“ევროპა ყოველთვის მეცნიერებას აირჩევს”, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2025 წლის მაისში თავის მნიშვნელოვან გამოსვლაში.
ამ სიტყვით დაიწყო ევროკავშირის მასშტაბის კამპანია იმ მეცნიერების მოსაზიდად, რომლებიც აშშ-ის არასტაბილურ სამეცნიერო გარემოს გაურბიან. ევროკომისიის (ბრიუსელში მოქმედი ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს) პრეზიდენტს პირდაპირ არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მაგრამ ეს არც იყო საჭირო. ტრამპის ადმინისტრაციამ წინა თვეებში გაყინა გრანტები, გამოიყვანა ამერიკა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებიდან და დაიწყო ფედერალური კვლევითი პერსონალის სამსახურიდან გაშვება. ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეავსებენ იმ ცარიელ ადგილს, რომელიც ამერიკაში შექმნილმა ქაოსმა დატოვა და რეგიონს კვლევების ალტერნატიულ სუპერსახელმწიფოდ აქცევენ.
ევროკავშირმა თითქმის 900 მილიონი ევრო (1 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყო თავისი ინიციატივისთვის “აირჩიე ევროპა”, რომლის მიზანია რეგიონი მიმზიდველი გახადოს მკვლევრებისთვის მთელი მსოფლიოდან. ამასთან ერთად, ევროპის ცალკეულმა ქვეყნებმა კიდევ 100-მდე დამხმარე პროგრამა აამუშავეს. ევროპამ უნდა გამოიყენოს მომენტი, რათა ლიდერი გახდეს თავისუფალ და ღია მეცნიერებაში ინოვაციებზე ხელახლა ფოკუსირება ნიშნავს, რომ ევროკავშირის მთავარმა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამამ, Horizon Europe-მა, შესაძლოა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსება მის ისტორიაში მომავალი შვიდწლიანი ციკლისთვის (2028 წლიდან 2034 წლამდე), რის შედეგადაც ფონდის ბიუჯეტი 175 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. პროგრამის მასშტაბებიც იზრდება. მსოფლიოს მრავალი სხვა სამეცნიერო ძალა, მათ შორის იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია, უკვე უერთდება მის ნაწილებს ან განიხილავს ამ ნაბიჯს, რაც ქმნის ევროპაზე დაფუძნებული გლობალური კვლევითი ქსელის ჩამოყალიბების პერსპექტივას.
მაგრამ მთლიანობაში, კვლევებისა და განვითარების დაფინანსება ევროპაში კვლავ ჩამორჩება ჩინეთისა და აშშ-ის მაჩვენებლებს. რეგიონს უჭირს თავისი აკადემიური მიღწევების ინოვაციებად და ეკონომიკურ სარგებლად ქცევა. გასულ ათწლეულზე გავლენა მოახდინა ორმა დიდმა შოკმა: გაერთიანებული სამეფოს 2016 წლის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის დატოვების შესახებ და რუსეთის 2022 წლის თავდასხმამ უკრაინაზე. ამ მიმდინარე ომმა, აშშ-ის მხრიდან შესუსტებულ თავდაცვით მხარდაჭერასთან ერთად, სამხედრო კვლევების დაფინანსების გაზრდა გამოიწვია. ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია და ევროპის მცდელობები, დაიკავოს წამყვანი პოზიცია გლობალურ მეცნიერებაში, ჯერჯერობით “უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე რეალურად შესამჩნევი წინსვლა”, ამბობს ჰელგა ნოვოტნი, სოციალური მეცნიერი ციურიხიდან (შვეიცარია), რომელიც ადრე ევროპული კვლევების საბჭოს ხელმძღვანელობდა. ეს საბჭო Horizon Europe-ის ნაწილია და ფოკუსირებულია უშუალოდ მკვლევრების მიერ ინიცირებულ მეცნიერებაზე.
ამერიკის უკან დახევა ევროპისთვის შანსია, ამბობს ანა რუბარტელი, უჯრედის ბიოლოგი გენუას (იტალია) სან მარტინოს ჰოსპიტლის სამეცნიერო ინსტიტუტიდან.
“რეალობა ისაა, რომ ჩვენ მძინარე მზეთუნახავს ვგავართ და შესაძლოა გაღვიძების დროა.”
მდგომარეობა კავშირში ზოგიერთი საზომით, საქმე გვაქვს როგორც გაღვიძებასთან, ისე ჩამორჩენის დაძლევასთან. აშშ-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემქმნელები აცხადებენ, რომ ქვეყანა ჩინეთთან “ორმხრივ რბოლაშია”. თითოეული ეს ქვეყანა წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს სახელმწიფო და კერძო კვლევების დაფინანსებაზე, მაშინ როდესაც ევროპა მხოლოდ 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აკეთებს.
კვლევის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით მსგავს სურათს აჩვენებს: მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა არ ჩამოუვარდება აშშ-ს ეკონომიკის იმ წილით, რომელიც კვლევებს ხმარდება, მთლიანობაში ევროპა ჩამორჩება როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთს, თუმცა ევროპა სხვა გზებით უწევს კონკურენციას ორ კვლევით გიგანტს. აქ მდებარეობს მსოფლიო დონის სამეცნიერო ორგანიზაციები, მაგალითად, ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია ჰაიდელბერგში (გერმანია) და CERN, ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორია ჟენევასთან ახლოს (შვეიცარია).
ევროპა, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის გარეშე 42 ქვეყანას მოიცავს, ყოველწლიურად უფრო მეტ სამეცნიერო სტატიას აქვეყნებს, ვიდრე აშშ. იგივე ითქმის ევროკავშირზეც თავისი 27 წევრი ქვეყნით, თუმცა ორივეს უსწრებს ჩინეთი. ეს შეესაბამება მოსახლეობის ტენდენციებს: ევროპაში თითქმის 600 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 450 მილიონი ევროკავშირში. ეს მეტია აშშ-ის 350 მილიონზე, მაგრამ ნაკლებია ჩინეთის 1.4 მილიარდზე. ევროპა გვერდით უდგას აშშ-სა და ჩინეთს თავისი კვლევების გავლენისა და მნიშვნელობის მიხედვით. ევროპელ მეცნიერებს უფრო მეტი ნაშრომი აქვთ გამოქვეყნებული Nature Index-ში (გავლენიანი ჟურნალების კრებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში), ვიდრე მათ ამერიკელ კოლეგებს, თუმცა ნაკლები, ვიდრე ჩინელ მკვლევრებს.
ევროკავშირის მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომები საშუალოდ უფრო მეტ ციტირებას (აკადემიური გავლენის საზომი) აგროვებს, ვიდრე ჩინეთში მომუშავე ავტორების ნაშრომები, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე აშშ-ის მეცნიერების სტატიები, ნათქვამია ამსტერდამში ბაზირებული საგამომცემლო და ანალიტიკური კომპანია Elsevier-ის ანგარიშში (იხილეთ go.nature.com/4ax4y2e).
რეგიონს აშკარად გლობალური სამეცნიერო ხედვა აქვს. საერთო პროდუქტიულობის პროცენტული მაჩვენებლით, ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერები უფრო ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო თანამშრომლობაში, ვიდრე ჩინელი ან ამერიკელი მკვლევრები. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტების ნაწილი ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან თანამშრომლობაა, გაერთიანება აშშ-ის დონეზეა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ევროკავშირის შიდა ნაშრომებს.
Scopus-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ევროკავშირი უსწრებს აშშ-სა და ჩინეთს იმ ნაშრომების წილით, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ავტორებთან ერთად იწერება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ჩართულობა აფრიკაში იზრდება, მაგალითად, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გაეროს მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთად უფრო მეტ აქტივს ფლობენ ამ კონტინენტზე, ვიდრე აშშ ან ჩინეთი.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ერთობლივად ასევე წარმოადგენენ განვითარებადი ქვეყნების დაფინანსების ყველაზე დიდ წყაროს მსოფლიოში. ევროპულ ინსტიტუტებს “აქვთ ინფრასტრუქტურა, თანამშრომლობის კულტურა და ეს არის ევროკავშირის ნამდვილი ძალა”, ამბობს პაოლა ბარი, Elsevier-ის ქსელების ანალიტიკოსი და ანგარიშის თანაავტორი.
ევროპის კვლევები სულ უფრო მეტად უკავშირდება როგორც ჩინეთს, ისე აშშ-ს, იმ ფონზეც კი, როდესაც ეს ორი სუპერსახელმწიფო ერთმანეთთან სულ უფრო ნაკლებად თანამშრომლობს. 2015 წელს ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომების თითქმის 45% ამერიკელ მკვლევრებთან ერთად შესრულდა. თუმცა, პაოლა ბარის მიერ დამუშავებული მონაცემებით, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 24%-მდე შემცირდა, რაც თითქმის გაუტოლდა ჩინეთისა და ევროპის თანამშრომლობის დონეს. ბარი ამბობს, რომ 2000 წელს “წარმოუდგენელი იყო”, რომ ევროკავშირი აშშ-ს გაუტოლდებოდა ჩინეთისთვის პარტნიორობაში.
მაგრამ მიუხედავად ევროპის მიღწევებისა და კავშირებისა, მას უჭირს თავისი კვლევებიდან ეკონომიკური ზრდის მიღება. ერთ-ერთი მთავარი სუსტი წერტილი ის არის, რომ ბიზნესში ძალიან ცოტა კვლევა ტარდება. მაშინ როცა ჩინეთსა და აშშ-ში ინდუსტრიაზე მოდის ყველა კვლევის დაახლოებით 77%, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 66%-ია.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროკავშირში მცირდება ვენჩურული კაპიტალის ხარჯვა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე. Elsevier-ის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ავტორების ნაშრომების მხოლოდ 3.6% არის ციტირებული პატენტებში, მაშინ როცა ჩინეთში ეს მაჩვენებელი 5.8%-ია, ხოლო აშშ-ში 5.0%.
ევროპული კონკურენტუნარიანობის შესახებ 2024 წლის რეზონანსულ ანგარიშში ეკონომისტმა და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა ევროპული ტექნოლოგიური გიგანტის (როგორიცაა Apple ან Google) არარსებობა (იხილეთ go.nature.com/4eccd2a). “ევროპამ ძირეულად უნდა შეცვალოს თავისი ერთობლივი ძალისხმევა, რათა შეამციროს ინოვაციური ჩამორჩენა აშშ-სა და ჩინეთთან”, წერდა ის.
ასე რომ, რა ცვლილებები ელის ევროპულ მეცნიერებას? ევროკომისიის წინადადება მომავალ ციკლში Horizon Europe-ის დაფინანსების 175 მილიარდ ევრომდე გაზრდის შესახებ, ინფლაციის გათვალისწინებით, თითქმის 50%-იან ზრდას ნიშნავს, თუმცა ზოგს ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდა სურს. ევროპარლამენტს და გავლენიან ექსპერტთა ჯგუფს, რომელსაც პორტუგალიის ყოფილი მეცნიერების მინისტრი მანუელ ჰეიტორი ხელმძღვანელობს, სურთ თანხის მინიმუმ 200 მილიარდ ევრომდე გაზრდა. თუმცა წინ შესაძლოა დავა იყოს, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ევროპარლამენტთან ერთად წყვეტენ ბიუჯეტს, “არხეინად არ არიან განწყობილნი ჯიბეების დასაცლელად ევროპის სასარგებლოდ”, ამბობს ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი მარია ლეპტინი. ისიც მხარს უჭერს მინიმუმ 200 მილიარდი ევროს მოთხოვნას.
ევროპულმა საბჭომ, რომელიც წევრ ქვეყნებს წარმოადგენს, ამ თვის დასაწყისში მოლაპარაკებები 168 მილიარდი ევროს შეთავაზებით დაიწყო, რაც კომისიის ციფრთან შედარებით 4%-იანი შემცირებაა. საბჭო და პარლამენტი მოლაპარაკებების წლის ბოლომდე დასრულებას გეგმავენ. ბრექსიტმა დააშორა ევროპული მეცნიერება, ახლა კი ეს ბზარები მთელდება. ამასთან, ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობა, რომლებიც რეგიონის კვლევების უდიდეს ნაწილს აფინანსებენ, ზრდის სამეცნიერო ხარჯებს გარკვეულ სფეროებში.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ინოვაციები აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებენ, მაგალითად, კვანტურ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ერთად აღებული, ეს ინვესტიციები აშშ-ის სამთავრობო დაფინანსების მსგავსი მასშტაბისაა, თუმცა ჩამორჩება ჩინეთის სახელმწიფო ხარჯებს კვანტურ სფეროში.
ასევე არსებობს მცდელობები, რომ Horizon-ის ხარჯები შეესაბამებოდეს ცალკეული წევრი ქვეყნების ხარჯებს, რათა ფული ეფექტურად იქნას გამოყენებული. Horizon Europe ფართოვდება და მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილან მისი წევრები. ასოცირებული ქვეყნები, რომლებიც იხდიან პროგრამაში მონაწილეობის საფასურს გრანტების მისაღებად, ჩვეულებრივ ევროკავშირის გეოგრაფიული მეზობლები იყვნენ, როგორებიცაა შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო (ეს უკანასკნელი ასოცირებული წევრი გახდა 2020 წელს ევროკავშირის დატოვებიდან ოთხი წლის შემდეგ). თუმცა 2023 წელს ახალი ზელანდია შეუერთდა, რასაც მოჰყვა კანადა 2024 წელს, სამხრეთ კორეა და იაპონია 2025 წელს, ხოლო ავსტრალია მიმდინარე წელს. თუმცა ხუთივეს მხოლოდ ნაწილობრივი წვდომა აქვს: მათ არ შეუძლიათ საბაზისო მეცნიერების ფონდების მიღება, მაგრამ შეუძლიათ გრანტების აღება Horizon Europe-ის იმ პროგრამიდან, რომელიც სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული. ინდოეთმაც დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირებაზე. ევროკავშირის გარეშე მყოფი იმ ქვეყნების საერთო მშპ, რომლებიც შეუერთდნენ ან ინტერესი გამოხატეს Horizon Europe-ის მიმართ, ახლა უფრო დიდია, ვიდრე თავად 27 წევრი ქვეყნის მშპ, ამბობს ანდრეა რენდა, ბრიუსელში ბაზირებული ანალიტიკური ცენტრის კვლევითი დირექტორი. “მსოფლიოს ნახევარი უერთდება Horizon Europe-ს”, ამბობს ის. ეს გაფართოება არა მხოლოდ მეცნიერებას არგებს სხვადასხვა ადგილის გამოცდილების გაერთიანებით, არამედ არის უდიდესი შესაძლებლობა თანამომაზრე “საშუალო სახელმწიფოების” კოალიციის შესაქმნელად, რაც აშშ-სა და ჩინეთის საპირწონე გახდება კვლევებში. ბევრი ქვეყანა ტრამპის არჩევამდეც გეგმავდა შემოერთებას, მაგრამ მისი ადმინისტრაციის ქმედებებმა ეს პროცესი დააჩქარა, ამბობს რენდა. “შესაძლებლობის ფანჯარა ახლაა გახსნილი.” ევროპა უარს ამბობს ამერიკულ ტექნოლოგიებზე, რას ნიშნავს ეს მკვლევრებისთვის? ამ ქმედებებმა ევროკავშირს ასევე უბიძგა “აირჩიე ევროპას” ინიციატივისკენ.
ნიჭიერი მკვლევრების გადმოსვლის ხარჯების დაფარვასთან ერთად, ამ ინიციატივის ფარგლებში ევროპული კვლევების საბჭო წელიწადში 30 “სუპერგრანტს” გასცემს მსოფლიო დონის მეცნიერების ევროპაში გადმოსაბირებლად. გრანტები გათვლილია შვიდ წლამდე ვადით, რაც უფრო გრძელია, ვიდრე საბჭოს სხვა გრანტები და უტოლდება აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ბიოსამედიცინო კვლევების უმსხვილესი დამფინანსებელი მსოფლიოში) ყველაზე გრძელვადიან გრანტებს.
ვინაიდან პოლიტიკური ჩარევა კვლავ აზიანებს ამერიკულ მეცნიერებას, ევროპელი ლიდერები ცდილობენ ხაზი გაუსვან რეგიონის ღიაობას, მრავალფეროვნებასა და მონაცემთა გაზიარების პრინციპებს. “მეცნიერებს სჭირდებათ სტაბილურობა, გრძელვადიანი დაფინანსება და, რაც მთავარია, თავისუფლება, რათა მიჰყვნენ ფაქტებს და არა პოლიტიკას. ევროპა ამ ყველაფერს სთავაზობს მათ”, ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი მაჩეი ბერესტეცკი.
ამერიკიდან ევროპაში გადმოსვლას აქვს როგორც პლუსები, ისე მინუსები. “ევროპა ზოგადად სამუშაოსა და პირადი ცხოვრების უკეთეს ბალანსს გვთავაზობს, ვიდრე ეს აშშ-ში გამოვცადე”, ამბობს კლაუდია ლოპეს კამარა, მექანიკოს-ინჟინერი ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები), რომელსაც ასევე უმუშავია გერმანიაში, საუდის არაბეთსა და ესპანეთში. თუმცა ანდრეა რენდას თქმით, ხელფასები აშშ-ში უფრო მაღალია. ბიუროკრატიის შემცირება ისეთი პროგრამები, როგორიცაა “აირჩიე ევროპა”, შესაძლოა მკვლევრების მცირე რაოდენობას იზიდავდეს, მაგრამ მეცნიერების მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფუნდამენტური ფაქტორებია: ქვეყნის ეკონომიკა, ბიზნესკულტურა და ბიუროკრატიის დონე, ამბობს კირონ ფლანაგანი, მანჩესტერის უნივერსიტეტის სამეცნიერო პოლიტიკის მკვლევარი.
ევროპას შეუძლია მიიღოს აშშ-დან წამოსული გონებრივი რესურსი, თუ სწრაფად იმოქმედებს. ევროკავშირი გეგმავს ამ მხრივ არსებული ძველი პრობლემების მოგვარებას და გამარტივებას. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად ერთიანი ბლოკისა, თითოეულ წევრ ქვეყანას მაინც აქვს საკუთარი წესები დასაქმების, პენსიებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში. მარია ლეპტინის თქმით, ეს ართულებს მკვლევრის გადასვლას ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში, განსხვავებით, მაგალითად, ტეხასიდან კალიფორნიაში გადასვლისგან. დიდი ხანია არსებობს ამ წესების გათანაბრებისა და კვლევებისა და ინოვაციების ერთიანი უსაზღვრო ბაზრის შექმნის ამბიცია, რასაც ევროპული კვლევების სივრცეს (ERA) უწოდებენ.
მიმდინარე წელს ევროკომისია ოფიციალურად წარადგენს ევროკავშირის ERA-ს კანონს, რათა მკვლევრებს გაუადვილდეთ საზღვრებს გარეთ გადაადგილება და მუშაობა, თუმცა ეს ინიციატივა ალბათ სრულად ვერ გააქრობს ყველა ბარიერს. მხოლოდ მკვლევრებისთვის წესების გაერთიანება შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი. კომპანიებიც აწყდებიან სირთულეებს, როდესაც ცდილობენ გაფართოვდნენ ერთი ქვეყნის ბაზრის მიღმა.
“იმისთვის, რომ ევროპა საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი იყოს, მან სასწრაფოდ უნდა დაასრულოს ბაზრის გაერთიანება ფინანსებში, ციფრულ სერვისებსა და ენერგეტიკაში”, ამბობს ნოვოტნი.
დრაგის ანგარიშის მიხედვით, ამჟამინდელი განსხვავებული მიდგომები, შემზღუდველ რეგულაციებთან ერთად, განაპირობებს ევროპის სირთულეებს კვლევებიდან ეკონომიკური ზრდის მიღების პროცესში. ეს საკითხი ევროკავშირმაც გაითვალისწინა. კომისიამ შექმნა EU Inc, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ნებაყოფლობით გაათანაბროს თავისი წესები ერთიანი კორპორაციული სტანდარტების შესაბამისად, რაც გააადვილებს კომპანიების დაფუძნებასა და ზრდას. ბიუროკრატიის შემცირებით, მაგალითად, მსხვილი კომპანიებისთვის მდგრადობის ანგარიშგების პროცესის გამარტივებით, კომისია მიზნად ისახავს ფირმების ადმინისტრაციული ტვირთის შემსუბუქებას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი ევროკავშირის მიდგომაში. გერმანია გეგმავს 2030 წლისთვის ორჯერ მეტად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. საფრანგეთი თავდაცვის ბიუჯეტს 42%-ით ზრდის. ხოლო ევროკავშირი, რომელიც ნაწილობრივ მშვიდობის ხელშესაწყობად შეიქმნა და ათი წლის წინ საერთოდ არ აფინანსებდა სამხედრო პროექტებს, გეგმავს 131 მილიარდი ევროს ინვესტირებას თავდაცვაში, უსაფრთხოებასა და კოსმოსში 2028 წლიდან 2034 წლამდე, რაც ხუთჯერ აღემატება ამჟამინდელ დონეს. ამ ფულის ნაწილი კვლევებზე დაიხარჯება. თუმცა ეს სიტუაცია სირთულეებსაც აჩენს.
ორმაგი დანიშნულების კვლევები, რომლებსაც აქვთ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო გამოყენება და რომლებიც ადრე აკრძალული იყო Horizon Europe-ში, დაშვებული იქნება პროგრამის მომავალ ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ მკვლევრებს შეეძლებათ გამოიყენონ დაფინანსება ისეთი ტექნოლოგიების შესაქმნელად, როგორიცაა დრონები. ანდრეა რენდას თქმით, ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს Horizon Europe-ის მსოფლიოსთვის გახსნის ამბიციას, რადგან ევროკავშირმა შესაძლოა ვერ შეძლოს ზოგიერთ ქვეყანასთან პარტნიორობა სენსიტიური ტექნოლოგიების შესაქმნელად.
თუ ევროპა შეძლებს შეითავსოს დემოკრატიისა და მრავალფეროვნების თავშესაფრისა და სამეცნიერო სუპერსახელმწიფოს როლი, ეს სარგებელს მოუტანს მეცნიერებას ყველგან, ისეთი ღირებულებების გაძლიერებით, როგორიცაა ღია მეცნიერება და აკადემიური თავისუფლება, ამბობენ პოლიტიკოსები და მეცნიერები. ევროპამ ეს ღირებულებები “ნებისმიერ ფასად” უნდა შეინარჩუნოს, ამბობს ლიდია ბორელ-დამიანი, ბრიუსელში მოქმედი ევროპული სამეცნიერო სააგენტოების კონსორციუმის გენერალური მდივანი.
ჩინეთსაც შეუძლია შეავსოს ის ცარიელი ადგილი, რომელსაც უფრო მეტად საკუთარ თავზე ფოკუსირებული აშშ ტოვებს, მაგრამ ეს ნაკლებად სასურველია, ვიდრე ცენტრის ევროპაში გადმოტანა, მიიჩნევს ვალერია პოლი, ტურინის (იტალია) უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგი. “ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გავზარდოთ ძალისხმევა დემოკრატიულ ქვეყნებში”, ამბობს ის. ამ ხედვის განსახორციელებლად ევროპა უნდა ფოკუსირდეს პარტნიორებისთვის ორმხრივად მომგებიანი სიტუაციების შექმნაზე, განსხვავებით ჩინეთის მიდგომისგან, რომელიც სხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობს, მაგრამ ამავე დროს მკვლევრების ჩინეთში დაბრუნებას ცდილობს, ამბობს რენდა. “ევროკავშირმა უნდა დაიკავოს პოზიცია, სადაც უხელმძღვანელებს თანამომაზრე სახელმწიფოთა კოალიციას, რომელთაც სურთ პასუხისმგებლიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი კვლევები და ინოვაციები.”




