ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პირველად დაამტკიცა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური ტესტი Xpert® MTB/RIF Ultra, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის მკაცრ სტანდარტებს. ტუბერკულოზი კვლავ ერთ-ერთი მთავარი ინფექციური მკვლელია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად მილიონზე მეტ სიცოცხლეს იწირავს და განსაკუთრებულ ტვირთად აწვება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს.
ახალი ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და შედეგის მიღების სისწრაფით. სულ რამდენიმე საათში, ის შესაძლებლობას გვაძლევს, ნახველის სინჯში გამოვავლინოთ ტუბერკულოზის გენეტიკური მასალა და გავარკვიოთ მისი მედიკამენტური რეზისტენტობა, განსაკუთრებით რიფამპიცინის მიმართ, რომელიც ტუბერკულოზის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ტესტისთვის პრეკვალიფიკაციის მინიჭება მნიშვნელოვნად გაზრდის მის ხელმისაწვდომობას დაბალი რესურსის მქონე ქვეყნებში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტუბერკულოზის, მათ შორის მედიკამენტებისადმი რეზისტენტული შტამების, ადრეული და ზუსტი გამოვლენის მხრივ, რაც მკურნალობის ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.




