აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის (HHS) მაღალჩინოსანი, ბიოუსაფრთხოების მრჩეველი სტივენ ჰეტფილი, რომელმაც mRNA COVID-19 ვაქცინების შესახებ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა, შაბათ-კვირას სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters-ს სააგენტო ავრცელებს.
ჰეტფილი სააგენტოს სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ადმინისტრაციაში (ASPR) უფროსი მრჩევლის პოზიციას იკავებდა. HHS-ის წარმომადგენლის თქმით, ჰეტფილი, რომელიც სააგენტოს გაზაფხულზე შეუერთდა, “გათავისუფლდა მიზეზის გამო” (terminated for cause).
ტერმინის განმარტება: “გათავისუფლება მიზეზის გამო” (terminated for cause) არის იურიდიული ტერმინი, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნისას, რაც გამოწვეულია მისი მხრიდან გადაცდომით, არაეთიკური ქცევით ან სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებით.
როგორც Bloomberg News იტყობინება, სააგენტომ გათავისუფლების მიზეზებად დაასახელა ის ფაქტი, რომ ჰეტფილი “ცრუ მტკიცებით” საკუთარ თავს ASPR-ის მთავარ სამედიცინო ოფიცრად მოიხსენიებდა, ასევე დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან არაეფექტიანი თანამშრომლობა. “ის (ჰეტფილი) იყო უფროსი მრჩეველი და არა მთავარი სამედიცინო მრჩეველი ან ოფიცერი”, – დაუდასტურა Reuters-ს HHS-ის წარმომადგენელმა.
ჰეტფილის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი ხმაურიანი განცხადებები. აგვისტოში, ASPR-ის კვლევითმა განყოფილებამ (BARDA) გამოაცხადა, რომ ამცირებდა mRNA ვაქცინების შემუშავების აქტივობებს, მათ შორის გააუქმა კონტრაქტი კომპანია Moderna-სთან ადამიანებისთვის ფრინველის გრიპის ვაქცინის შემუშავებაზე.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ჰეტფილი გამოჩნდა მემარჯვენე პოდკასტერის, სტივ ბენონის, შოუში და განაცხადა, რომ mRNA ვაქცინები უჯრედებში “ბიოქიმიურ ქაოსს” იწვევს.
ამ თემაზე ჩვენი ძველი სტატია:
ტრამპის ადმინისტრაციამ პანდემიური გრიპის ვაქცინისთვის განკუთვნილი 766-მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა




