1 სექტემბრიდან ევროკავშირში აიკრძალა გელ-ლაქის ერთ-ერთი გავრცელებული ინგრედიენტი, TPO (ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფინის ოქსიდი). ეს ნივთიერება ლაქს ულტრა პრიალა ეფექტს აძლევს და ულტრაიისფერი ან LED ნათურის ქვეშ სწრაფად გაშრობას უზრუნველყოფს.
აკრძალვის მიზეზი გახდა კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ TPO-მ შესაძლოა გამოიწვიოს ფერტილობის პრობლემები და უარყოფითად იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ევროკავშირმა ნივთიერება კლასიფიცირდა როგორც “კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური”.
ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად “სიფრთხილის ზომაა”, ვიდრე პირდაპირ დადასტურებულ საფრთხეზე რეაგირება, რადგან კვლევების უმეტესობა ცხოველებზეა ჩატარებული და ადამიანებზე ფართომასშტაბიანი კვლევები ჯერ არ არსებობს. “ევროკავშირი მას სიფრთხილის გამო კრძალავს, რადგან პოტენციური რისკებიც კი საკმარისი აღმოჩნდა მკაცრი რეგულაციისთვის”, – განაცხადა დერმატოლოგმა, დოქტორმა ჰანა კოპელმანმა.
აკრძალვა ეხება მხოლოდ კოსმეტიკურ საშუალებებს. TPO ასევე გამოიყენება სტომატოლოგიაში კბილის ბჟენებში, თუმცა ეს სფერო რეგულაციაში არ მოხვედრილა. 1 სექტემბრიდან სილამაზის სალონებს ევალებათ, სრულად ამოიღონ TPO-ს შემცველი პროდუქტები მარაგებიდან, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
მომხმარებლებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პოტენციური რისკებით, შეუძლიათ მოითხოვონ TPO-სგან თავისუფალი პროდუქტები. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ გელ-მანიკურის პროცედურებს შორის პაუზების გაკეთებას და კარგად განიავებად სივრცეში მუშაობას.
სტატიაში ასევე ნახსენებია გელ-მანიკურთან დაკავშირებული სხვა რისკებიც, როგორიცაა ულტრაიისფერი ნათურის გამოყენებისას კანის კიბოს პოტენციური რისკი და ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება.




