კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გადაჭარბებულმა გამოყენებამ შესაძლოა აშშ-ში კიბოს 100 000-ზე მეტი შემთხვევა გამოიწვიოს — მათ შორის თითქმის 10 000 ბავშვებში
ახალი, მოდელირებაზე დაფუძნებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა, 2023 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) სკანირებების რაოდენობამ შეიძლება მოსახლეობაში კიბოს შემთხვევების 5 პროცენტი გამოიწვიოს — რაც იმდენივეა, რამდენიც ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.
კომპიუტერული ტომოგრაფია გამოსახულების მისაღებად მაიონებელ გამოსხივებას იყენებს, ანუ რადიაციას, რაც კიბოს განვითარების რისკს ზრდის. თუმცა, ეს ინფორმაცია არც ახალია და არც სენსაციური. პაციენტისთვის ეს რისკი დაბალია, სარგებელი ხშირად აჭარბებს რისკებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა გადაღების საჭიროება კლინიკურად დასაბუთებულია. ამას მედიცინაში ALARA პრინციპი ეწოდება. ALARA ესაა რისკის და სარგებლის თანაფარდობა – გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალმა, როცა ირჩევს გამოკვლევის მეთოდს, რომ გამოსხივება იმდენად დაბალი იყოს, რამდენადაც ეს გონივრულად მიღწევადია.
ცხადია, ეს პრინციპი დარღვეულია იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეები თვითონ იღებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების გადაწყვეტილებას და ეს შეუძლიათ გააკეთონ. პრინციპი ირღვევა მაშინაც, როცა ექიმები, დაბალი ინფორმირებულობის გამო, კლინიკური საჭიროების არარსებობის მიუხედავად ნიშნავენ ასეთი მაღალი დონის გამოკვლევებს. მაგ. ასე ხდებოდა საქართველოში კოვიდ პანდემიის პერიოდში.
დავუბრუნდეთ იმ ქვეყნებს, სადაც ეს რისკები დაბალია.
ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის, სიეტლის Kaiser Permanente-სა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან ფრანცისკო) მკვლევართა ჯგუფმა აღნიშნა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს გამოყენებული გამოსხივების დოზები იზრდება, ისევე როგორც თავად სკანირების სიხშირე. 2009 წლიდან აშშ-ში CT სკანების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
რას ნიშნავს გამოსხივების დოზები იზრდება?
როცა ადამიანს უკეთებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სხეული იწოვს მცირე რაოდენობის გამოსხივებას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შიგნიდან დაინახონ ორგანოები ან ძვლები. ეს ენერგია, რომელიც სხეულში ხვდება, იწოდება გამოსხივების დოზად. მისი ოდენობა გაზომვადია და მისი საზომი ერთეულია მილიზივერტი (mSv). ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აპარატი ხომ ერთი და იმავე ოდენობის გამოსხივებას ასხივებს, რანაირად შეიძლება დოზა გაიზარდოს?
სინამდვილეში, გამოსხივებული თუ გამოსასხივებელი რადიაციის დონის შემცირებით ჩვენ უფრო დაბალი ხარისხის გამოსახულებას ვიღებთ. თუ მაღალი ხარისხის გამოსახულება გვინდა, მეტი უნდა გადავიხადოთ – ოღონდ რადიაციით. როცა ექიმებს მაღალი ხარისხის, მკვეთრი და დეტალური სურათები სჭირდებათ, რათა უკეთ დაინახონ პათოლოგია, რადიოგრაფერი უფრო ძლიერ გამოსხივებას იყენებს, რაც დოზას ზრდის.
მეორე მიზეზი მრავალფაზიანი სკანირებაა — ზოგჯერ პაციენტს ერთ სეანსზე რამდენიმე სკანს უკეთებენ: ერთს კონტრასტული საშუალების გარეშე და შემდეგ კონტრასტით. ასე მიღებული სურათები უფრო ინფორმაციულია, მაგრამ საერთო გამოსხივებაც უფრო მეტია.
მესამე მიზეზი რადიოლოგიურ გამოკვლევებში დასაქმებული პერსონალის დაბალი ცნობიერებაა დასხივების შემცირების თანამედროვე საშუალებების შესახებ. არსებობს დოზის შემცირების არაერთი მეთოდი, თუმცა ყველა კლინიკა არ იყენებს ამ შესაძლებლობებს.
თუმცა, კვლევაში ასევე აღნიშულია, რომ ჩატარებული გამოკვლევების სიხშირეც იმატებს, რაც, სავარაუდოდ, ზრდის არასაჭირო, არაუცილებელი სკანირებების რიცხვსაც.
მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ 2023 წელს 62 მილიონ ადამიანზე ჩატარებული 93 მილიონი გამოკვლევის (ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია) შედეგად მომავალში რამდენი კიბოს შემთხვევა შეიძლება განვითარდეს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი მოდელის საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია პროფესორ ემი ბერინგტონის მიერ (ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტი), აშშ-ის მონაცემებისა და დოზების გამოყენებით, მათ შეაფასეს, რამდენი და რა ტიპის კიბო შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზრდილებში. შედეგები არც ისე სახარბიელოა:
მოდელირების თანახმად, 2.5 მილიონ ბავშვზე ჩატარებულმა სკანირებებმა შესაძლოა 9,700 კიბოს შემთხვევა გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები რადიაციის მიმართ მგრძნობიარეები არიან, შესაბამისად კიბოს რისკი უფრო მაღალია, CT სკანირება ბევრად ხშირად ტარდება მოზრდილებში, რის გამოც ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტი კიბოს შემთხვევაა მოსალოდნელი.
რადიაციის მიმართ სხეულის ორგანოების მგრძნობელობა ასაკის მიხედვით იცვლება. მოზრდილებში კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტად უკავშირდება გულმკერდისა და მუცლის ღრუს დასხივებას, ხოლო ბავშვებში — ტვინის სკანირებებს.
კომპიუტერული ტომოგრაფია მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც გამოიყენება კიბოს გამოვლენისთვის, ძვლოვანი დაზიანებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ როცა გამოკვლევა წესების დაცვით ხორციელდება, პაციენტისთვის სარგებელი სჭარბობს რისკებს, მაგრამ როცა დასხივება კლინიკურად დაუსაბუთებულია და გამოსხივების დოზა მორგებული არაა პაციენტის ასაკსა და სამიზნე ორგანოს, უკვე პრობლემაა.
სკანირება უნდა იყოს კლინიკურად დასაბუთებული
დიდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციებით, CT სკანირების მოთხოვნები გადის რადიოლოგის შეფასებას და ხორციელდება მხოლოდ კლინიკურად დასაბუთებულ შემთხვევებში, შესაბამისი დოზებით. ამიტომ, ბრიტანეთში OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის) ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია — 100-ზე ნაკლები კომპიუტერული ტომოგრაფია 1000 ადამიანზე, მაშინ როცა აშშ-ში ეს მაჩვენებელი 250-ზე მეტია 1000 ადამიანზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ შერჩევითი სკრინინგი, მაგალითად, ფილტვის კიბოზე, ამართლებს — ამ შემთხვევაში სარგებელი სჭარბობს რისკს, მაგრამ როცა ჯანმრთელ ადამიანებზე ტარდება მთელი სხეულის სკანირება კერძო კლინიკებში, უკვე რისკი სჭარბობს სარგებელს.
პროფესორ ემი ბერინგტონმა, რომელიც ხელმძღვანელობს კლინიკური ეპიდემიოლოგიის ჯგუფს ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტში და კვლევის თანაავტორია, განაცხადა:
“CT სკანები უდიდეს როლს ასრულებს დიაგნოსტიკაში, მათ შორის კიბოს გამოვლენაში, თუმცა ის ეფუძნდება მაიონებელ გამოსხივებას, რომელიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს. ინდივიდუალურად ეს რისკი მცირეა, თუ გამოკვლევა კლინიკურად გამართლებულია. მაგრამ როცა მილიონობით გამოკვლევა ტარდება, ეს მცირე რისკები ჯამში მნიშვნელოვნად იზრდება”.
მომზადებულია https://www.icr.ac.uk/ – ის მიხედვით




