სამხრეთ აფრიკამ განაახლა ჯანმრთელობის კვლევის ეთიკის სახელმძღვანელოები, სადაც დამატებულია ახალი სექცია მემკვიდრული გენომის მოდიფიკაციის შესახებ. მეცნიერები ღელავენ, რომ ეს ცვლილება ქვეყანას შესაძლოა აახლოებდეს სადავო ტექნიკის გამოყენებასთან, რაც მოიცავს სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის გენეტიკურ მოდიფიკაციას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამჟამად, არცერთ ქვეყანაში არ არის ნებადართული მემკვიდრეობითი გენომის შეცვლა კლინიკურ პრაქტიკაში და მხოლოდ კვლევის ფარგლებში დაიშვება.
კანადელმა ბიოეთიკოსმა ფრანსუაზ ბელისმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება გაოცებას იწვევს, რადგან არცერთ სხვა ქვეყანას ამ ტიპის პრაქტიკა არ დაუშვია და გამოთქვამს ეჭვს, თუ რატომ უნდა სურდეს სამხრეთ აფრიკას პირველობის მიღწევა ამ საკითხში. 2018 წელს ჩინელმა ბიოფიზიკოსმა ჰე ჯიანქუიმ განაცხადა, რომ გენომის მოდიფიკაციის ტექნიკა კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენა, რამაც საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია და ბიოფიზიკოსი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

2019 წელს სპეციალისტთა ჯგუფმა მემკვიდრეობითი გენომის რედაქტირების კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რასაც აშშ-ის ჯამრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტებმა (NIH) მხარი დაუჭირა. ადამიანის გენომის ცვლილების შესახებ მე-3 საერთაშორისო სამიტზე, 2023 წელს, ორგანიზაციულმა კომიტეტმა ხელახლა დაადასტურა ხსენებული პრაქტიკის მიუღებლობა.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტს ამ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო სახელმძღვანელოების პრაქტიკული გავლენა კვლავ ბუნდოვანია.




