ტუბერკულოზი: ჯიუტი ინფექციის ქრონიკები
“ფტიზი”, “თეთრი ჭირი”, “შთანთქმა”, “ტაბესი”, “შახეფეთი”, “ჭლექი”… ეს იმ სახელთა ჩამონათვალია, რომლებითაც ტუბერკულოზს სხვადასხვა ეპოქაში მოიხსენიებდნენ.
ინფექცია ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია. მას უყურადღებოდ დედამიწის არც ერთი კუთხე არ დაუტოვებია და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ევროპაში ოთხიდან ერთი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ იგი გახლდათ. რა გზას არ ეწია სამყარო „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში: როცა შელოცვამ არ უშველა, მისი სისხლად გადმოდენა სცადეს და როცა არც ამან გაამართლა, ბედთან შესაგუებლად ხელოვანებს მოუხმეს და საშიში სენი შთაგონებად აქციეს.
გვირაბის ბოლოს სინათლე 1882 წლიდანღა გაკრთა, როცა გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, რობერტ კოხმა, ტუბერკულოზის ბაქტერია გამოაცალკევა და იგი მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლა. უხილავი მტერი ხილული გახდა. აღმოჩენამ თანდათან ვაქცინისა და ანტიბიოტიკის შექმნასაც გაუკვალა გზა და ერთ დროს სასიკვდილო განაჩენი პრევენტირებად, განკურნებად და მართვად დაავადებად აქცია.
ოღონდ გვირაბის ბოლოს მბჟუტავი სინათლე ჩვენივე მიმართულებით მომავალი კიდევ ერთი მატარებელი აღმოჩნდა – ამ მატარებელში კი ვაგონ-ვაგონ ჩაბმულიყო დაავადების სიჯიუტე, სტიგმა, სოციოეკონომიკური პრობლემები და შეზღუდული წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.
ტრაგიკულად ლამაზი სენი
ტუბერკულოზი სასუნთქი გზების ინფექციაა. დაავადების შესახებ ცნობებს უძველეს ტექსტებში ვხვდებით. ტუბერკულოზის სიმპტომები აღწერილია ქრისტესშობამდე 2700 წლით დათარიღებულ ჩინურ სამედიცინო ჩანაწერებში და მისი კვალი ძვ. წ. მე-15 საუკუნეში გამეფებული ფარაონის, ამენჰოტეპ II-ის, მუმიაზეც აღმოაჩინეს.
დაავადება ადამიანიდან ადამიანზე, როგორც წესი, ხანგრძლივი და ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. უწინ მოდებულ სხვა ინფექციებთან შედარებით, როგორიცაა ყვავილი ან შავი ჭირი, ის უფრო ნელი გადადების მექანიზმით გამოირჩევა, რის გამოც ინფექცია ინდუსტრიულ ეპოქამდე იმდენად მასშტაბურად არ ვრცელდებოდა. ტუბერკულოზი, ძირითადად, ადგილობრივი ეპიდაფეთქებებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ინფექცია სამყაროს ნებისმიერ წერტილში მაინც მიაგნებდა ხოლმე თავის მსხვერპლს და მსოფლიოს ერთგვარად „დანაწევრებულ“ პანდემიაში აცხოვრებდა.
მრავალი საუკუნის მანძილზე, ტუბერკულოზს განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად არაეფექტური საშუალებებით ებრძოდნენ. ამ მეთოდებს შორის იყო შელოცვები, მცენარეული ნაყენებით მკურნალობა, დიეტური შეზღუდვები, ანდაც ისეთი პრიმიტიული პრაქტიკები, როგორიცაა იძულებითი ღებინება ან ხელოვნური სისხლდენის გამოწვევა – იმედოვნებდნენ, იქნებ და ამან პაციენტს სითხის ბალანსი აღუდგინოსო. რა გასაკვირია, რომ ეს უკანასკნელი დაავადებულისთვის ზოგჯერ მეტი ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
მე-18 და მე-19 საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ დაავადება კიდევ უფრო ვერაგი გახადა. მჭიდროდ დასახლებული ადგილები მომრავლდა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ დაავადების მიმართ უსუსური კაცობრიობა უარეს სასოწარკვეთაში გადაისროლა.
სხვა რა გზა იყო და სამყარომ ბედთან შეგუება ხელოვნებით სცადა: ნელ-ნელა რომანტიზდა ის ფიზიკური თუ ფსიქიკური დაღი, რომელსაც ინფექცია დაავადებულს ასვამდა, იქნებოდა ეს სიფერმკრთალე, წონის კლება თუ დეპრესია და შფოთი. ასეთი გარეგნობა იმ დროს გაბატონებულ ესთეტიკურ სტანდარტებსაც კარგად მოერგო და მარტივად გაიგივდა ტრაგიკულ, არაამქვეყნიურ სილამაზესთან. პოეტებმა, მუსიკოსებმა და მხატვრებმა, რომელთაც თავადაც გადაეტანათ დაავადება, ინფექციით გამოწვეული განცდები სიყვარულით ტანჯვასა და დაუკმაყოფილებელ არტისტულ ვნებებთან გააიგივეს.
(ფოტოს აღწერა: ლიტერატურაში ტუბერკულოზის ერთ-ერთ გამორჩეულ ასახვას ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანში, „საბრალონში“, ვხვდებით. ფანტინი, გარემოების იძულებით „ცოდვაში“ ფეხჩადგმული ტრაგიკული პერსონაჟი, თითქოს გამოსასყიდს ტუბერკულოზით – ერთგვარი მამორალიზებელი დაავადებით იხდის)
ფოტო: ენ ჰეტუეი ფანტინის როლში, “საბრალონის” 2012 წლის ცნობილი ეკრანიზაციიდან
ხელოვნება ადამიანებს ბედთან შეგუებაში იქნებ კი ეხმარებოდა, მაგრამ ამ ბედის შეცვლის კუთხით ბევრს ვერაფერს შველოდა. ზუსტად ამ დროს, სამყაროს სულზე მოუსწრო ბაქტერიოლოგიის მამის, რობერტ კოხის აღმოჩენამ.
იმხანად ჯერ კიდევ ფართოდ სწამდათ, რომ ტუბერკულოზი მემკვიდრეობითი დაავადება იყო, კოხმა კი დაავადების გამომწვევი ბაქტერია იპოვა, გამოაცალკევა, შეისწავლა და ნათელი მოჰფინა…
პუბლიკაციის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს: https://civil.ge/ka/archives/574810




