მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ ქრონიკული ჰეპატიტ B-ს განკურნების გზების პოვნას. ეს დაავადება გამორჩეულად რთულად დასაძლევია: როგორც ღვიძლის კიბოს გამომწვევი წამყვანი მიზეზი, ის მსოფლიოში 240 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ 13 პროცენტმა იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ, რის გამოც ინფექციამ “ჩუმად მკვლელის“ სახელი დაიმსახურა.
ამჟამად მკვლევრები დაავადების შეჩერებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. 2026 წლის 28 მაისს, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შედეგები, სადაც ახალი პრეპარატი, სახელწოდებით ბეპიროვირსენი (bepirovirsen), 29 ქვეყნის 1838 ქრონიკული ჰეპატიტ B-ს მქონე ზრდასრულ პაციენტზე გამოიცაცდა.
სტანდარტულ მკურნალობასთან ახალი მედიკამენტის კომბინირებით, დაახლოებით ყოველმა მეხუთე მონაწილემ მიაღწია ე.წ. “ფუნქციურ განკურნებას“. ეს ნიშნავს, რომ პაციენტების იმუნურმა სისტემამ მედიკამენტური ჩარევის შეწყვეტიდან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლო ვირუსის დამოუკიდებლად კონტროლი. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება არსებულ სტანდარტულ თერაპიას, რომელიც ანალოგიურ ფუნქციურ განკურნებას პაციენტთა მხოლოდ 3 პროცენტში აღწევს 8-დან 10 წლამდე მკურნალობის კურსის შემდეგ.
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სისტემის ჰეპატოლოგიის დირექტორისა და კვლევის თანაავტორის, სენგ ჯი ლიმის განცხადებით, ეს მონაცემები სტიმული იქნება მრავალი ინფიცირებული პაციენტისთვის, რომლებსაც დღემდე ხანგრძლივი ანტივირუსული თერაპიით ცხოვრება და ჰეპატიტის მატარებლის სტიგმა უწევდათ, რადგან აქამდე მსგავსი ეფექტურობის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
დამოუკიდებელი ექსპერტებიც ეთანხმებიან ამ პოზიციას. მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კლინიკური კვლევების დეკანის ასისტენტმა და კლინიკური ჰეპატოლოგიის დირექტორმა, ანა სუკ-ფონგ ლოკმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მიღებული შედეგები იძლევა რეალურ იმედს, რომ ჰეპატიტ B-ს ფუნქციური განკურნება მიღწევადია.
თუმცა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს შედეგები ვერ განზოგადდება იმ პაციენტთა ჯგუფებზე, რომლებიც კვლევის მიღმა დარჩნენ – კერძოდ, პირები ღვიძლის ციროზით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) თანაინფიცირებულები ან ისინი, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ. მედიკამენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა მათში, ვისი მდგომარეობაც საწყის ეტაპზევე შედარებით უკეთ კონტროლდებოდა. ავსტრალიის “ჰეპატიტის ასოციაციის“ დირექტორმა და ინფექციონისტმა ჯეინ დევისმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულ ჰეპატიტ B-სთან ბრძოლაში ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, ეს არის პირობითად იმედისმომცემი საწყისი შედეგები და მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ.
ჰეპატიტი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ღვიძლის ანთებას აღნიშნავს. მას ძირითადად ხუთი მთავარი ვირუსი (A, B, C, D და E) იწვევს, თუმცა მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ტოქსინების ზემოქმედება და გარკვეული აუტოიმუნური მდგომარეობები.
ამ ვირუსებიდან ჰეპატიტ B ყველაზე გავრცელებული და გადამდებია. იგი გადადის სისხლითა და ბიოლოგიური სითხეებით (სპერმა, ვაგინალური და ამნიონური სითხეები). ვირუსი გამძლეობით ხასიათდება და ადამიანის ორგანიზმის გარეთ, ზედაპირებზე, ერთ კვირამდე ცოცხლობს. ინფექცია არ გადადის ყოველდღიური ყოფითი კონტაქტით, როგორიცაა კოცნა, ხველა ან საკვების გაზიარება, თუმცა მისი გადაცემა შესაძლებელია პირადი ჰიგიენის ნივთების (კბილის ჯაგრისი, ფრჩხილის საკვნეტელა, სამართებელი) გაზიარებით, ინფიცირებული ნემსებით, სამედიცინო გარემოში სისხლის გადასხმისას, სისხლთან ექსპოზიციით ან სქესობრივი კონტაქტით.
ინფიცირების შემდეგ პაციენტებს უვითარდებათ ქრონიკული ფორმის რისკი, რომელსაც შეუძლია წლების განმავლობაში უსიმპტომოდ დააზიანოს ღვიძლი. როდესაც ღვიძლის ფუნქცია ირღვევა, შედეგები მძიმეა, რადგან ეს ორგანო პასუხისმგებელია ორგანიზმში ტოქსინების გაფილტვრაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, საჭმლის მონელებასა და ნაღვლისა და სისხლის შემადედებელი ფაქტორების პროდუქციაზე. დროთა განმავლობაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი), ღვიძლის უკმარისობა, სიმსივნე და ნაადრევი სიკვდილი, რის გამოც მას თამბაქოს შემდეგ მეორე ყველაზე ძლიერ კანცეროგენად მიიჩნევენ. ჰეპატიტ B-ს გართულებებით ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
დაავადება ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება მსუბუქი ნიშნებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახსრების ტკივილი და მადას დაკარგვა. მწვავე ჰეპატიტ B-ს მქონე პირთა 50-დან 70 პროცენტამდე საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები, რის გამოც მათ შეუძლიათ ინფექცია სხვებს უნებლიეთ გადასცენ.
ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ახალშობილებისთვის, რადგან ის შესაძლოა დედიდან შვილზე მშობიარობის პროცესში გადავიდეს. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მედიცინის სკოლის პროფესორის, ჯეფ დუშეიკოს განმარტებით, დაბადებისთანავე ინფიცირება შემთხვევათა 90 პროცენტში ქრონიკულ ფორმაში გადადის, მაშინ როცა უფროს ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში ეს ალბათობა მხოლოდ 5 პროცენტია.
ესაა მიზეზი, რის გამოც, საქართველოში და მსგავსად, კიდევ არაერთ ქვეყანაში, ბავშვებს დაბადებისთანავე, როგორც წესი, დაბადებიდან რამდენიმე საათში უტარდებათ ვაქცინაცია.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჰეპატიტ B-ს კონტროლისთვის მედიცინას უკვე აქვს ეფექტური ინსტრუმენტები: უსაფრთხო ვაქცინები, მარტივი სისხლის ტესტები დიაგნოსტიკისთვის და ანტივირუსული მედიკამენტები. თუმცა, ისინი ხშირად ხელმისაწვდომი არ არის იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო.
ძირითადი აქცენტი კვლავ კეთდება ვაქცინაზე, რომელიც პირველად 1981 წელს გამოჩნდა. ის უზრუნველყოფს თითქმის 100-პროცენტიან გრძელვადიან დაცვას და ბევრ ქვეყანაში ახალი შემთხვევები 90 პროცენტზე მეტით შეამცირა. ახალშობილთა ვაქცინაცია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტად. მთავარ გამოწვევად რჩება ვაქცინის მიწოდება მაღალი გავრცელების მქონე ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სუბსაჰარული აფრიკა და დასავლეთ წყნარი ოკეანის აუზი, სადაც რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა.
რაც შეეხება მკურნალობას, ჰეპატიტ B-ს აქვს უნარი, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, რაც ხშირად ვირუსის დასათრგუნად მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტების მიღებას მოითხოვს. ექიმები ჩვეულებრივ ნიშნავენ გენერიკულ ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებიც უსაფრთხო და ხელმისაწვდომია, თუმცა იშვიათად იწვევენ ვირუსის სრულ გაქრობას ან ფუნქციურ განკურნებას. ალტერნატივად გამოიყენება პეგილირებული ინტერფერონ-ალფა (48-კვირიანი კურსი), რომელსაც ფუნქციური განკურნების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ხასიათდება მძიმე გვერდითი ეფექტებით, რის გამოც პაციენტები მას რთულად იტანენ. მაკუორის უნივერსიტეტის პროფესორის, ალის ლის განცხადებით, მედიკამენტების გლობალური ხელმისაწვდომობისა და ფასის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას, რის გამოც სპეციალისტთა ნაწილი ჰეპატიტ B-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ დიდ უთანასწორობად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში B ჰეპატიტის მართვის პროგრამა მიმდინარეობს და მედიკამენტებიც უფასოდ, პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://gowell.ge/b-hep/
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საბოლოო განკურნება მიიღწევა ისეთი კომბინაციით, რომელიც ერთდროულად დაბლოკავს ვირუსის რეპლიკაციას, შეამცირებს ვირუსული ცილების წარმოებას და იმუნურ სისტემას ვირუსის გასანადგურებლად სტიმულს მისცემს. მიჩნეულია, რომ ბეპიროვირსენს სამივე ფუნქციის შესრულება შეუძლია.
პრეპარატი უკავშირდება ვირუსის საინფორმაციო რნმ-ს (mRNA), რათა შეაჩეროს ცილების პროდუქცია. ინექციის შემდეგ მას შთანთქავენ მაკროფაგები (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ორგანიზმის პირველად დაცვას უზრუნველყოფენ), რაც იმუნურ სისტემას ვირუსზე კონტროლის აღდგენის საშუალებას აძლევს.
კლინიკურ კვლევაში მონაწილეები 6 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად იღებდნენ ბეპიროვირსენს ან პლაცებოს სტანდარტულ თერაპიასთან ერთად. ფუნქციური განკურნების მაჩვენებელმა 19 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც კვლევაში შესვლისას ვირუსული ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) ყველაზე დაბალი დონე აღენიშნებოდათ, მაჩვენებელი 26 პროცენტამდე გაიზარდა.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი თერაპია ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთა დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე მოხდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბეპიროვირსენს ახასიათებს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რაც გავლენას ახდენს თრომბოციტების რაოდენობასა და თირკმლის ფუნქციაზე, აგრეთვე იწვევს რეაქციებს ინექციის ადგილზე, რაც მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ფარმაცევტულმა კომპანია GSK-მ მონაცემები აშშ-ის, კანადის, ევროპის, იაპონიისა და ჩინეთის მარეგულირებელ სააგენტოებს უკვე წარუდგინა და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიმდინარე წლის ბოლომდე ელოდება.
წყარო: National Geographic / New England Journal of Medicine




