ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of the American Heart Association-ში, ცხადყოფს, რომ კაცებში “გატეხილი გულის სინდრომი” – იგივე ტაკოცუბოს კარდიომიოპათია – სიკვდილობის ორჯერ უფრო მაღალი რისკით ხასიათდება, ვიდრე ქალებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დიაგნოზს ყველაზე ხშირად ქალებს უდგენენ (შემთხვევების 83%-მდე), სიკვდილობა მამაკაცებში 11.2%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქალების 5.5%-იან მაჩვენებელს. დრომოჭმული სახელი “გატეხილი გულის სინდრომი” გენდერული სტერეოტიპებით ნასაზრდოები ტერმინია და ახალი კვლევით გამოვლენილი მიგნებები სპეციალისტებისთვის სიგნალია, რომ საჭიროა მეტი ყურადღება კაცების მიმართ, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები აქვთ.
ტაკოცუბოს სინდრომი – იგივე “გატეხილი გულის სინდრომი” – არის გულის დაავადება, რომელიც ხშირად ძლიერ ემოციურ ან ფიზიკურ ტრავმას მოჰყვება, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვას, სერიოზულ ავტოკატასტროფას ან სხვა მძიმე სტრესულ სიტუაციას. ის გულის შეტევის მსგავსი სიმპტომებით ვლინდება – ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) – თუმცა, გულის არტერიები დახშული არ არის. ტაკოცუბოს სინდრომის დროს მარცხენა პარკუჭი (გულის მთავარი მტუმბავი კამერა) სუსტდება და იღებს ტიპურ, “ბუშტუკის” ფორმას. „ტაკოცუბო“ იაპონური სიტყვაა და აღნიშნავს რვაფეხის დასაჭერ ჭურჭელს, რომლის ფორმასაც წააგავს დაავადებული გული.
კვლევა ეფუძნება 2016-2020 წლებში აშშ-ის საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებული თითქმის 200,000 პაციენტის მონაცემებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებთან შედარებით, სინდრომის მქონე კაცებს უფრო მძიმე გართულებები აქვთ, მათ შორის გულის უკმარისობა, ინსულტი და გულის გაჩერება. ერთ-ერთ ახსნად სახელდება მიზეზი, რომ კაცებს სინდრომის განვითარებისთვის უფრო ძლიერ სტრესორებთან აქვთ კავშირი, რაც იწვევს უფრო მძიმე კლინიკურ სურათს. ასევე, შეიძლება მოქმედებდეს ფსიქოსოციალური ფაქტორებიც – კაცები ნაკლებად მიმართავენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, მათი სიმპტომები კი ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან არასწორად ფასდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტაკოცუბოს სინდრომი ბოლო წლებში მეცნიერებამ უკეთ შეისწავლა, გადარჩენადობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, განსაკუთრებით კაცებში. ექსპერტები, მათ შორის ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალის ექიმი ილან ვიტშტეინი, აღნიშნავენ, რომ კაცებში დაავადება ჯერ კიდევ არასაკმარისადაა წარმოდგენილი როგორც კვლევებში, ისე კლინიკურ პრაქტიკაში, ვინაიდან უწინ სინდრომი ქალების დაავადებად ითვლებოდა. საჭიროა მეტი კვლევა, სწორი დიაგნოსტიკა და პრევენციული ზომების შემუშავება კაცებისთვის, რომლებიც სტრესის შედეგად შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
კვლევის შედეგებზე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა Healthline, SF Chronicle, People და New York Post. ყველა მათგანი ხაზს უსვამს იმ აუცილებლობას, რომ დაავადებები გენდერული სტერეოტიპების მიღმა უნდა დავინახოთ და გავითვალისწინოთ, რომ „გატეხილი გული“ არა მხოლოდ ქალების პრობლემა, არამედ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა კაცებისთვისაც.




