შრი-ლანკის ქალაქ ტრინკომალის საავადმყოფოს ქირურგებმა 55 წლის პაციენტს შარდის ბუშტიდან 3.1 კგ (6.8 ფუნტი) წონისა და დაახლოებით 17 სმ სიგრძის გიგანტური კონკრემენტი (კენჭი) ამოუღეს. სამედიცინო გუნდის შეფასებით, ეს შესაძლოა ქირურგიულად ამოკვეთილი ყველაზე მძიმე კონკრემენტი იყოს აღრიცხულ სამედიცინო პრაქტიკაში.
პაციენტი კლინიკაში თავდაპირველად ინსულტის დიაგნოზით მოხვდა. მკურნალობის პროცესში, შარდვის გაძნელების გამო ჩატარებული გამოკვლევებით, შარდის ბუშტში დიდი ზომის წარმონაქმნი დაფიქსირდა. ოპერაციის ხელმძღვანელის, ექიმ პრაგალატან ბალაკრიშნანის განმარტებით, კონკრემენტი პაციენტის ორგანიზმში, სავარაუდოდ, 5-დან 10 წლამდე პერიოდის განმავლობაში ფორმირდებოდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას თანმხლებ პათოლოგიებზე განაგრძობს.
შარდის ბუშტის კენჭები შარდში არსებული მინერალების კრისტალიზაციის შედეგად ყალიბდება, რასაც ხშირად შარდის ბუშტის არასრული დაცლა და შარდის კონცენტრაციის მატება უწყობს ხელს. 1 სმ-ზე დიდი ზომის კონკრემენტები ხშირად იწვევს შარდსადენის ობსტრუქციას და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, ხოლო 4 სმ-ზე დიდი ზომის წარმონაქმნები მედიცინაში გიგანტურ კონკრემენტებად კლასიფიცირდება. გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, მანამდე ყველაზე მძიმე კონკრემენტი (1.9 კგ) 2003 წელს ბრაზილიაში იყო დაფიქსირებული.




