას ჰქონდა მრავალი გენური ვარიანტი, რომელიც სისხლში ლიპიდების დაბალ დონეს უზრუნველყოფს, რაც გულსა და კოგნიტურ ფუნქციებს იცავს.
- მეტაბოლიზმი: სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ლიპიდური ცვლა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. ქოლესტერინის დონე უკიდურესად დაბალი ჰქონდა.
- ცხოვრების წესი: მორერა არასდროს ეწეოდა და არ სვამდა ალკოჰოლს. ის იცავდა ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილითა და ზეითუნის ზეთით. გარდა ამისა, ის ყოველდღე მიირთმევდა სამ ულუფა უშაქრო, ნატურალურ იოგურტს.
- მიკრობიომი: ერთ-ერთი ყველაზე “განმაცვიფრებელი” აღმოჩენა მისი ნაწლავის მიკრობიომი იყო, რომელიც ბევრად ახალგაზრდა ადამიანისას ჰგავდა. მას ჰქონდა Actinobacteriota ბაქტერიების, მათ შორის პრობიოტიკ Bifidobacterium-ის, უჩვეულოდ მაღალი დონე. ეს ბაქტერია ასაკთან ერთად მცირდება, მაგრამ მაღალია 100 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოგურტის ყოველდღიური მიღება ამ სასარგებლო ბაქტერიების მარაგს მუდმივად ავსებდა.
- ბიოლოგიური ასაკი: მეცნიერებმა მისი ეპიგენეტიკური საათიც შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი ქრონოლოგიურს 23 წლით ჩამორჩებოდა.
არის თუ არა ეს მხოლოდ იღბალი?
მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, ზოგიერთი ექსპერტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. ბრაიტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რიჩარდ ფარაგერი, აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის შემთხვევის ანალიზია. მისი თქმით, ხანდაზმულობა შეიძლება აიხსნას ორი ფაქტორით: “პირველი, რომ მათში არის რაღაც განსაკუთრებული, მაგალითად, გენეტიკურად, და მეორე – გადარჩენის მიკერძოება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მათ უბრალოდ გაუმართლათ”.
თუმცა, მანელ ესტელერი ამტკიცებს, რომ მორერას შემთხვევა გვიჩვენებს, რომ დღეგრძელობა კარგი გენების, სასარგებლო მიკრობიომის, შენელებული ბიოლოგიური ასაკის, ეფექტიანი იმუნური სისტემისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კომბინაციის შედეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:




