ინდონეზიამ ოფიციალურად დაასრულა მე-2 ტიპის პოლიომიელიტის აფეთქება, რომელიც ქვეყანაში იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერმინის განმარტება: მე-2 ტიპის პოლიომიელიტი არსებობს პოლიომიელიტის ვირუსის სამი ტიპი (1, 2 და 3). ველური მე-2 ტიპის ვირუსი მსოფლიოში განადგურებულად ითვლება. თუმცა, აფეთქებებს იწვევს ეგრეთ წოდებული “ვაქცინისგან წარმოქმნილი” მე-2 ტიპის ვირუსი (cVDPV2). ის ჩნდება და ვრცელდება მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი არ არის და კოლექტიური იმუნიტეტი დაბალია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფეთქება დასრულებულად 2025 წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2024 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქვეყანაში პოლიომიელიტის ვირუსი არც ბავშვებში და არც გარემოში აღარ დაფიქსირებულა.
როგორ დაიწყო და დასრულდა აფეთქება
პრობლემა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც აჩეს პროვინციაში პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვირუსი გავრცელდა სხვა პროვინციებშიც, მათ შორის დასავლეთ და ცენტრალურ იავაში, ასევე პაპუას რეგიონებში. ბოლო შემთხვევა 2024 წლის ივნისში დაფიქსირდა.
ვირუსის შესაჩერებლად ქვეყანამ მასშტაბური ღონისძიებები გაატარა. საპასუხო რეაგირების ფარგლებში ბავშვებს პოლიომიელიტის ვაქცინის დამატებით 60 მილიონამდე დოზა გაუკეთდათ.
“ჩვენ შევძელით პოლიომიელიტის გავრცელების შეჩერება ჯანდაცვის მუშაკების თავდადების, მშობლების პასუხისმგებლობისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით”, – განაცხადა ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრმა ბუდი გუნადი სადიკინმა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მოდუნება არ შეიძლება, რადგან რისკი კვლავ არსებობს იმ პროვინციებში, სადაც ვაქცინაციის მოცვა ჯერ კიდევ დაბალია.
ახალი სტრატეგია: “ექვსი ერთში” ვაქცინა
იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად და გასამარტივებლად, ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ჰექსავალენტური (ექვსკომპონენტიანი) ვაქცინის გამოყენება.
ეს არის ერთი ნემსი, რომელიც ბავშვს ერთდროულად ექვსი დაავადებისგან იცავს:
-
პოლიომიელიტი
-
დიფთერია
-
ყივანახველა (პერტუსისი)
-
ტეტანუსი
-
B ჰეპატიტი
-
ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (რომელიც იწვევს პნევმონიასა და მენინგიტს).
ასეთი კომბინირებული ვაქცინის გამოყენება ამცირებს ნემსების რაოდენობას, ზოგავს დროსა და ფინანსებს და აჩქარებს იმუნიტეტის გამომუშავებას. საქართველოშიც კომბინირებული ვაქცინები გამოიყენება.
აფეთქების დასრულება დადასტურდა დამოუკიდებელი გლობალური გუნდის მიერ, რომელმაც სიტუაცია რამდენჯერმე შეაფასა (ბოლოს 2025 წლის ივნისში). მათ დაასკვნეს, რომ ინდონეზიამ მაღალი ხარისხის რეაგირება მოახდინა და ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება.
პარალელურად, გაუმჯობესდა რუტინული იმუნიზაციაც. 2024 წელს ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინის (IPV) მეორე დოზის მიმღებთა რაოდენობა 73%-მდე გაიზარდა, რაც 3.2 მილიონ ბავშვს შეადგენს.




