ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტკიპის ნაკბენი უბრალო დისკომფორტი არაა და მას სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ტკიპა არა მხოლოდ ინფექციების გადამტანია, არამედ შეუძლია გამოიწვიოს ისეთი უცნაური რეაქციებიც, როგორიცაა მაგ. ალერგია წითელ ხორცზე.
მოდით, ვნახოთ, რას ამბობს მეცნიერება ტკიპებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე.
როგორ ეწებება ტკიპა კანს ასე მყარად?
ტკიპის ნაკბენით გამოწვეული დაავადების რისკი იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს რჩება ის კანზე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლით კვებისას ტკიპის ნერწყვი გამოყოფს სპეციალურ ცილას, რომელიც მყარდება და ქმნის ე.წ. “ცემენტის კონუსს”. სწორედ ამის მეშვეობით ეჭიდება ის კანს ასე მყარად. ამ მექანიზმის შესწავლა შესაძლოა მომავალში დაგვეხმაროს ახალი სამედიცინო წებოების შექმნაში, რომლებიც ჭრილობების შეხორცებას დააჩქარებს.
ლაიმის დაავადების “აჩრდილები“: რატომ რჩება ქრონიკული დაღლილობა და ტკივილი?
ლაიმის დაავადება, რომელიც Borrelia burgdorferi ბაქტერიითაა გამოწვეული, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა, პაციენტების დაახლოებით 15% მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგაც უჩივის მუდმივ დაღლილობას, ტკივილს და სხვა სიმპტომებს. ამ მდგომარეობას მკურნალობის შემდგომი ლაიმის დაავადების სინდრომი (PTLDS) ეწოდება. სწორედ ამ სიმპტომებს არწერა ჯასტინ ტიმბერლეიკიც. წლების განმავლობაში მისი გამომწვევი მიზეზი კამათის საგანი იყო.
სწორედ აქ ერთვება მიკრობიოლოგ ბრენდონ ჯუტრასის “გარღვევის ტოლფასი“ კვლევა. ჯერ კიდევ 2019 წელს მისმა გუნდმა ლაიმის ართრიტით დაავადებული პაციენტების ანთებითი სახსრების სითხეში აღმოაჩინა ბაქტერიის უჯრედის კედლის ფრაგმენტები, კერძოდ პეპტიდოგლიკანი (PG). თუმცა, უცნობი რჩებოდა, როგორ ახერხებდა ეს ფრაგმენტები ორგანიზმში ასე დიდხანს დარჩენას.
ცოტა ხნის წინ ჯუტრასის გუნდმა ამ კითხვასაც გასცა პასუხი. მათ თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში აღმოაჩინეს, რომ:
ბაქტერიის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი პეპტიდოგლიკანის დიდი ფრაგმენტები ორგანიზმიდან არ გამოიდევნება და გროვდება ღვიძლში, სადაც კვირების განმავლობაში რჩება.
ამ ფრაგმენტების ასეთი მდგრადობის საიდუმლო უნიკალური ქიმიური სტრუქტურაა. როგორც ჩანს, ბაქტერია B. burgdorferi ტკიპის ორგანიზმიდან “ისესხებს“ შაქრის მოლეკულას და საკუთარი უჯრედის კედლის მოდიფიცირებისთვის იყენებს. სწორედ ეს “შენიღბვა“ ეხმარება მის ნარჩენებს, იმუნურ სისტემას დაუსხლტდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ პროცესის შედეგებია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ღვიძლში დაგროვილი პეპტიდოგლიკანი იწვევს ღვიძლის დისფუნქციის მარკერების ზრდას. ამასთან, ადამიანის სისხლის უჯრედებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ B. burgdorferi-ის ფრაგმენტები განსაკუთრებულად მოქმედებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ გენებზე. ეს აღმოჩენა პირდაპირ კავშირშია PTLDS-ის მთავარ სიმპტომთან – ქრონიკულ დაღლილობასთან.
ეს კვლევა იმედის სხივსაც გვაძლევს. ჯუტრასის გუნდი უკვე მუშაობს მონოკლონური ანტისხეულების შექმნაზე, რომლებიც სპეციფიკურად ამოიცნობენ და გაანადგურებენ ორგანიზმში დარჩენილ ამ ფრაგმენტებს, რაც PTLDS-ის სიმპტომებისგან განკურნების პოტენციურ გზას წარმოადგენს.
უცნაური ალერგია წითელ ხორცზე
წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება მიირთმევთ სტეიკს და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ წითელ ხორცზე მწვავე ალერგია განგივითარდათ. 2000-იანი წლების დასაწყისში ვირჯინიის უნივერსიტეტის ალერგოლოგი, თომას პლატს-მილსი, სწორედ ამ გამოცანის ამოხსნას ცდილობდა. მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ალერგიის მიზეზი იყო შაქარ ალფა-გალის (გალაქტოზა-α-1,3-გალაქტოზა) მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები. ყველაზე გასაოცარი კი ის აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების უმრავლესობას ანამნეზში ტკიპის, კერძოდ, “მარტოხელა ვარსკვლავის“ ტკიპის ნაკბენი ჰქონდა. ეს კიდევ ერთი დაავადებაა, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის. დღეს უკვე დადგენილია პირდაპირი კავშირი ამ ტკიპის პოპულაციის ზრდასა და ალფა-გალის სინდრომის გახშირებას შორის.
ახალი თაობის ვაქცინები
სანამ მეცნიერები ქრონიკული სიმპტომების მკურნალობის გზებს ეძებენ, პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პრევენციაზე.
- mRNA ტექნოლოგია: ნობელის პრემიის ლაურეატმა დრიუ ვაისმანმა, რომლის შრომამაც COVID-19-ის mRNA ვაქცინებს დაუდო საფუძველი, თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა ლაიმის დაავადების საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა. ის მიმართულია ბაქტერიის გარეთა ზედაპირის ცილის (OspA) წინააღმდეგ და თაგვებზე ცდებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ძლიერ და ხანგრძლივ იმუნურ პასუხს იწვევს.
- ინჟინერირებული ცილა: მკვლევართა სხვა ჯგუფმა, ი-პინ ლინის ხელმძღვანელობით, შექმნა ბაქტერიის ცილის (CspZ) ინჟინერირებული ვერსია. მათ შეცვალეს ცილის სტრუქტურა ისე, რომ ბაქტერიამ დაკარგა იმუნური სისტემისგან დამალვის უნარი. ამ ვერსიით იმუნიზირებულ თაგვებს ნაკლებად მძიმე სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ეს ორივე მიდგომა უდიდეს იმედს იძლევა, რომ მალე ლაიმის დაავადებისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალება გვექნება.
სტატია ეფუძნება The Scientist-ში გამოქვეყნებულ მასალებს




