ეს ბევრი მამაკაცისთვის უხერხული თემაა, მაგრამ შარდის შეუკავებლობა (ინკონტინენცია) საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. კარგი ამბავი ის არის, რომ – გამოსავალი არსებობს.
“მეიო კლინიკის” (Mayo Clinic) სპეციალისტები განმარტავენ, რომ არსებობს შეუკავებლობის სამი ძირითადი ტიპი:
-
სტრესული შეუკავებლობა: შარდის გაჟონვა ხდება ფიზიკური დატვირთვის დროს, მაგალითად: მძიმე საგნის აწევა, კიბეზე ასვლა, სიცილი ან დაცემინება.
-
ურგენტული შეუკავებლობა: დაკავშირებულია მოშარდვის უეცარ, ძლიერ სურვილთან, რომლის შეკავებაც ვერ ხერხდება.
-
შერეული შეუკავებლობა: სტრესული და ურგენტული ტიპების კომბინაცია.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქცევით ცვლილებებს, ვარჯიშებს, მედიკამენტებს და ქირურგიულ ჩარევას.
სტრესული შეუკავებლობა მამაკაცებში
მამაკაცების 10%-მდე შეიძლება განიცდიდეს სტრესულ შეუკავებლობას პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ოპერაციის შემდეგ.
რატომ ხდება ეს? პროსტატის ოპერაციის დროს (პროსტატექტომია) ზიანდება ან სუსტდება სფინქტერი – კუნთი, რომელიც შარდის შეკავებაზეა პასუხისმგებელი. ჯანმრთელ მდგომარეობაში სფინქტერი დაკეტილია, სანამ ტუალეტში არ მიხვალთ. როდესაც ეს კუნთი სუსტდება, მუცლის კუნთების დაჭიმვამ (დაცემინება, სიცილი, დახრა) შეიძლება შარდის ბუშტზე ზეწოლა და შარდის გამოჟონვა გამოიწვიოს.
უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში ან ფიზიკური თერაპიით (მენჯის ფსკერის ვარჯიშები) გვარდება. ექიმები, როგორც წესი, ოპერაციიდან 12 თვე ელოდებიან მდგომარეობის გაუმჯობესებას, სანამ ქირურგიულ ჩარევას შესთავაზებენ.
თუ პრობლემა არ გვარდება, არსებობს ორი ძირითადი ქირურგიული გზა:
1. შარდსადენის “სლინგი” (Male Urethral Slings)
ეს მეთოდი განკუთვნილია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შეუკავებლობისთვის (როცა დღეში 1-დან 4-მდე საფენი გჭირდებათ).
-
როგორ მუშაობს: ქირურგი იყენებს სინთეტიკურ ბადეს, რათა შექმნას ერთგვარი “ჰამაკი”. ეს ბადე იჭერს შარდსადენ მილს და უბრუნებს მას პირვანდელ პოზიციას, რაც სფინქტერს მუშაობაში ეხმარება.
-
შედეგი: პაციენტების 80% მდგომარეობის გაუმჯობესებას ხედავს, უმეტესობას კი საფენები საერთოდ აღარ სჭირდება.
-
პროცედურა: ეს არის ამბულატორიული ოპერაცია, პაციენტი სახლში იმავე დღეს მიდის. გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 კვირა სჭირდება.
2. ხელოვნური სფინქტერი (Artificial Urinary Sphincters)
ეს უფრო რთული პროცედურაა და განკუთვნილია მძიმე შემთხვევებისთვის (დღეში 4-ზე მეტი საფენი) ან იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც სხივური თერაპია ჩაიტარეს.
-
როგორ მუშაობს: სხეულში მონტაჟდება მოწყობილობა სამი ნაწილისგან: მანჟეტი (რომელიც შარდსადენს ეხვევა), ბალონი და პუმპა (რომელიც სათესლე პარკში თავსდება). პაციენტი ხელით აჭერს პუმპას, როდესაც მოშარდვა სურს, რაც მანჟეტს ხსნის და შარდს გამოსვლის საშუალებას აძლევს.
-
გამოყენება: მოწყობილობა აქტიურდება ოპერაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა ქსოვილები შეხორცდება. სწორი სწავლებისა და გამოყენების შემთხვევაში, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია
თუ გაწუხებთ შარდის შეუკავებლობა, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს. გამოსავალი არსებობს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.
ასევე დაგაინტერესებთ:




