Nike-ის დამფუძნებელი ფილ ნაითი და მისი მეუღლე, პენი ნაითი, აშშ-ის ისტორიაში უდიდეს ერთჯერად დონაციას ახორციელებენ – გადასცემენ 2 მილიარდ დოლარს Oregon Health & Science University-ს (OHSU) კიბოს ცენტრს.
ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ მთელ სამედიცინო საზოგადოებას უქმნის ახალ სტანდარტს. თანხა მიმართული იქნება კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის განვითარებაზე, ადრეული გამოვლენის პროგრამების გაფართოებაზე და პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის მკურნალობის პროცესის გამარტივებაზე.
მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია
ფილ და პენი ნაიღების ურთიერთობა OHSU-სთან ახალი არ არის. წყვილმა 2008 წელს უნივერსიტეტს 100 მილიონი დოლარი გადასცა, რის შემდეგაც კიბოს ცენტრს მათი სახელი მიენიჭა. 2013 წელს მათ ცენტრს 500 მილიონი დოლარი შესთავაზეს – იმ პირობით, რომ უნივერსიტეტი ორ წელში ამავე ოდენობის თანხას მოიძიებდა. გამოწვევა წარმატებით შესრულდა და სწორედ ამ თანხამ დაუდო საფუძველი ინოვაციური ადრეული დიაგნოსტიკის კვლევებს, რომლების მეშვეობითაც უკვე იქმნება ახალი თაობის სისხლის ანალიზები კიბოს საწყის ეტაპებზე გამოსავლენად.
რევოლუცია კიბოს მკურნალობაში
OHSU-ს Knight Cancer Institute-ს ხელმძღვანელობს დოქტორი ბრაიან დრაკერი – მსოფლიოში ლეიკემიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, რომლის დამსახურებაა მიზნობრივი თერაპიების განვითარება. მისი თქმით, ნაითების წინა შემოწირულობებმა რადიკალურად შეცვალა კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზები, ხოლო ახალი 2 მილიარდი დოლარის გრანტი საშუალებას მისცემს ცენტრს, კიბოს კვლევა და პაციენტებზე ზრუნვა სრულად ახალ საფეხურზე აიყვანოს.
„შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს კიბოს დიაგნოზის შემდეგ ჯანდაცვის სისტემაში გზა იპოვო. ჩვენ ამას შევცვლით,“ – ამბობს დრაკერი. – „უკვე შევცვალეთ კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ახლა ვაპირებთ თავად პაციენტების მოვლის გამოცდილების გარდაქმნას.“
როგორ დაიხარჯება 2 მილიარდი დოლარი
გიგანტური დონაცია საშუალებას მისცემს OHSU-ს:
-
შექმნას ადრეული დიაგნოსტიკის კიდევ უფრო ზუსტი და ხელმისაწვდომი მეთოდები, მათ შორის სისხლის ანალიზები;
-
გააფართოოს კლინიკური კვლევების ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტისთვის;
-
უზრუნველყოს პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა – მათ შორის ფსიქოლოგიური, ფინანსური, კვებითი და სიმპტომების მართვის სერვისები;
-
განავითაროს ინტეგრირებული სისტემა, რომელიც პაციენტის მკურნალობის გზას მაქსიმალურად გაამარტივებს დიაგნოზიდან გამოჯანმრთელებამდე.
ფილ ნაითის ფილანტროპიის გზა
ფილ ნაითი, რომლის ქონება Forbes-ის მიხედვით 35.4 მილიარდ დოლარს აღწევს, ცნობილია არა მხოლოდ როგორც Nike-ის დამფუძნებელი და სპორტული ინდუსტრიის რევოლუციონერი, არამედ როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილიანტროპი.
გარდა OHSU-სა, ნაითმა დააფინანსა:
-
სტენფორდის უნივერსიტეტი – 400 მილიონი დოლარი 2016 წელს მომავალი მეცნიერებისთვის გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში დასახმარებლად;
-
ორეგონის უნივერსიტეტი, სადაც თავად სწავლობდა – რამდენიმე შენობა და სპორტული არენა, რომელიც ოჯახის სახელს ატარებს.
ფილისა და პენის ფილიანტროპიული საქმიანობა ამერიკის ისტორიაში შედის ისეთ გრანდიოზულ დონაციებთან ერთად, როგორიცაა მაიკლ ბლუმბერგის მიერ გამოყოფილი 1.8 მილიარდი დოლარი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისთვის (2018) და 1 მილიარდი დოლარი ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯისთვის (2024).
ისტორიული მომენტი
„ეს საჩუქარი უპრეცედენტო ინვესტიციაა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც კიბოსთან იბრძვიან,“ – აცხადებს OHSU-ს პრეზიდენტი, ექიმი შერიფ ელნაჰალი. – „ნაითების მიერ გამოხატული ნდობა და მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევები განვავითაროთ, არამედ თავად პაციენტების ცხოვრების გამოცდილება შევცვალოთ.“
ამ გიგანტური დონაციით, ფილ და პენი ნაითი კიდევ უფრო იმყარებენ თავიანთ პოზიციას, როგორც მსოფლიო სამედიცინო და საგანმანათლებლო ფილიანტროპიის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურები.




