შენჯოუს კოსმოსური ბიოტექნლოგიების ჯგუფის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს: მათ Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე ადრე უცნობი ბაქტერიის სახეობა გამოავლინეს. ახალი მიკროორგანიზმი, რომელსაც Niallia tiangongensis ეწოდა, გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც მას შესაძლებლობას აძლევს გადარჩეს კოსმოსის უკიდურეს პირობებში — მათ შორის მიკროგრავიტაციაში, ძლიერი რადიაციისა და მწირი საკვები რესურსების პირობებში.
ბაქტერიის იზოლირება სადგურის ზედაპირული ნიმუშებიდან 2023 წლის მაისში, შენჯოუ-15-ის მისიის დროს მოხერხდა. კვლევა ჩაატარა შენჯოუს ბიოტექნოლოგიის ჯგუფმა და პეკინის კოსმოსური აპარატების სისტემური ინჟინერიის ინსტიტუტმა. გენომური და ფენოტიპური ანალიზის საფუძველზე, მეცნიერებმა ბაქტერია ოფიციალურად 2025 წელს აღწერეს.
Niallia tiangongensis ენათესავება დედამიწაზე გავრცელებულ Niallia circulans-ს, რომელიც ხასიათდება მდგრადი სპორების წარმოქმნის უნარით. თუმცა ბაქტერიის კოსმოსურმა სახეობამ განივითარა განსხვავებული თვისებები — მათ შორის ჟელატინის დაშლის უნარი, რაც, სავარაუდოდ, ეხმარება დაიცვას თავი ბიოაპკის წარმოქმნით მკაცრ გარემოში. ადაპტაციის ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცეში გადარჩენისთვის, სადაც საკვები და რესურსები მწირია.
მეცნიერები ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ ამბობენ, ბაქტერია კოსმოსში ევოლუციის გზით შეიქმნა, თუ იგი დედამიწიდან მოხვდა კოსმოსურ სადგურზე სპორის სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ მიკრობული სიცოცხლე უკიდურესად გამძლეა და გვახსენებს, რამდენად აუცილებელია კოსმოსური მიკრობიომის მუდმივი მონიტორინგი.
ამ ეტაპზე მტკიცებულებები არ მიუთითებენ Niallia tiangongensis-ის საფრთხეზე კოსმონავტების მიმართ. თუმცა ბაქტერიის გენეტიკური მსგავსება Niallia circulans-თან, რომელიც ზოგჯერ სეფსისის მიზეზი ხდება სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, მეცნიერებისთვის დამატებითი კვლევების ჩატარების საფუძველს აჩენს. ასეთი “მიკროთანამგზავრების” უკეთ გაცნობა გადამწყვეტია როგორც ასტრონავტების ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე გრძელვადიანი კოსმოსური მისიების წარმატებისთვის.
ბაქტერიის აღმოჩენა ასევე აცოცხლებს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად გავრცელებულია სიცოცხლე კოსმოსში და რამდენად შეგვიძლია მისი გამოყენება ბიოტექნოლოგიასა თუ სხვა სამეცნიერო სფეროებში. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც მიკრობიოლოგიური კვლევების, ასევე კოსმოსური მეცნიერების განვითარებისთვის.




