2024 წელს მსოფლიოში 115 მილიონმა ბავშვმა (89%) მიიღო DTP ვაქცინის (დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 109 მილიონმა (85%) შეასრულა სრული სამდოზიანი სქემა — ნათქვამია WHO-სა და UNICEF-ის ერთობლივ ანგარიშში.
მიუხედავად მცირედი პროგრესისა 2023 წელთან შედარებით (171 000 ბავშვმა მიიღო პირველი დოზა და 1 მილიონმა— დაასრულა ვაქცინაციის სრული კურსი), 14.3 მილიონი ბავშვი კვლავაც „ნულდოზიანად“ რჩება — ანუ არ მიუღია არცერთი ვაქცინა. ეს მაჩვენებელი 4 მილიონით აღემატება იმუნიზაციის 2030 წლის სამიზნეს და 1.4 მილიონით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო.
ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის დაფარვის კლება რამდენიმე ძირითადი მიზეზით აიხსნება: COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა რუტინული იმუნიზაციის სერვისები, განსაკუთრებით მწირი რესურსების მქონე ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთა. პარალელურად გაიზარდა ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია და სკეპტიციზმი, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, რამაც საზოგადოების ნდობა ზოგადად ვაქცინების მიმართ შეარყია. გლობალურად შემცირდა ჯანდაცვის დაფინანსება, მათ შორის იმუნიზაციის პროგრამებისთვის, ხოლო კონფლიქტებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მრავალი რეგიონი მთლიანად მოწყვიტა ჯანდაცვის სერვისების სარგებელს. შედეგად, ვაქცინებზე წვდომა და მიღება განსაკუთრებით გაუარესდა, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ, მიგრანტ და მოწყვლად მოსახლეობებში.
ვაქცინაციით დაფარვა კვლავ უთანასწოროა. 131 ქვეყანაში შენარჩუნდა ≥90%-იანი დაფარვა პირველ დოზაზე, თუმცა 47 ქვეყანაში მაჩვენებლები გაჩერდა ან შემცირდა — 22 ქვეყანაში კი დაფიქსირდა მკვეთრი კლება წინა წლებთან შედარებით.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ და არასტაბილურ ქვეყნებშია, სადაც მსოფლიოში მცხოვრები ახალშობილთა კოჰორტის მხოლოდ 25% ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს აუცრელი ბავშვების ნახევარზე მეტი სწორედ აქ გვხვდება. ასეთ ქვეყნებში ნულდოზიანი ბავშვების რიცხვი 2019 წელს 3.6 მილიონიდან 2024 წელს 5.4 მილიონამდე გაიზარდა.
წითელას ვაქცინაციის მაჩვენებელი პირველ დოზაზე შეადგენს 84%-ს, ხოლო მეორე დოზაზე — 76%-ს, რაც გაცილებით დაბალია კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევ 95%-იან სამიზნესთან შედარებით. 30 მილიონზე მეტი ბავშვი წითელას მიმართ რჩება მოწყვლადი, რაც 2024 წელს წითელას 60 მასშტაბური აფეთქების მიზეზი გახდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს.
HPV (ადამიანის პაპილომავირუსის) ვაქცინაციის მხრივ პროგრესი აღაინიშნება, თუმცა მიზნამდე ჯერ კიდევ შორია: 2024 წელს გლობალურად გოგოების 31%-მა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, რაც 2019 წლის 17%-თან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, მაგრამ მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 90%-იან მიზანს, რომელიც 2030 წლისთვის არის დასახული.
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა:
„მიუხედავად სასიხარულო პროგრესისა, ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია და საერთაშორისო დახმარების შემცირება რისკის ქვეშ აყენებს გასული ათწლეულების მიღწევებს.“
UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორის, კეტრინ რასელის რეკომენდაცია კი ასეთია:
„აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება, რათა შევავსოთ შემცირებული ბიუჯეტი, გავაძლიეროთ სუსტი ჯანდაცვის სისტემები, გადავლახოთ დეზინფორმაციის და ხელმისაწვდომობის პრობლემები კონფლიქტურ რეგიონებში.”
გლობალურად ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების შემცირება არაერთ მოვლენას უკავშირდება: COVID-19 პანდემიამ ქვეყნებს დაუგეგმავი ხარჯები “არგუნა”, რამაც ჯანდაცვის სხვა პროგრამების ბიუჯეტის შემცირება გამოიწვია; გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და სახელმწიფო ვალების ზრდამ არაერთი ქვეყნის ბიუჯეტში პრიორიტეტების გადახარისხებას შეუწყო ხელი ჯანდაცვის სახსრების შეკვეცის ხარჯზე. ამასთან, აშშ 2026 წლის 22 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წევრობას. აშშ-ის წილი WHO‑ის ბიუჯეტში დაახლოებით 18% იყო. აშშ-ს მხრიდან WHO-ს დატოვება დააზარალებს ტუბერკულოზის, აივ/შიდსისა და სხვა საერთაშორისო პროგრამებს, შეზღუდავს დაავადებათა მსოფლიო მონიტორინგის შესაძლებლობებს. ცხადია, არც იმუნიზაციის პროგრამები დარჩება დაუზარელებელი. საერთაშორისო დონორების და განვითარების ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ასევე შემცირებულია, რასაც ემატება გეოპოლიტიკური კონფლიქტები, რომელთა შედეგად ეკონომიკური რესურსები თავდაცვასა და სხვა საგანგებო სექტორებზე ნაწილდება. შედეგად, ბევრ განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემები მყიფდება.




