გერმანიამ ჰამბურგში აღებულ კანალიზაციის ნიმუშში ველური პოლიომიელიტის ვირუსი აღმოაჩინა. ეს ევროპაში 2010 წლის შემდეგ ასეთი ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
რა არის პოლიომიელიტი?
პოლიომიელიტი, შემოკლებით პოლიო, ინფექციური დაავადებაა, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშობლებისთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. ის ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ასევე შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ღებინება.
დაახლოებით 200 ინფექციიდან ერთი შეუქცევად დამბლას იწვევს, ხოლო ამ პაციენტებიდან 10%-მდე იღუპება. პოლიომიელიტს მკურნალობა არ გვაქვს, მაგრამ მისი პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი. 1988 წელს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, შემთხვევების გლობალური მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა.

ბავშვები პოლიომიელიტით. Credit: Polio Eradication Initiative
რა არის ველური პოლიომიელიტი?
არსებობს პოლიომიელიტის ორი ფორმა: ველური პოლიომიელიტი და ვაქცინით გამოწვეული ანუ ვარიანტული პოლიომიელიტი. ორივეს შეუძლია დამბლის და სიკვდილის გამოწვევა, მაგრამ ველური პოლიომიელიტი უფრო იშვიათია და ამჟამად ენდემურია (რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მუდმივად ცირკულირებს მოსახლეობაში) მხოლოდ ავღანეთსა და პაკისტანში, სადაც წელიწადში ათობით შემთხვევას იწვევს. გერმანიის ჩამდინარე წყლებში აღმოჩენილი შტამი დაკავშირებულია ავღანეთში მოცირკულირე შტამთან.
ვირუსის ვაქცინით გამოწვეული ფორმა უფრო გავრცელებულია, თუმცა მაინც იშვიათია. ის ყოველწლიურად გლობალურად რამდენიმე ასეულ შემთხვევას იწვევს, ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იემენი და ნიგერია. პოლიომიელიტის ეს ფორმა მომდინარეობს ორალური პოლიომიელიტის ვაქცინის გამოყენებიდან, რომელიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსს შეიცავს.
საქართველო პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნად 2002 წელს გამოცხადდა.
ვაქცინაციის შემდეგ, ბავშვები რამდენიმე კვირის განმავლობაში განავლით გამოყოფენ ვირუსს. არასაკმარისი ვაქცინაციის მქონე თემებში, ამ ვირუსს შეუძლია გავრცელდეს და მუტაცია განიცადოს ვირუსის საზიანო ვერსიად. ამ რისკის შესამცირებლად ამჟამად ინერგება ამ ვაქცინის ახალი ვერსია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ცოცხალ პოლიომიელიტის ვაქცინას აღარ იყენებენ, სხვა ქვეყნები – განსაკუთრებით იქ, სადაც პოლიომიელიტი უფრო ხშირად ვრცელდება – მას იყენებენ, უფრო სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომია.
რას ნიშნავს გერმანიაში ვირუსის აღმოჩენა?
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება კანალიზაციის ნიმუშების აღება პოლიომიელიტის გავრცელების დასადგენად. ექსპერტების თქმით, გერმანიაში ვირუსის აღმოჩენა იმის ნიშანია, რომ სისტემა კარგად მუშაობს. გერმანიაში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და რისკი დაბალი რჩება, რადგან ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები მაღალია.
რეგიონში ველური პოლიომიელიტის აღმოჩენა იშვიათი მოვლენაა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოთხშაბათის განცხადებით, ევროპაში ეს 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. თუმცა, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის არ იყო გამოვლენილი და არა იმას, რომ ის იქ არ იყო.
ველური პოლიომიელიტისგან თავისუფალ სხვა რეგიონებში ვირუსის იმპორტირებისას ბოლო დროს დაფიქსირდა როგორც გამოვლენის შემთხვევები, ასევე ეპიდემიური აფეთქებები. მაგალითად, 2022 წელს მალავსა და მოზამბიკში დაფიქსირდა აფეთქებები – სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ველური პოლიომიელიტის შემთხვევები გამოვლინდა – რაც პაკისტანში მოცირკულირე შტამს უკავშირდებოდა.
უფრო გავრცელებული, ვაქცინით გამოწვეული პოლიომიელიტის აღმოჩენა პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნებში უფრო ხშირია. ეს ბოლო წლებში რამდენჯერმე მოხდა ევროპასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში.
როგორ შემიძლია დავიცვა თავი ან ჩემი ოჯახი?
პოლიომიელიტის პრევენცია შესაძლებელია ორალური ან ინიექციური ვაქცინებით. ნებისმიერ მსურველს, ვინც პოლიომიელიტზე ღელავს, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის პროვაიდერს და შეამოწმოს საკუთარი ან შვილების ვაქცინაციის სტატუსი, რათა დარწმუნდეს, რომ აცრების სრული კურსი ჩატარებული აქვს. საქართველოში პოლიოს წინააღმდეგ ბავშვები რუტინულად იცრებიან.
რამდენად დიდია პოლიომიელიტის პრობლემა და რას ნიშნავს ეს აღმოჩენა მსოფლიოსთვის?
ჯანმო და სხვა პარტნიორები, მათ შორის “ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი”, ათწლეულებია მუშაობენ მთავრობებთან პოლიომიელიტის დასასრულებლად. მიუხედავად დიდი პროგრესისა, საქმის ბოლომდე მიყვანა რთული და ძვირადღირებული აღმოჩნდა. პარტნიორობას, რომელსაც “პოლიომიელიტის გლობალური აღმოფხვრის ინიციატივა” (GPEI) ჰქვია, მომავალ წელს ბიუჯეტის 30%-იანი შემცირება ემუქრება, საერთაშორისო დახმარების ფართო შემცირების ფონზე.
ექსპერტების თქმით, გერმანიაში ვირუსის აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გზავნილს, რომ “პოლიომიელიტი ნებისმიერ ადგილას პოტენციურ რისკს წარმოადგენს ყველგან”. GPEI-ში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, შეხსენებაა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაავადების აღმოფხვრის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.




