ბაქტერიებს, როგორც ჩანს, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენით საუბარი შეუძლიათ — და ეს ეხმარებათ, რომ ერთად გაუმკლავდნენ საფრთხეებს. მათი მთავარი მტერი კი ანტიბიოტიკებია.
ერთ-ერთი ასეთი ჭკვიანი ბაქტერიაა პნევმოკოკი (იგივე Streptococcus pneumoniae) — მიკროორგანიზმი, რომელიც ხშირად იწვევს მძიმე პნევმონიას, მენინგიტს და შუა ყურის ანთებას. ბოლო წლებში ის სულ უფრო მედეგი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან აქვს უნარი, ისწავლოს და გადარჩენისთვის საჭირო ცვლილებები სწრაფად განახორციელოს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პნევმოკოკები ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემენ და საფრთხის დროს ისე იქცევიან, თითქოს მთელ მოსახლეობას განგაშს უგზავნიან.
მაშინ, როცა მთის სოფლებში კვამლი განგაშს ნიშნავდა
წარმოიდგინე შორეული მთის სოფელი, სადაც ძველად, როცა არც ტელეფონი არსებობდა და სიტყვა ქარში იკარგებოდა, მეზობლებთან სიგნალს კვამლით გადასცემდნენ. თუ ერთ სოფელს მტერი მოადგებოდა, ცის ფონზე ნელა ამავალ მუქ კვამლს გაუშვებდნენ — უხმო განგაშის ნიშნად. როგორც კი მეზობელი სოფლები ამ კვამლს დაინახავდნენ, მყისვე იცვლიდნენ ყოველდღიურ ყოფას: აბარიკადებდნენ კარებს, იმარაგებდნენ მარცვლეულს, ამოჰქონდათ იარაღი ან მიმართავდნენ თავდაცვით ღონისძიებებს, რომლებიც სხვა სოფლებს ადრე უკვე წარმატებით ჰქონდათ გამოცდილი. ზოგი გადარჩებოდა, ზოგი ვერა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კვამლი დროულად აფრთხილებდა ყველას. ის მოძრაობდა მთიდან მთაზე, სოფლიდან სოფელში და ეუბნებოდა ყველას: „საფრთხეა — მოემზადეთ.“
ზუსტად ასე მოქმედებენ ბაქტერიებიც.
როგორ მუშაობს ბაქტერიული განგაში?
როდესაც ბაქტერია გრძნობს, რომ თავს ესხმიან — ანუ ანტიბიოტიკით საფრთხე ექმნება — ის გამოყოფს სპეციალურ ნივთიერებას, რომელსაც კომპეტენციის სტიმულატორი პეპტიდი (CSP) ეწოდება. ეს მოლეკულა მეზობელ ბაქტერიებს უგზავნის უხმო შეტყობინებას — თითქოს ეუბნება: “საფრთხეა, მოემზადეთ!”
ამ პროცესს მეცნიერები კომპეტენტურობას (ინგლ. competence) უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერია „იხსნება“ და შეუძლია გარემოდან აითვისოს სხვა ბაქტერიებისგან დარჩენილი გენეტიკური მასალა — დნმ. ეს დნმ შეიძლება იყოს უკვე დაღუპული ბაქტერიების ნარჩენი, რომლებსაც ადრე განუვითარდათ ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობა. ბაქტერია ამ ინფორმაციას იღებს, იყენებს მის სასარგებლო ნაწილებს და იძენს ახალ თვისებებს, რაც მიი გადარჩენის ალბათობას ბევრად ზრდის.
რატომ არ რეაგირებს ყველა ბაქტერია?
საინტერესოა, რომ განგაშის მიუხედავად, ყველა ბაქტერია ერთნაირად არ რეაგირებს. ზოგი გადადის კომპეტენტურ მდგომარეობაში, ზოგი — არა. ვინც ვერ შეითვისებს ახალ გენეტიკურ მასალას, შესაძლოა დაიღუპოს, მაგრამ ვინც შეძლებს, ის გადაარჩენს მთლიან მოსახლეობას მომავალში. ეს ერთგვარი ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმია, რომელიც მთელ ჯგუფს მეტ გამძლეობას ანიჭებს.
როგორ ახერხებენ გადარჩენას?
კვლევის ავტორებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი — ბაქტერიებს მისცეს ანტიბიოტიკი, რომელიც დნმ-ს აზიანებს. აღმოჩნდა, რომ კომპეტენტურ ბაქტერიებს გაცილებით მაღალი გადარჩენის შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ მდგომარეობაში არ გადავიდა.
ერთ-ერთი გენი, სახელად ComM, ანელებს ბაქტერიის გაყოფას და მეტ დროს აძლევს უჯრედს, რათა თავი დააღწიოს ანტიბიოტიკით გამოწვეულ დაზიანებას. როცა მეცნიერებმა ეს გენი ამოიღეს, კომპეტენტური ბაქტერიებიც კი სწრაფად დაიღუპნენ.
როგორ დავიცვათ თავი და სხვებიც
არ შეწყვიტოთ ანტიბიოტიკების კურსი ნაადრევად – როცა თავს უკეთ გრძნობთ და მკურნალობას წყვეტთ, ცოცხლად დარჩენილ ბაქტერიებს ეძლევათ შანსი, განივითარონ მედეგობა.
არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად – ისინი არ მოქმედებენ ვირუსებზე, მაგალითად გაციებასა და გრიპზე. ექიმთან კონსულტაცია და დიაგნოსტირება აუცილებელია.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკი მაშინ, როცა ექიმი საჭიროდ არ მიიჩნევს.
დაიცავით ჰიგიენა, აიცერით და ეცადეთ თავიდან აიცილოთ ინფექცია – პროფილაქტიკა უკეთესია, ვიდრე მკურნალობა და ეს თავიდან აგვარიდებს ანტიბიოტიკების ხშირ საჭიროებას.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა უკვე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავსყოველწლიურად მილიონობით ადამიანს კლავს.
თუ ანტიბიოტიკების გამოყენებას ისე გავაგრძელებთ, როგორც დღეს — შესაძლოა მალე დავრჩეთ იმ მედიკამენტების გარეშე, რომლებმაც წარსულში უთვალავი სიცოცხლე გადაარჩინა.
ბაქტერიები სწავლობენ. და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მათ ეს ცოდნა არ მივაწოდოთ დაუფიქრებლად.
მოუსმინეთ ამ თემაზე გიორგი ზაალიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, აგრარული უნივერსიტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის თანადირექტორს:




