ბევრს შავი ჭირი შუა საუკუნეების დაავადება ჰგონია, რომელიც მხოლოდ ისტორიის წიგნებშიღა შემორჩა. სინამდვილეში, ეს დაავადება არ გამქრალა და მისი შემთხვევები დღესაც ფიქსირდება, თუმცა იშვიათად. ამის ნათელი მაგალითია აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცოტა ხნის წინ დაფიქსირებული შემთხვევა.
კალიფორნიის შემთხვევა და საფრთხის რეალობა
კალიფორნიის მცხოვრებს, რომელიც სამხრეთ ტაჰოს ტბის რაიონში კემპინგზე იმყოფებოდა, შავი ჭირი დაუდასტურდა. ეს დასავლეთ აშშ-ში დაფიქსირებული შემთხვევების სერიის უახლესი შემთხვევაა.
ელ-დორადოს ოლქის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ინფიცირებული პირი, სავარაუდოდ, დაავადებული რწყილმა დაკბინა. პაციენტი ამჟამად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სახლში გადის მკურნალობის კურსს.
“შავი ჭირი ბუნებრივად არის გავრცელებული კალიფორნიის ბევრ ნაწილში, მათ შორის ელ-დორადოს ოლქის მაღალმთიან რაიონებში”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კაილ ფლიფლეტმა. “მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ზომები საკუთარი თავისა და შინაური ცხოველების დასაცავად, განსაკუთრებით სეირნობის, ლაშქრობის ან კემპინგის დროს ისეთ ადგილებში, სადაც გარეული მღრღნელები ბინადრობენ”.
ბოლო პერიოდში აშშ-ის მასშტაბით შავი ჭირის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ თვის დასაწყისში კოლორადოში კატა შავი ჭირით დაიღუპა, გასულ თვეს კი არიზონაში დაავადებას მამაკაცი ემსხვერპლა.
რამდენად მომაკვდინებელია შავი ჭირი დღეს?
ისტორიული პანდემიებისგან განსხვავებით, დღეს შავი ჭირი ისეთივე სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. დაავადებას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis და თანამედროვე მედიცინის წყალობით მკურნალობას ექვემდებარება: დაავადება წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით, თუ დიაგნოზი დროულად დაისმება. კალიფორნიის ბოლო პაციენტი სწორედ ამის მაგალითია, თუმცა მკურნალობის გარეშე შავი ჭირი კვლავაც უკიდურესად საშიში და ხშირად სასიკვდილოა, რასაც არიზონაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევაც ადასტურებს.
დაავადების სიმპტომები ადამიანებში მოიცავს უეცარ მაღალ ტემპერატურას, შემცივნებას, თავის ტკივილს, გულისრევასა და ლიმფური კვანძების შეშუპებას.
აღსანიშნავია, რომ შავი ჭირი მხოლოდ აშშ-ის პრობლემა არ არის. ეს გლობალური, თუმცა გეოგრაფიულად მკვეთრად ლოკალიზებული დაავადებაა, რომლის ბუნებრივი კერები რამდენიმე კონტინენტზე არსებობს. დღესდღეობით, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა აფრიკაზე მოდის, განსაკუთრებით მადაგასკარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. ასევე, დაავადების ენდემური კერები ფიქსირდება აზიაში (ჩინეთი, მონღოლეთი) და სამხრეთ ამერიკაში (განსაკუთრებით პერუ). ამასთან, თანამედროვე ევროპა და ავსტრალია შავი ჭირისგან თავისუფალ ტერიტორიებად ითვლება. მათ შორისაა საქართველოც, თუმცა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ დადასტურებულია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივ ლანდშაფტებში, არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები. ეს ნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერია (Yersinia pestis) ცირკულირებს გარეულ მღრღნელებსა და მათ რწყილებში. ამ კერებზე მუდმივი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა მიმდინარეობს.
წყარო: The Independent




