ბანგლადეშში დენგეს ცხელების ინფექცია სწრაფად ვრცელდება. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კვირას, მიმდინარე წელს როგორც გარდაცვალების, ისე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ერთ დღეში ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გარდაიცვალა და 740 ახალი პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში კოღოს მიერ გადატანილი ამ დაავადებით. ჯანდაცვის სამსახურის გენერალური დირექტორატის მონაცემებით, მიმდინარე წელს დენგეს ცხელებამ სულ მცირე 179 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 42,000-ს მიაღწია.
საავადმყოფოების პალატები სულ უფრო მეტად ივსება ბავშვებით, რომელთაგან ბევრს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი და გაუწყლოება. ზოგიერთს მძიმე გართულებები უვითარდება.
“ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან სითხის სწრაფი დაკარგვისა და შოკის მიმართ, რაც მძიმე ფორმის დენგეს ცხელებას მათთვის უკიდურესად საშიშს ხდის”, – აცხადებს ექიმი ABM აბდულა და მოუწოდებს მშობლებს, არ დატოვონ უყურადღებოდ ისეთი ადრეული სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი ცხელება ან ღრძილებიდან სისხლდენა.
ენტომოლოგების თქმით, აფეთქებას ამინდის ცვლილება ამწვავებს. “მუსონების სეზონი ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება, რაც თითქმის ყველგან ქმნის დაგუბებული წყლის კერებს”, – ამბობს ზოოლოგიის პროფესორი კაბირულ ბაშარი. “ეს გახანგრძლივებული წვიმიანი სეზონი კოღოებს გამრავლებისთვის მეტ დროსა და სივრცეს აძლევს, რაც აფეთქებას აძლიერებს”.
კოღოების გამრავლების არეალს ასევე ზრდის ბანგლადეშის სწრაფი ურბანიზაცია, ნარჩენების მართვის პრობლემები და სამშენებლო ობიექტებზე დაგუბებული წყალი. ექიმები შიშობენ, რომ კრიზისი მომდევნო კვირებში კიდევ უფრო გაღრმავდება.
სიტუაციას ართულებს ჩიკუნგუნიას შემთხვევების ზრდაც. დენგესგან განსხვავებით, ჩიკუნგუნია იშვიათად იწვევს სიკვდილს, მაგრამ პაციენტებს ხშირად უტოვებს სახსრების ძლიერ ტკივილსა და ხანგრძლივ სისუსტეს.
ბანგლადეშისთვის ყველაზე მძიმე წელი 2023 იყო, როდესაც დენგეს ცხელებამ 1,705 ადამიანი იმსხვერპლა და 321,000-ზე მეტი დააინფიცირა. ექსპერტები შიშობენ, რომ უფრო ძლიერი პრევენციული ზომების გარეშე, ასეთი მომაკვდინებელი ციკლები გაგრძელდება.
ჩიკუნგუნია: “მოხრილი კაცი“ – როგორ იქცა ტროპიკული ვირუსი გლობალურ საფრთხედ




