ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის შეტევას, ინსულტს ან სხვა კარდიოვასკულურ დაავადებას თითქმის ყოველთვის წინ უძღვის გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ნიშნები კი კარგად ცნობილი, კონტროლირებადი რისკ-ფაქტორებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულის დაავადება უმეტესწილად პრევენცირებადია.
კვლევა, რომელიც ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ჟურნალში (JACC) გამოქვეყნდა, აანალიზებს 600 000-ზე მეტ შემთხვევას სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ შემთხვევების რამდენ პროცენტს უძღოდა წინ ტრადიციული რისკ-ფაქტორები: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში შაქრის მაღალი დონე, მაღალი ქოლესტერინი და მოწევა.
კვლევის მთავარი აღმოჩენა
შედეგები ცალსახა იყო: გულ-სისხლძარღვთა დაავადების, გულის უკმარისობისა თუ ინსულტის შემთხვევების 99%-ზე მეტში, პაციენტს ინციდენტამდე სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი მაინც აღენიშნებოდა. “ამ ოთხი ფაქტორის ‘მსუბუქ’ მატებასაც კი ყურადღება უნდა მიექცეს ცხოვრების წესის შეცვლით ან მედიკამენტებით”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, დოქტორი ფილიპ გრინლენდი.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ სქართველოში? ნახეთ “ჯანსაღი დიალოგის” ამ ეპიზოდში:
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
ეს კვლევა უარყოფს იმ მზარდ მოსაზრებას, რომ გულის დაავადებების ბევრი შემთხვევა თითქოს “არსაიდან” ჩნდება, ტრადიციული რისკ-ფაქტორების გარეშე. კვლევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებმა არა მხოლოდ ოფიციალურ დიაგნოზებს (მაგ. დიაბეტი, ჰიპერტენზია) დააკვირდნენ, არამედ პაციენტების რეალურ სამედიცინო მონაცემებს. აღმოჩნდა, რომ ბევრ პაციენტს, რომელსაც ოფიციალური დიაგნოზი არ ჰქონდა, მაინც აღენიშნებოდა წნევის, შაქრისა თუ ქოლესტერინის საყურადღებო მატება.
ეს ნიშნავს, რომ გულის დაავადებების პრევენციის საუკეთესო გზა კვლავ ამ ტრადიციული, მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების აქტიური მართვაა.
კვლევის მიგნებები პირდაპირ ეხმიანება საქართველოს, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. როგორც გადაცემაში “ჯანსაღი დიალოგი” პროფესორი ლელა სტურუა აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორის, მაღალი არტერიული წნევის, კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში განსაკუთრებით საგანგაშოა:
„რომ შეადაროთ მომატებული არტერიული წნევის გავრცელება საქართველოში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სამჯერ და ოთხჯერ მეტი გვაქვს.“
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ამ შემაშფოთებელ სტატისტიკას განაპირობებს, მარილის ჭარბი მოხმარებაა. პროფესორ სტურუას თქმით, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმას სამჯერ ვაჭარბებთ.
„მარილი არის, კი ნამდვილად არის, ერთ-ერთი პირველი მკვლელი ადამიანების დღეს,“ — აცხადებს ის.
პრევენციის ახალი ხედვა: არა დაბერებასთან ბრძოლა, არამედ დღეგრძელობის გაუმჯობესება
მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის მეთოდები ცნობილია, მათი ცხოვრებაში დანერგვა კვლავ რთულ გამოწვევად რჩება. ექსპერტების აზრით, პრობლემა ისაა, რომ რთულია ადამიანების მოტივირება, ებრძოლონ მომავლის აბსტრაქტულ რისკებს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კარდიოლოგი, დოქტორი აჰმედ თავაქოლი, გვთავაზობს პრევენციისადმი მიდგომის შეცვლას. მისი თქმით, ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც “დაბერებასთან ბრძოლა”, არამედ როგორც “დღეგრძელობის გაუმჯობესება”. წნევის, შაქრისა და ქოლესტერინის მართვა ნიშნავს, რომ თქვენ იხანგრძლივებთ ჯანმრთელ, აქტიურ ცხოვრებას და საკუთარ თავს მეტ დროს აძლევთ იმისთვის, რომ თავი ახალგაზრდად იგრძნოთ და აკეთოთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ექსპერტები ასევე ხაზს უსვამენ სხვა რისკ-ფაქტორების მნიშვნელობასაც, როგორიცაა კარგი ძილი, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, წონის კონტროლი და სტრესის მართვა. “სტრესი და დეპრესია ისეთივე მძლავრი რისკ-ფაქტორებია, როგორიც მოწევა და დიაბეტი”, – ამბობს თავაქოლი.




