პოპ-ვარსკვლავმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ლაიმის დაავადებას ებრძოდა. ეს აღიარება პასუხს სცემს ბოლო პერიოდში მისი სასცენო გამოსვლების გარშემო არსებულ კრიტიკას და დაღლილობის შესახებ საზოგადოების დაკვირვებებს.
მომღერალმა, რომელმაც თავისი ტურნე “Forget Tomorrow World Tour“ 2024 წლის აპრილში, ალბომის Everything I Thought It Was გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო, სოციალურ ქსელში გულწრფელი პოსტი გამოაქვეყნა. ტურნეს განმავლობაში ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა შედარებით “უსიცოცხლო“ გამოსვლების გამო, ხოლო ზოგიერთი ფანი და მიმომხილველი მის შესრულებაში დაღლილობისა და ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნებზე მიუთითებდა. Tik-Tok-ზე ამ თემაზე ხუმრობების ტრენდიც შეიქმნა.
ტიმბერლეიკის განცხადებამ ნათელი მოჰფინა ამ დაკვირვებების მიზეზებს.
“პირადი გადაწყვეტილების წინაშე დავდექი: შემეწყვიტა ტურნე, თუ გამეგრძელებინა და გამოსავალი მეპოვა,“ – წერს ის, – “გადავწყვიტე, რომ სიხარული, რომელსაც სცენაზე გამოსვლა მანიჭებს, ბევრად აღემატებოდა იმ დროებით სტრესს, რომელსაც ჩემი სხეული გრძნობდა. ძალიან მიხარია, რომ გავაგრძელე.“
მან ასევე განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი: “არამხოლოდ საკუთარ თავს დავუმტკიცე ჩემი მენტალური გამძლეობა, არამედ ახლა თქვენთან ერთად უამრავი განსაკუთრებული მომენტი დამიგროვდა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებდი, რადგან ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ მსგავსი რამ პირადად უნდა შეინახო. თუმცა, ვცდილობ, უფრო გამჭვირვალე ვიყო ჩემი სირთულეების მიმართ, რათა ისინი არასწორად არ იქნას გაგებული.“
მის განცხადებას სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მხრიდან დიდი მხარდაჭერა და თბილი გამოხმაურება მოჰყვა.
მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ტიმბერლეიკის ტურნე კომერციულად ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. Billboard-ის მონაცემებით, მაისის ბოლოსთვის 41 შოუდან მიღებულმა შემოსავალმა $73.2 მილიონი შეადგინა. მისი კონცერტი საქართველოში 23 ივლისს ჩატარდა, თუმცა ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში არ გამართულა.
ლაიმის დაავადება – გლობალური და ლოკალური საფრთხე
ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი, ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანს ინფიცირებული ტკიპის კბენით გადაეცემა. სიმპტომები მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, დაღლილობასა და კუნთებისა და სახსრების ტკივილს. დაავადება შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ტიმბერლეიკის გარდა, ამ დაავადებასთან ბრძოლის შესახებ საჯაროდ უსაუბრიათ მუსიკოსებს ავრილ ლავინს, ჯასტინ ბიბერსა და შანია ტვეინს.
აღსანიშნავია, რომ ლაიმის დაავადება საქართველოშიც გავრცელებული პრობლემაა და ის ქვეყნისთვის დამახასიათებელ (ენდემურ) ინფექციად ითვლება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების გადამტანი ტკიპები აქტიურდებიან გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით მწვანე ზონებში, რის გამოც NCDC მოსახლეობას რეგულარულად აწვდის რეკომენდაციებს თავდაცვის ზომების შესახებ.
ლაიმის დაავადების სიმპტომები ყოველთვის ხანგრძლივი არაა. მისი ხანგრძლივობა და სიმძაფრე, ძირითადად, დამოკიდებულია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაწყების დროზე. თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე (როგორც წესი, ტკიპის კბენიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში) გამოვლინდა, ანტიბიოტიკების სტანდარტული კურსი, როგორც წესი, სრულად ანადგურებს Borrelia-ს ბაქტერიას და პაციენტი სრულად ჯანმრთელდება. თუმცა, თუ დიაგნოზი დაგვიანდა, ბაქტერია სისხლის მიმოქცევის გზით ვრცელდება და აღწევს სხეულის სხვადასხვა ნაწილში – სახსრებში, გულსა და ნერვულ სისტემაში. ამ ეტაპზე მისი სრულად აღმოფხვრა უფრო რთულდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ბაქტერიის განადგურების შემდეგაც კი, პაციენტებს უვითარდებათ “პოსტ-სამკურნალო ლაიმის დაავადების სინდრომი” (PTLDS). ამის ზუსტი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ძირითადი თეორიის თანახმად, იმუნური სისტემა ბაქტერიასთან ბრძოლის შემდეგაც “ზედმეტად აქტიური” რჩება და აგრძელებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების გამოწვევას, რაც იწვევს ქრონიკულ ტკივილს, დაღლილობასა და სხვა ხანგრძლივ სიმპტომებს. სწორედ ასეთი ქრონიკული სიმპტომები – დაღლილობა და ტკივილი – არის ის, რასაც ჯასტინ ტიმბერლეიკი თავის მდგომარეობას უკავშირებს, რაც ხსნის, რატომ შეიძლება გაგრძელდეს მისი ბრძოლა დაავადებასთან დიდი ხნის განმავლობაში.
როგორ დავიცვათ თავი ლაიმის დაავადებისგან?
ლაიმის დაავადების პრევენცია ტკიპის კბენისგან თავის არიდებას გულისხმობს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- ტანსაცმელი: ბუნებაში, განსაკუთრებით მაღალ ბალახსა და ტყიან ადგილებში ყოფნისას, ჩაიცვით გრძელმკლავიანი და ღია ფერის ტანსაცმელი, რომელზეც ტკიპა ადვილად შესამჩნევი იქნება. შარვლის ტოტები ჩაიტენეთ ფეხსაცმელში ან წინდაში.
- რეპელენტები: გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი საშუალებები (რეპელენტები), რომლებიც შეიცავს DEET-ს ან სხვა ეფექტიან ნივთიერებას ტკიპების წინააღმდეგ.
- თვითშემოწმება: ბუნებიდან დაბრუნების შემდეგ, გულდასმით დაითვალიერეთ მთელი სხეული, განსაკუთრებით თმიანი ადგილები, იღლიები, მუხლების უკანა მხარე და საზარდული. შეამოწმეთ ბავშვები და შინაური ცხოველებიც.
- ტკიპის მოშორება: თუ სხეულზე ტკიპას აღმოაჩენთ, ის დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროთ წვრილწვერიანი პინცეტით. ჩაავლეთ პინცეტი რაც შეიძლება ახლოს კანთან და ფრთხილი, თანაბარი მოძრაობით ამოაძვრეთ. მოერიდეთ მის გაჭყლეტას ან ზეთით დაფარვას.
- ექიმთან კონსულტაცია: ტკიპის კბენის ან დამახასიათებელი სიმპტომების (მაგალითად, წრიული ფორმის გამონაყარი) გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.




