ფრინველის გრიპის ვირუსი, რომელიც გარეულ ფრინველებში, შინაურ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში ვრცელდება, შესაძლოა COVID-19-ზე უფრო მძიმე პანდემიის მიზეზი გახდეს, თუ ის ისეთ მუტაციას განიცდის, რომ ადამიანებს შორის გადაცემა შეძლოს. ამის შესახებ საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის რესპირატორული ინფექციების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
პასტერის ინსტიტუტი – პარიზში მდებარე მსოფლიოში წამყვანი კვლევითი ცენტრი, რომელიც 1887 წელს ლუი პასტერმა დააარსა. ინსტიტუტი ცნობილია ვაქცინების შექმნითა და აივ (HIV) ვირუსის პირველი აღმოჩენით. დღეს ის აქტიურად მუშაობს ახალი ვირუსებისა და პანდემიების შესწავლაზე.
მაღალპათოგენურმა ფრინველის გრიპმა ბოლო წლებში ასობით მილიონი ფრინველის განადგურება გამოიწვია, თუმცა ადამიანების ინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით იშვიათია.
“რისიც გვეშინია, არის ვირუსის ადაპტაცია ძუძუმწოვრებთან და განსაკუთრებით ადამიანებთან, რათა მან შეიძინოს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი. ასეთი ვირუსი პანდემიური ვირუსი იქნება”, – განუცხადა Reuters-ს მარი-ან რამი-ველტიმ, პასტერის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
რატომ არის რისკი მაღალი?
მთავარი პრობლემა იმუნიტეტის არარსებობაა. ადამიანებს აქვთ ანტისხეულები ჩვეულებრივი სეზონური გრიპის (H1 და H3 ტიპების) მიმართ, მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი დაცვა H5 ტიპის ფრინველის გრიპის წინააღმდეგ – ზუსტად ისე, როგორც არ გვქონდა იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ პანდემიის დასაწყისში.
განსხვავება კოვიდისგან ისაა, რომ თუ კორონავირუსი ძირითადად მოწყვლად ჯგუფებს უქმნიდა საფრთხეს, გრიპის ვირუსებს შეუძლიათ იმსხვერპლონ სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც, მათ შორის ბავშვები.
“ფრინველის გრიპის პანდემია სავარაუდოდ საკმაოდ მძიმე იქნება, პოტენციურად იმაზე მძიმეც კი, ვიდრე ჩვენ მიერ გამოვლილი პანდემია”, – აღნიშნა რამი-ველტიმ.
არსებული ვითარება და რისკები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო ანგარიშით, 2003 წლიდან 2025 წლამდე ადამიანებში 1000-მდე აფეთქება დაფიქსირდა, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 48% იყო.
ამ თვეში აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა H5N5 ქვეტიპით ადამიანის ინფიცირების ისტორიაში პირველი შემთხვევა. პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა, გასულ კვირას გარდაიცვალა. წაიკითხეთ აქ: https://gowell.ge/h5n5/
დამაიმედებელი პროგნოზი
მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, ექსპერტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გრეგორიო ტორესის თქმით, ადამიანთა პანდემიის რისკი ჯერჯერობით დაბალია.
“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ადრეული რეაგირებისთვის. მაგრამ ამ ეტაპზე, შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ ტყეში, მიირთვათ ქათამი და კვერცხი. პანდემიის რისკი შესაძლებლობაა, მაგრამ ალბათობის კუთხით – ის ჯერ კიდევ ძალიან დაბალია”, – განაცხადა ტორესმა.
გარდა ამისა, მსოფლიო ახლა უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე კოვიდის დროს იყო.
“გრიპის დადებითი მხარე, კოვიდთან შედარებით, ისაა, რომ ჩვენ გვაქვს პრევენციული ზომები. გვაქვს ვაქცინის კანდიდატები და ვიცით, როგორ ვაწარმოოთ ვაქცინა სწრაფად”, – ამბობს რამი-ველტი. ასევე არსებობს ანტივირუსული მედიკამენტების მარაგები, რომლებიც ეფექტური იქნება ამ ვირუსის წინააღმდეგ.
ასევე დაგაინტერესებთ:




