ჩვენი დნმ-ის გარკვეულ მონაკვეთებს გენომის ახალ ლოკაციებზე საკუთარი თავის კოპირების უნარი გააჩნია. ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანის თავის ტვინის უჯრედებში აქტიური ერთ-ერთი გენისგან (BC200) წარმოებულმა ასლებმა ეს გზა კიდევ უფრო შორს გააგრძელეს და სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვით ვირუსის გენომში აღმოჩნდნენ.
კორნელის უნივერსიტეტის, ჩინეთის დედაქალაქის ნორმალური უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა BC200-ის წარმოებული ორი ასეთი თანმიმდევრობა კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსში (Molluscum contagiosum virus) დააფიქსირა. აღნიშნული პოქსვირუსი მხოლოდ ადამიანს აინფიცირებს და კანზე მცირე ზომის კვანძოვან გამონაყარს იწვევს.
გენი BC200 უმეტესი გენებისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს: ის საერთოდ არ აკოდირებს ცილას, არამედ წარმოქმნის მოკლე რნმ-მოლეკულას, რომელიც განსაკუთრებით უხვად ნეირონებში გვხვდება და ცილების წარმოების რეგულაციაში მონაწილეობს. თუმცა, ის გარემოება, რომ გენი ქსოვილთაგან უპირატესად თავის ტვინშია აქტიური, არ ნიშნავს, რომ მისი დნმ მხოლოდ იქ არსებობს – ბირთვის მქონე ადამიანის თითქმის ყველა უჯრედი ერთსა და იმავე გენეტიკურ კოდს ატარებს, მათ შორის კანიც, სადაც BC200 დაბალი დონით ექსპრესირდება.
გენის საწყისები მობილურ გენეტიკურ ელემენტებში, ე.წ. “მოხეტიალე გენებში“ (ტრანსპოზონებში) დევს. დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ, პრიმატების საერთო წინაპარში, ამ ელემენტმა კონკრეტული უჯრედული როლი შეიძინა. როგორც წესი, ფუნქციის შეძენას მობილურობის დაკარგვა ახლავს ხოლმე თან, თუმცა BC200-მა ორივე თვისება შეინარჩუნა.
ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსში აღმოჩენილია BC200-ის ფრაგმენტები და არა ხელუხლებელი, სრული გენი. გადატანა მოხდა არა ერთი მოვლენის შემდგომი გაორმაგებით, არამედ ორი დამოუკიდებელი ჩართვის შედეგად. ვინაიდან თავად BC200-ს არ გააჩნია გადაადგილების ავტონომიური მოლეკულური აპარატი, მან, სავარაუდოდ, გამოიყენა სხვა მობილური ელემენტის – LINE-1-ის მექანიზმი, რომელსაც რნმ-ის დნმ-ში გადაწერისა და გენომში ინტეგრირების უნარი აქვს. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ ვირუსით ინფიცირებულ კანის ფიბრობლასტებში BC200-ის ექსპრესია იმატებს, რაც გენეტიკური გადატანისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
მკვლევრები მკაფიოდ განმარტავენ: ვირუსს ადამიანისგან არ მიუღია რაიმე სახის “ტვინის ფუნქციონირებასთან“ მიმსგავსებული მახასიათებელი და კვლევა არ აჩვენებს, რომ ის უფრო საშიში ან პათოგენური გახდა. მართალია, ვირუსში მოხვედრილი თანმიმდევრობები რნმ-ად ტრანსკრიბირდება და შესაძლოა მასპინძელ უჯრედში ცილის სინთეზზე მცირე გავლენას ახდენდეს, ეს ჰიპოთეზა დამატებით ექსპერიმენტულ შემოწმებას საჭიროებს.
ნაშრომის მთავარი სამეცნიერო ღირებულება ევოლუციური ბიოლოგიის კუთხითაა: ის ადასტურებს, რომ უჯრედული ფუნქციის შეძენა არ გამორიცხავს გენეტიკური ელემენტის მობილურობას და რომ გენებსა და მობილურ დნმ-ს შორის არსებული საზღვრები იმაზე ბევრად დინამიკურია, ვიდრე მეცნიერება აქამდე მიიჩნევდა.
წყარო: Science




