წარმოიდგინეთ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დაავადების დიაგნოსტირება მანამ, სანამ ის სერიოზულ პრობლემად იქცევა, შეუძლია ექიმებს რუტინული სამუშაოსგან დრო გამოუთავისუფლოს და პაციენტებს თვეობით ლოდინი აარიდოს თავიდან. ეს არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი კარდიოლოგიას ჰპირდება. ექიმები ამ პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებენ, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: ენდობიან თუ არა პაციენტები ალგორითმს, როდესაც საქმე მათ გულს ეხება?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში 640 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და ჯანდაცვის სისტემები მზარდ მოთხოვნას ვეღარ უმკლავდებიან. კომპანია Philips-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის, “მომავლის ჯანდაცვის ინდექსი 2025“-ის მიხედვით, ყოველი ათიდან ცხრა გულის პაციენტი სპეციალისტთან ვიზიტის ხანგრძლივ დაყოვნებაზე საუბრობს, ლოდინის საშუალო დრო კი თითქმის 12 კვირას აღწევს. ამ დროის განმავლობაში, პაციენტების მესამედს მდგომარეობა უარესდება, რაც ხშირად ჰოსპიტალიზაციით სრულდება.
პრობლემა მხოლოდ პაციენტების მხარეს არ არის. ექიმები და ექთნები უზარმაზარ დროს კარგავენ არაეფექტური პროცესების გამო. გამოკითხული კარდიოლოგების თითქმის 80 პროცენტი ამბობს, რომ ისინი კლინიკურ დროს კარგავენ პაციენტის არასრული ან მიუწვდომელი მონაცემების გამო, ნახევარზე მეტი კი ყოველ სამუშაო ცვლაში 45 წუთზე მეტს ხარჯავს ამ პრობლემაზე. გლობალურად, ეს ყოველწლიურად ერთ ექიმზე დაკარგული სამუშაო დროის თითქმის ერთ თვეს უდრის.
სწორედ ამ ზეწოლის გამო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმედის თვალით შეჰყურებენ ხელოვნურ ინტელექტს. კარდიოლოგების 80 პროცენტზე მეტი თვლის, რომ ტექნოლოგიას შეუძლია რუტინული დავალებების ავტომატიზაცია, მონაცემებზე წვდომის გამარტივება და ადრეული დიაგნოსტიკის მხარდაჭერა. მათი 79 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელოვნური ინტელექტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთს შეამცირებს.
თუმცა, მაშინ როცა ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, პაციენტები სიფრთხილეს იჩენენ. კარდიოლოგიური პაციენტების მხოლოდ 56 პროცენტი იზიარებს ექიმების ოპტიმიზმს. გამოკითხულთა ნახევარი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შეამცირებს ექიმთან პირისპირ საუბრის დროს და სამედიცინო მომსახურებას ნაკლებად პერსონალურს გახდის.
Philips-ის კვლევამ გამოავლინა “ნდობის დეფიციტი”, რომელიც მხოლოდ კარდიოლოგიას არ ეხება. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება ონკოლოგიასა და პირველად ჯანდაცვაშიც. საინტერესოა, რომ ამ დეფიციტის გადალახვის გასაღები თავად ექიმების ხელშია. კვლევის თანახმად, პაციენტები მზად არიან, ენდონ ხელოვნურ ინტელექტს, თუ მის როლსა და ფუნქციებს მათ სანდო სამედიცინო პერსონალი, ექიმი ან ექთანი უხსნის, და არა ტექნოლოგიური კომპანია ან მედია.
თავად ექიმებსაც, მიუხედავად მათი ოპტიმიზმისა, აქვთ კითხვები. მათი სამ მეოთხედზე მეტი შეშფოთებულია იმით, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ხელოვნური ინტელექტი შეცდომას დაუშვებს. ბევრი ასევე მიუთითებს მონაცემთა მიკერძოების რისკზე, რამაც შესაძლოა, ჯანდაცვაში უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავოს.
საბოლოოდ, კვლევა ხუთ მთავარ პრიორიტეტს გამოყოფს, რათა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი კარდიოლოგიაში სრულად გამოვლინდეს. ესენია პაციენტის მონაცემებზე წვდომის გამარტივება, რუტინული ამოცანების ავტომატიზაცია, ადრეული ჩარევისთვის პროგნოზული ანალიტიკის გამოყენება, დანერგვის პროცესში როგორც ექიმების, ისე პაციენტების ჩართულობა და სისტემის სრული გამჭვირვალობა. როგორც Philips-ის წარმომადგენელი, სენჯაი განდი აღნიშნავს, “ჯანდაცვის მომავალი დამოკიდებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ექიმებსა და პაციენტებს დაეხმარება უსაფრთხო, გამჭვირვალე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი გზებით”.




