ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, აშშ-მა აივ-ინფექციის (HIV) მკურნალობის მხარდაჭერა გაუწია 20.6 მილიონ ადამიანს. ამ სტატისტიკაში შედის ის 3 მილიონი ადამიანიც, რომელთა მკურნალობას უზრუნველყოფდნენ საკუთარი მთავრობები და არა შიდსის წინააღმდეგ დახმარების მიზნით შექმნილი პრეზიდენტის საგანგებო გეგმა (PEPFAR). მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მიუთითებს PEPFAR-ის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე, დაფინანსების შემცირებისა და პროგრამული შეფერხებების გამო ტესტირების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. შიდსის ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენელთა თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა 2025 წლის დასაწყისის მონაცემები, რომლებიც აივ-პროგრამების დაფინანსების შეფერხების რეალურ გავლენას აჩვენებდა.
2025 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავებისთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აივ/შიდსის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ინიციატივის, PEPFAR-ის ფარგლებში მიმდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, შეიზღუდა პრევენციული ძალისხმევის დიდი ნაწილი, მათ შორის ტესტირება და პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PrEP), რომელიც ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ პირებს აივ-ის დამბლოკავ მედიკამენტებს აწვდის. გლობალური განვითარების ცენტრის უფროსი მკვლევრის, ჩარლზ კენის განცხადებით: “ჩვენ ვხედავთ ტესტირების დიდ ვარდნას და ეს პრობლემაა. თუ ადამიანები არ იტესტებიან, ვერ გაიგებენ თავიანთ დადებით სტატუსს და შესაბამისად, ვერ მიიღებენ წამლებს. ამით ჩვენ მომავლისთვის პრობლემებს ვაგროვებთ“.
სექტემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სტრატეგია “ამერიკა უპროველეს ყოველისა – გლობალური ჯანდაცვა“, რომლის მიხედვითაც აშშ მრავალწლიან შეთანხმებებს გააფორმებს PEPFAR-ის დახმარების მიმღებ ქვეყნებთან, რათა მათ აივ-ის მართვაში თვითკმარობას მიაღწიონ. შედეგად, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, PEPFAR-ისგან ანტირეტროვირუსული თერაპიის მიმღებ პირთა რაოდენობა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 17.4 მილიონამდე შემცირდა (წინა წლის ანალოგიურ კვარტალში ეს მაჩვენებელი 19.4 მილიონს შეადგენდა). იმავე პერიოდში (2025 წლის მე-4 კვარტალი), ტესტირების მაჩვენებელი დაეცა 17.2 მილიონამდე (შედარებისთვის: წინა წლის მე-4 კვარტალში – 21.9 მილიონი), ხოლო აივ-ის ახალი დიაგნოზების რაოდენობა 385 000-დან 307 000-მდე შემცირდა. PEPFAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2025 ფისკალური წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები ხელმიუწვდომელია პროგრამული შეფერხებებისა და ანგარიშგების პრობლემების გამო.
გლობალური შიდსის ადვოკატირების ორგანიზაციის (Health GAP) აღმასრულებელი დირექტორი ეჟა რასელი მიუთითებს, რომ PEPFAR-ის მონაცემები ტრადიციულად ყოველკვარტალურად ქვეყნდებოდა, ახლა კი სისტემა “16-თვიან მონაცემთა უპრეცედენტო ბლოკადაში“ იმყოფებოდა. ჩარლზ კენის თქმით, პროგრამული შეფერხებები პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ სავსებით დასაშვებია, ასიათასობით ადამიანმა, თუნდაც დროებით, სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა დაკარგა. ცნობისთვის, PEPFAR, რომელიც 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა, 26 მილიონი ადამიანის გადარჩენასა და აივ-ინფიცირებული დედებისგან 7.8 მილიონ ჩვილში ინფექციის თავიდან აცილებაშია აღიარებული.
ასევე დაგაინტერესებთ:




