ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ევროპის ტერიტორიაზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (მედიკამენტებისადმი გამძლე) გონორეის შემთხვევების მატება დაფიქსირდა. თუ ადრე ინფიცირების შემთხვევები ძირითადად იმპორტირებული, ანუ სხვა რეგიონებიდან მოგზაურობის შედეგად შემოტანილი იყო, 2025 წლიდან სურათი შეიცვალა და იმატა შიდა, ლოკალური გადაცემის ფაქტებმა. განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.
გონორეა არის სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae. მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება, უშვილობა და საშვილოსნოსგარე ორსულობა.
დღეისათვის მკურნალობის ძირითად საშუალებად გამოიყენება ცეფტრიაქსონი, ან ცეფტრიაქსონისა და აზითრომიცინის კომბინაცია. თუმცა, ბაქტერიები სულ უფრო მეტად ავლენენ რეზისტენტობას აღნიშნული მედიკამენტების მიმართ, რაც ამცირებს თერაპიის ეფექტურობას. ECDC-ის მიკრობიოლოგიის ექსპერტის, ჩაბა კოდმონის განცხადებით, თუმცა ზოგადი პოპულაციისთვის რისკი ამ ეტაპზე დაბალია, რეზისტენტობის ზრდა ზღუდავს მკურნალობის არსებულ შესაძლებლობებს.
ევროპის რეგიონში რეზისტენტული შტამების ძირითად წყაროდ კვლავ რჩება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (მაგალითად, კამბოჯა, ინდონეზია, ტაილანდი და ვიეტნამი). თუმცა, ევროპის შიგნით ადგილობრივი გავრცელების ნიშნები მიუთითებს ადრეულ ეტაპზე, რაც საჭიროებს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას.
2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში დარეგისტრირდა 106 331 დადასტურებული შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. გასულ ათწლედში შეტყობინებების მაჩვენებელი 303%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სკრინინგის გაფართოებასა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებასთან. 2023-2024 წლებში მატება ძირითადად განაპირობა მამაკაცებში შემთხვევების 7.9%-იანმა ზრდამ, მაშინ როდესაც ქალებში მაჩვენებელი 8.6%-ით შემცირდა. გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 25-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალებში.
ეპიდემიოლოგიური ტენდენციები საქართველოში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველოში გონორეის რეგისტრირებული შემთხვევების დინამიკა ბოლო წლებში ცვლილებას განიცდის. თუ 2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევების პიკური მაჩვენებელი – 923 შემთხვევა, შემდგომ წლებში აღინიშნებოდა კლების ტენდენცია: 2018 წელს – 765, ხოლო 2019 წელს – 738 შემთხვევა.
2021-2023 წლების პერიოდში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა: 2021 წელს გამოვლინდა 498 შემთხვევა, 2022 წელს – 478, ხოლო 2023 წელს – 497 შემთხვევა. თუმცა, 2023 წლის შემდეგ მონაცემები განახლებული არაა ჯანმოს ვებგვერდზე.
ECDC-ის შეფასებით, რისკი ზოგადი პოპულაციისთვის დაბალია, თუმცა დაბალი-ზომიერიდან საშუალომდე იზრდება იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ მრავალრიცხოვანი ან ხშირად ცვლადი სქესობრივი პარტნიორები, არ იყენებენ ბარიერულ კონტრაცეფციას (პრეზერვატივს), ან მოგზაურობენ მაღალი გავრცელების რეგიონებში.
დისქლეიმერი: სტატია ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს სამედიცინო რჩევას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისას მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს.




