ჟურნალ “Lancet HIV”-ში გამოქვეყნებული ახალი სტატიის თანახმად, საქართველოში ნარკოპოლიტიკის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები საფრთხეს უქმნის ქვეყნის მრავალწლიან წარმატებას აივ ინფექციისა (HIV) და C ჰეპატიტის (HCV) გავრცელების პრევენციის საქმეში. საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ იშვიათ წარმატებულ მაგალითად ითვლებოდა, სადაც ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ჯგუფში აივ ინფექციის დაბალი გავრცელება და C ჰეპატიტის ელიმინაციის (აღმოფხვრის) პროცესში დიდი პროგრესი ფიქსირდებოდა.
ეს შედეგები მიღწეული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოორდინირებული მოდელით, რომელიც აერთიანებდა ოპოიდური აგონისტების ჩანაცვლებით თერაპიას (OAMT – მკურნალობის მეთოდი, როდესაც ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება სამედიცინო პრეპარატები) და ზიანის შემცირების სერვისებს (მაგალითად, სტერილური შპრიცების მიწოდება ინფექციების პრევენციისთვის). თუმცა, 2025 წლის საკანონმდებლო რეფორმები ამ სისტემის დაშლის რისკს ქმნის.
ავტორები გამოყოფენ ოთხ ძირითად საფრთხეს:
პირველი, 2025 წლის ივლისის ცვლილებებით, შეწყდა ჩანაცვლებითი თერაპიის მიწოდება კერძო სექტორის მიერ და სერვისი მხოლოდ 21 სახელმწიფო კლინიკაში გაერთიანდა. ამან 20 კერძო კლინიკის დახურვა გამოიწვია. ქვეყანაში არსებული 15000 პაციენტიდან, დაახლოებით 3600 მკურნალობას კერძო სექტორში გადიოდა, რომელთაგან სახელმწიფო კლინიკებში გადასვლა მხოლოდ ნახევარმა (1800-მა პაციენტმა) შეძლო. მკურნალობის ამ მასშტაბურმა შეფერხებამ უკვე გამოიწვია ფატალური და არაფატალური ზედოზირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა.
მეორე, გაუქმდა “სახლში გატანის” დოზირების პროგრამა, რომელიც პანდემიის დროს დაინერგა. ყოველდღიური გამოცხადების ვალდებულება ზრდის პაციენტების ტვირთს და სტიგმას (ნეგატიურ სოციალურ დამოკიდებულებას), რაც ამცირებს მკურნალობაში დარჩენის მაჩვენებელს.
მესამე, გაფართოვდა იძულებითი მკურნალობის გზები, რაც 2 წლამდე ვადით მოთავსებას გულისხმობს სპეციალიზებულ სახელმწიფო ცენტრებში. საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, მიუთითებს, რომ იძულებითი მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია და ზრდის ზიანის რისკს.
მეოთხე, პოლიციის მიერ ინიცირებული ნარკოტესტირება მომხმარებლებს სამედიცინო სერვისებისგან აფრთხობს. ტესტირებაზე უარის თქმა განიხილება როგორც თავის არიდება, რაც აიძულებს ადამიანებს მოერიდონ ჯანდაცვის კონტაქტებს, ეს კი პირდაპირ უწყობს ხელს ინფექციების გავრცელებას.
ავტორების დასკვნით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოდელს, რათა თავიდან აიცილოს პრევენციის სისტემის ნგრევა და ადამიანთა სიკვდილიანობის ზრდა.
პუბლიკაცია გაოქვეყნდა ავტორთა ჯგუფის მიერ (ირმა კირთაძე, ლინ მადენი, დავით ოთიაშვილი, დავით ოლივეროსი, თამარ მგებრიშვილი, მარიამ შეროზია და ფრედერიკ ალტისი)
ასევე დაგაინტერესებთ:




