საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრებმა, თინათინ კვაჭაძემ და მარეხი კაკალაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან გამართეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე — „გრიპის პანდემიური წარსული და სეზონური გრიპი: პრევენცია და საფრთხეები გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის კონტექსტში“.
გრიპის სეზონის კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრიპის მახასიათებლებს, ვირუსის გადაცემის გზებს და გრიპის პრევენციის პერსონალურ და სახელმწიფო სერვისებით გათვალისწინებულ საშუალებებს.
შეხვედრის დამატებითი მიზანი იყო ინტერაქტიულ რეჟიმში ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირება ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციული მედიცინის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სამედიცინო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები მიეღოთ გრიპის პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.




