კოლორექტალური, იგივე მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, რომელსაც ხშირად მოხუცებულთა დაავადებად მიიჩნევენ, ახალგაზრდებში საგრძნობლად იზრდება. ამერიკის კიბოს საზოგადოების მონაცემებით, 1995 წელს 55 წლამდე ასაკის ადამიანები შემთხვევების მხოლოდ 10%-ს შეადგენდნენ, ხოლო დღეს ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზარდა.
მეცნიერები ამ ტენდენციის კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა სავარაუდო ფაქტორებში გარემო და გენეტიკური მახასიათებლები, დაბალი სკრინინგის მაჩვენებლები და დიაგნოზის დაგვიანება შედის.
პრევენცია და დროული დიაგნოზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან კოლონოსკოპია არა მხოლოდ სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, არამედ კიბოსწინარე დაზიანებების მოცილებასაც უზრუნველყოფს. სტატისტიკურად, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ს აღწევს.
სავარაუდო რისკფაქტორები, როგორიცაა შაქრიანი სასმელები, წითელი და გადამუშავებული ხორცი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება და გარემოს ტოქსინები, გავლენას ახდენენ ორგანიზმის მიკრობიომზე – ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების პოპულაციაზე, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბინადრობენ.
ახალგაზრდა პაციენტებში დიაგნოზის დადგენა უფრო გვიან ხდება, ვიდრე ხანდაზმულებში, რაც დაავადების უფრო მძიმე ეტაპზე აღმოჩენას იწვევს.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჯერ კიდევ 2021 წელს აშშ-ის პრევენციულმა სერვისების სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია გასცა სკრინინგის ასაკი 50-დან 45 წლამდე შემცირებულიყო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ბევრი უცნობი ფაქტორი, რომლებიც კოლორექტალური კიბოს ადრეულ შემთხვევებს განაპირობებს. ამ მიმართულებით გრძელვადიანი და მასშტაბური კვლევებია საჭირო, რათა ახალგაზრდებში კიბოს გავრცელების შემცირების ეფექტური სტრატეგიები გამოვლინდეს




