ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა და შტატის მთავარმა ქირურგმა, ჯოზეფ ლადაპომ, განაცხადეს, რომ შტატის საკანონმდებლო ორგანოს სთხოვენ, გააუქმოს კანონი, რომელიც სკოლებში შესვლამდე ბავშვების სავალდებულო აცრას მოითხოვს პოლიომიელიტის, დიფტერიის, წითელასა და ყბაყურას წინააღმდეგ. თუ ინიციატივა დაკმაყოფილდება, ფლორიდა გახდება პირველი შტატი აშშ-ში, რომელიც ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ყველა სავალდებულო ვაქცინაციას გააუქმებს.
შჯოზეფ ლადაპომ დაამატა, რომ მისი დეპარტამენტი ასევე გააუქმებს სხვა ვაქცინების (ჩუტყვავილა, B ჰეპატიტი და სხვ.) მოთხოვნებსაც.
ლადაპომ, სავალდებულო აცრები მონობას შეადარა. “ვინ ვარ მე, რომ გითხრათ, რა უნდა შეიყვანოს თქვენმა შვილმა საკუთარ სხეულში?” – განაცხადა მან. ლადაპომ დაამატა, რომ ყველა სავალდებულო აცრა “არასწორია და ზიზღითა და მონობითაა სავსე”.
ჯოზეფ ლადაპო დიდი ხანია ცნობილია ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით. წარსულში ის კოვიდ-19-ის ვაქცინების მნიშვნელობას აკნინებდა და მათ “არაფრით გამორჩეულს” უწოდებდა. ის ასევე მხარს უჭერდა კოვიდის სამკურნალო დაუდასტურებელ მეთოდებს, როგორიცაა ჰიდროქსიქლოროქინი. 2024 წელს, ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში წითელას აფეთქების დროს, ლადაპომ განაცხადა, რომ მშობლებს უნდა ჰქონოდათ უფლება, თავად გადაეწყვიტათ, გაეშვათ თუ არა სკოლაში თავიანთი აუცრელი შვილები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ფედერალურ რეკომენდაციებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პედიატრიის სფეროს პროფესიონალებმა ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმეს. “ეს ქაოსს გამოიწვევს”, – განაცხადა ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა, დოქტორმა ეილინ მარტიმ. ამერიკის პედიატრიის აკადემიის პრეზიდენტმა, დოქტორმა სიუზან კრესლიმ კი აღნიშნა: “დესანტისის განცხადება ფლორიდის სკოლებში ბავშვებს დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს”.
ფლორიდის ინიციატივა ემთხვევა ამერიკის საზოგადოებაში ანტი-სავაქცინაციო განწყობების ზრდის ზოგად ტენდენციას. CDC-ის მონაცემებით, 2024-25 სასწავლო წელს საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში აცრებისგან გათავისუფლების მოთხოვნა 3.6%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, ჯანმოს მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში გლობალურმა იმუნიზაციამ დაახლოებით 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
პოლიტიკურ ფონს ამძაფრებს ისიც, რომ ფლორიდის გუბერნატორმა ახალი კომისიის, “გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი”, შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის, მიერ შექმნილი ფედერალური კომისიის მოდელზე იქნება აგებული. საპასუხოდ, ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა საკუთარი “ჯანდაცვის ალიანსი” შექმნეს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ CDC-ის “ბრუტალურ პოლიტიზაციას” დაუპირისპირდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
მეცნიერება განგაშის რეჟიმში: ბრძოლა CDC-ის მომავლისა და ამერიკის ჯანმრთელობისთვის




