მკვლევრებმა ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) სამი განსხვავებული ტვინის “ბიოტიპი” გამოავლინეს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ქიმიური თავისებურება აქვს. ეს ახალი მონაცემები ხსნის, თუ რატომ ხდება მკურნალობა ხშირად ცდისა და შეცდომის პროცესი.
დღეს ADHD ერთიან დაავადებად დიაგნოსტირდება, თუმცა პრაქტიკაში ის იშვიათად გამოიყურება ასე მარტივად. ზოგ პაციენტს ძირითადად ყურადღების კონცენტრაცია უჭირს, სხვები ვერ ისვენებენ და მუდმივად მოძრაობაში არიან, კიდევ სხვებს კი ორივე პრობლემა ერთდროულად აქვთ, რასაც ხშირად ძლიერი ემოციური რეაქციებიც ემატება.
პაციენტებისა და ექიმებისთვის ეს ხშირად მკურნალობის რთულ პროცესს ნიშნავს, სადაც სხვადასხვა მედიკამენტი ცდისა და შეცდომის გზით მოწმდება, სანამ ეფექტური ვარიანტი მოიძებნება.
თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებული ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს მრავალფეროვნება შემთხვევითი არ არის. ჩინეთის, აშშ-ისა და ავსტრალიის მეცნიერებმა ADHD-ის მქონე 446 ბავშვის ტვინის სკანერები შეისწავლეს. მათ გააანალიზეს ნაცრისფერი ნივთიერება – ნეირონებით მდიდარი ტვინის ქსოვილი, რომელიც ინფორმაციის გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შედეგად სამი განსხვავებული ქვეტიპი გამოიკვეთა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ქიმიური ურთიერთქმედებები ახასიათებს.
ეს აღმოჩენა საინტერესო შესაძლებლობას აჩენს: შესაძლოა ADHD არა ერთი კონკრეტული მდგომარეობა, არამედ რამდენიმე დაკავშირებული მდგომარეობის საერთო სახელწოდება იყოს, რომლებიც განსხვავებული ნეიროლოგიური მექანიზმებით ხასიათდება.
ცინცინატის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის ბავშვთა ფსიქიატრი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი მელისა დელბელო ამბობს, რომ ეს კვლევა ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რასაც ექიმები პრაქტიკაში ისედაც აკეთებენ. კლინიკაში ექიმები ხშირად ცდილობენ, რომ სიმპტომების მიხედვით შეარჩიონ ყველაზე ეფექტური მკურნალობა. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება შესაძლოა ბიოლოგიურ საფუძველსაც ეყრდნობოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები თავიდანვე არ ეძებდნენ წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფებს, აღმოჩენილი ბიოტიპები დიდწილად ემთხვევა იმას, რასაც კლინიკოსები პაციენტებში ხშირად ხედავენ.
ბიოტიპი 1: მძიმე კომბინირებული ტიპი ემოციური დისრეგულაციით
პირველი ბიოტიპი დაკავშირებულია ტვინის იმ წრედებთან, რომლებიც ემოციების რეგულაციას აკონტროლებენ. მათ შორისაა პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტროლსა და შედეგების შეფასებაზე, და “pallidum”, რომელიც იმპულსებს ქცევად გადაქცევამდე ფილტრავს.
ამ შემთხვევაში თითქოს “კონტროლის ცენტრი გადატვირთულია” – ემოციებისა და იმპულსების მართვის სისტემა ძლიერ დაძაბულია. ასეთ ბავშვებს ხშირად უფრო მძიმე სიმპტომები და ხანგრძლივი ემოციური სირთულეები აქვთ. ეს არის კლასიკური ADHD-ის ფორმა, სადაც ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა ერთდროულად ვლინდება.
კონტროლურ ჯგუფთან შედარებით, ამ ბავშვებში ტვინის კავშირების ყველაზე დიდი განსხვავება დაფიქსირდა. მათ ჰქონდათ მაღალი მაჩვენებლები როგორც უყურადღებობის, ასევე იმპულსურობის მხრივ და მკვეთრად გამოხატული ემოციური დისრეგულაცია. ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქიატრი სტივენ პლისკა აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფში ხშირად ჩანს ძლიერი ემოციური არასტაბილურობა, აგრესია და ბრაზის აფეთქებები.
ეს ის ჯგუფია, რომელსაც მომავალში უფრო მაღალი რისკი აქვს ისეთი ფსიქიკური პრობლემების განვითარებისთვის, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და ზოგჯერ კრიმინალური ქცევაც. ამიტომ მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ჯგუფს სჭირდება ყველაზე ადრეული და აქტიური კლინიკური ჩარევა.
ბიოტიპი 2: ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის დომინანტური ტიპი
მეორე ბიოტიპში მთავარი პრობლემა არა ყურადღების დეფიციტი, არამედ იმპულსების კონტროლია. მკვლევარი მანპრით სინგი ამ მდგომარეობას აღწერს, როგორც “იმპულსების წრედის გაჭედვას”. თითქოს ტვინში გაზის სატერფული ძლიერია, ხოლო მუხრუჭი მცირედი დაგვიანებით მუშაობს.
ამ ჯგუფში ბავშვებს ნაკლები უყურადღებობა აღენიშნებოდათ, მაგრამ ჰქონდათ უფრო ძლიერი დარღვევები ტვინის იმ ქსელებში, რომლებიც ქცევის შეკავებას არეგულირებენ. ყველაზე დიდი განსხვავებები დაფიქსირდა “anterior cingulate cortex”-სა და “pallidum”-ის იმ ნაწილს შორის, რომელიც იმპულსების კონტროლში მონაწილეობს.
როდესაც ეს რეგიონები ერთმანეთთან სინქრონულად აღარ მუშაობს, ქცევის შეკავების უნარი სუსტდება. შედეგად პრობლემა არა იმდენად ყურადღების გაფანტვაა, არამედ იმპულსების შეკავების სირთულე. კლინიკაში ეს გამოიხატება მოუსვენრობით, პასუხის წამოძახებით, სხვების შეწყვეტით ან ფიქრის გარეშე მოქმედებით.
ბიოტიპი 3: უყურადღებობის დომინანტური ტიპი
მესამე ბიოტიპი დაკავშირებულია “superior frontal gyrus”-ის ფუნქციის დარღვევასთან. ტვინის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია სამუშაო მეხსიერებისა და ხანგრძლივი ყურადღებისთვის. ამ შემთხვევაში ტვინის სხვა სისტემები თითქოს ნორმალურად მუშაობს, მაგრამ ყურადღება ადვილად იფანტება.
ამ ჯგუფის ბავშვებში ძირითადად უყურადღებობა აღინიშნება და ნაკლებად – ჰიპერაქტიურობა. კლინიკურად ეს ფორმა ხშირად უფრო შეუმჩნეველია და ზოგჯერ დიაგნოზის მიღმაც რჩება. პლისკას თქმით, ასეთი შემთხვევები გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება. რადგან ეს ბავშვები ნაკლებად არღვევენ წესრიგს, ისინი შეიძლება წლების განმავლობაში აწყდებოდნენ აკადემიურ სირთულეებს, სანამ დიაგნოზი დაისმება.
ეს არ არის ADHD-ის ქვეჯგუფებად დაყოფის პირველი მცდელობა. ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს ძველ გამოცემებში სამი ქვეტიპი უკვე იყო აღწერილი, თუმცა ახლა მათ “პრეზენტაციებს” უწოდებენ, რადგან სიმპტომები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და გადაიკვეთოს.
ფსიქოლოგი სტივენ ფარაონი აღნიშნავს, რომ ADHD-ის ზუსტი პროგნოზირების იდეალური ალგორითმი ჯერ არ არსებობს. მეცნიერები სულ უფრო ხშირად განიხილავენ ADHD-ს არა როგორც ერთ მკვეთრად გამოკვეთილ დაავადებას, არამედ როგორც თვისებების სპექტრს, რომელიც მოსახლეობაში სხვადასხვა ხარისხით არის გავრცელებული. ეს მიდგომა ჰგავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ჰიპერტენზია, სადაც რისკი თანდათან იზრდება გარკვეულ სპექტრში და არა “არის ან არ არის” პრინციპით.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აღმოჩენილი ბიოტიპები ახალი დიაგნოსტიკური კატეგორიები არ არის. მათი შედეგები კიდევ უნდა დადასტურდეს სხვა კვლევებით, ხოლო ADHD-ის დიაგნოზი კვლავ ქცევის შეფასებას ეფუძნება და არა ტვინის სკანირებას. როგორც პლისკა ამბობს, მშობლები ხშირად ელიან რაიმე ლაბორატორიულ ან ტექნოლოგიურ ტესტს, თუმცა ამ ეტაპზე სწორედ კლინიკური შეფასებაა ყველაზე სწორი მიდგომა.
თუ ეს ნიმუშები მომავალშიც დადასტურდება, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექიმებს უფრო მარტივად შეეძლებათ პაციენტებისთვის შესაბამისი მედიკამენტების შერჩევა. ამით შემცირდება ცდა-შეცდომის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც დღეს ბევრი ოჯახი გადის. მკვლევრების აზრით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და რთულია ADHD.
როგორც სინგი ამბობს, ADHD ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოყენებული ტერმინია, მაგრამ რეალურად ეს მდგომარეობა ბევრად უფრო რთული და მრავალფენიანია, ვიდრე ერთი სიტყვით აღწერა.



