აშშ-ის სამეცნიერო ჟურნალ “Emerging Infectious Diseases“-ში გამოქვეყნებული ახალი ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით, დაფიქსირდა იშვიათი ბაქტერიული ზოონოზური ინფექციის – დერმატოფილოზის ადამიანებს შორის სექსუალური კონტაქტისას გადაცემის პირველი სავარაუდო შემთხვევები. ლიონის სამოქალაქო ჰოსპიტლების (HCL) ეპიდემიოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინფექციის გავრცელების კერა შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიონში მდებარე საუნებში განხორციელებულ სექსუალურ კავშირებს. ეს ბაქტერიული დაავადება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ტალახის ცხელება“, ადამიანებში უკიდურესად იშვიათია და აქამდე მხოლოდ ფერმერებსა თუ მხედრებში ფიქსირდებოდა, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ცხენებთან ან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან.
მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საფრანგეთსა და ესპანეთში დაავადების ორმოცამდე შემთხვევა აღირიცხა, მათგან ოცდაათამდე უშუალოდ ლიონში დაფიქსირდა. გამოქვეყნებული ნაშრომი ფოკუსირებული იყო ცხრა პაციენტზე, რომელთაგან შვიდმა დაადასტურა სექსუალური კონტაქტი ლიონის საუნებში კანის დაზიანებების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ კლასტერის წევრებს შორის პირდაპირი სოციალური კავშირი არ დადგენილა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბაქტერიის გენომიური მსგავსება და საერთო სექსუალური ექსპოზიცია ძლიერ საფუძველს იძლევა ადამიანებს შორის ამ ზოონოზური ბაქტერიის ტრანსმისიის სავარაუდოდ დასამტკიცებლად.
კლინიკური სურათის მიხედვით, პაციენტებში დაავადება ვლინდება კანზე პუსტულებისა (ჩირქოვანი ბუშტუკები) და ქერქების სახით, ძირითადად გენიტალურ არეში, ტორსზე, პირის გარშემო და ქვედა კიდურებზე. ცხოველებისგან განსხვავებით, სადაც ამ ზედაპირულმა დაზიანებებმა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს და გენერალიზებულ, ფატალურ ფორმაში გადაიზარდოს, ადამიანებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. სტანდარტულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ, რომელიც ზოგჯერ კომბინირებული იყო ადგილობრივ ანტისეპტიკურ მოავლასთან, პაციენტების კლინიკური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება გამოიწვია.
როგორ შეიძლებოდა ცხოველების დავადება ადამიანებს შოროს გავრცელებულიყო? ლასტერის პირველ პაციენტს (ე.წ. “ნულოვან პაციენტს“), მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფერმაში არ მუშაობდა, შესაძლოა ჰქონდა მცირე, თუნდაც შემთხვევითი შეხება ინფიცირებულ ცხოველთან (მაგალითად, ქალაქგარეთ სეირნობისას ცხენთან, ან შინაურ ცხოველთან, რომელსაც ბაქტერია მექანიკურად გადაჰყვა). ამ პირველმა ადამიანმა, რომლის კანზეც ბაქტერია უკვე არსებობდა, ეს პათოგენი მიიტანა საუნაში. იქ კი, მჭიდრო ფიზიკური კონტაქტისა და საერთო ნოტიო ზედაპირების წყალობით, ბაქტერიამ დაიწყო მექანიკური გადასვლა ერთი ადამიანის კანიდან მეორეზე.
ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ბაქტერიის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ კანით კანთან პირდაპირი კონტაქტით მოხდა, მნიშვნელოვნად დააჩქარა საუნებში არსებულმა მაღალმა ტენიანობამ და ტემპერატურამ. აღნიშნული გარემო ხელს უწყობს ზოოსპორების – წყალში მოძრავი ბაქტერიების გამოთავისუფლებას, რაც მათ ეპიდერმისში შეღწევასა და კანის ბარიერის დარღვევას უადვილებს. მოცემული შემთხვევა ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობას იმ სივრცეებში, სადაც მაღალი ტენიანობა და მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი თანაარსებობს.




