იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი სირთულე ის არის, რომ კონკრეტული ცვლილება ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ან ერთ პაციენტსაც კი შეიძლება ჰქონდეს. “Nature Medicine-ში“ გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა მძიმე განვითარების დარღვევისა და ეპილეფსიის მქონე ორი ბიჭისთვის მათი ინდივიდუალური გენეტიკური თავისებურებების მიხედვით შექმნილი პრეპარატები გამოიყენეს. მკურნალობის შემდეგ ორივე პაციენტთან კრუნჩხვების სიხშირე შემცირდა და განვითარების გარკვეული უნარები გაუმჯობესდა, ხოლო უფროსმა მოზარდმა 15 წლის ასაკში პირველად შეძლო დამოუკიდებლად სიარული. თუმცა შედეგები მხოლოდ ორ ადამიანს ეხება და ჯერ ვერ გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანი ან უსაფრთხო იქნება მიდგომა პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფში.
ორივე ბავშვს SCN2A გენთან დაკავშირებული განვითარების და ეპილეფსიური ენცეფალოპათია ჰქონდა. ეს გენი ნერვულ უჯრედებში ნატრიუმის არხის შექმნაში მონაწილეობს და ტვინის ელექტრული სიგნალების რეგულირებისთვისაა მნიშვნელოვანი. გარკვეულმა მუტაციებმა არხის ზედმეტი აქტივობა შეიძლება გამოიწვიოს, რის შედეგადაც ნეირონები მეტისმეტად აგზნებადი ხდება და მძიმე, ადრეულ ასაკში დაწყებული კრუნჩხვები ვითარდება. მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ინტელექტუალური და მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება, მოძრაობის დარღვევები, აუტისტური სპექტრის ნიშნები და სხვა პრობლემები.
კვლევაში ცხრა და 14 წლის ბიჭები მონაწილეობდნენ. ორივეს კრუნჩხვები ათზე მეტი სხვადასხვა ანტიეპილეფსიური მედიკამენტის მიუხედავად უგრძელდებოდა. ცხრა წლის ბავშვს თვეში დაახლოებით 30 კრუნჩხვა ჰქონდა და პერიოდულად გადაუდებელი მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. უფროსი პაციენტის კრუნჩხვები ჩვილობიდან დაიწყო; იგი ვერ დადიოდა, არ საუბრობდა და მოძრაობის მძიმე დარღვევები და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემებიც ჰქონდა.
მკვლევრებმა ორივე ბავშვისთვის ცალ-ცალკე შექმნეს ანტისენს ოლიგონუკლეოტიდები – მოკლე სინთეზური მოლეკულები, რომლებიც დაავადების გამომწვევი გენის მუტირებული ასლიდან წარმოქმნილ რნმ-ს ამოიცნობს და მის დაშლას უწყობს ხელს. ადამიანს SCN2A გენის ორი ასლი აქვს; თერაპიის მიზანი მხოლოდ პრობლემური ასლის მოქმედების შემცირება და ჯანმრთელი ასლის შენარჩუნება იყო. ეს კლასიკური გენური რედაქტირება არ არის: მკურნალობა დნმ-ს მუდმივად არ ცვლის, არამედ დროებით არეგულირებს გენისგან ცილის წარმოებას. ამიტომ პრეპარატი ზურგის ტვინის სითხეში, ანესთეზიის პირობებში, ორ-სამ თვეში ერთხელ შეჰყავდათ.
დაახლოებით ორწლიანი დაკვირვებისას ცხრა წლის პაციენტთან კრუნჩხვების სავარაუდო სიხშირე 26%-ით შემცირდა და კრუნჩხვის გარეშე დღეების წილი 57.8%-დან 66.5%-მდე გაიზარდა. ამ კონკრეტულ პაციენტთან კრუნჩხვების შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თუმცა მან შეძლო ფენიტოინის – დაბადებიდან გამოყენებული ძლიერი ანტიეპილეფსიური პრეპარატის – შეწყვეტა. 14 წლის პაციენტთან კრუნჩხვების რაოდენობა დაახლოებით 90%-ით შემცირდა, ხოლო კრუნჩხვის გარეშე დღეების მაჩვენებელი ნულიდან 46%-მდე გაიზარდა. თერაპიის დაწყების შემდეგ არცერთ ბავშვს კრუნჩხვის გამო გადაუდებელ განყოფილებაში მიმართვა ან ჰოსპიტალიზაცია აღარ დასჭირვებია.
მკვლევრებმა ცვლილებები მხოლოდ კრუნჩხვებში არ შენიშნეს. ორივე ბავშვთან გაუმჯობესდა მეტყველებასთან, მოძრაობასთან, კომუნიკაციასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გარკვეული მაჩვენებლები. უფროს პაციენტს მოძრაობის კოორდინაცია მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა და 15 წლის ასაკში პირველად შეძლო დამოუკიდებლად სიარული. მას ასევე შეუმსუბუქდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ნაკლებად სჭირდებოდა შესაბამისი მედიკამენტები. როდესაც სიარულის უნარი შემდეგ დოზამდე შესუსტებას იწყებდა, FDA-ს თანხმობით მკურნალობის ინტერვალი შეამცირეს, რის შემდეგაც გაუმჯობესება შენარჩუნდა.
კვლევის პერიოდში თერაპიასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. სისხლის ანალიზები, გულის ელექტრული აქტივობა და ელექტროენცეფალოგრაფიული მაჩვენებლები სტაბილური დარჩა. მიუხედავად ამისა, ორი პაციენტის გამოცდილება პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოების დასადგენად საკმარისი არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობა რეგულარულად უნდა განმეორდეს.
შედეგების ინტერპრეტაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს. ეს იყო ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ღია ტიპის “ერთი პაციენტის“ კვლევა, შედარებითი ან პლაცებოს ჯგუფის გარეშე. თითოეული ბავშვის მკურნალობა, დოზირება და შეფასების კრიტერიუმები მის მდგომარეობაზე იყო მორგებული. შესაბამისად, შეუძლებელია დარწმუნებით ითქვას, რომ ყველა გაუმჯობესება მხოლოდ თერაპიით იყო გამოწვეული ან მსგავსი შედეგი სხვა პაციენტებთანაც განმეორდება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეფასდეს პირველი ბავშვის კრუნჩხვების 26%-იანი შემცირება, რადგან სტატისტიკურად დამაჯერებელი განსხვავება არ გამოვლენილა.
მიუხედავად ამისა, კვლევა მნიშვნელოვანი პრინციპის დემონსტრირებას წარმოადგენს: იშვიათი გენეტიკური დაავადების დროს შესაძლოა ერთი კონკრეტული პაციენტის მუტაციაზე მორგებული წამალი შეიქმნას და უშუალოდ დაავადების მექანიზმზე იმოქმედოს. მკვლევრებმა დამატებით შეისწავლეს SCN2A-ს დარღვევის მქონე 19 პაციენტი და მათი 16% ისეთი გენეტიკური კომბინაციის მატარებელი აღმოჩნდა, რომელსაც უფროსი ბავშვისთვის შექმნილი პრეპარატი შესაძლოა მომავალში მოერგოს. ახლა საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება, დამატებითი პაციენტების მკურნალობა და იმის განსაზღვრა, რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ჩარევა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.




