გრიპი ყოველ ზამთარს გვიტევს, მაგრამ წელს, როგორც ჩანს, რაღაც განსხვავებულად ხდება.
სეზონურმა გრიპის ვირუსმა ზაფხულში მოულოდნელი მუტაცია განიცადა. როგორც ჩანს, ის ნაწილობრივ თავს არიდებს ჩვენს იმუნიტეტს, რამაც გრიპის სეზონი ერთ თვეზე მეტით ადრე დაიწყო. ამასთან, ეს გრიპის ის ტიპია, რომელიც, ისტორიული გამოცდილებით, უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
რა ხდება?
მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან გრიპის ვირუსების ევოლუციას, რადგან ისინი გამუდმებით განიცდიან მუტაციას და სეზონური გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად უნდა განახლდეს, რომ მათ არ ჩამორჩეს.
ეს ევოლუცია მიმდინარეობს რიტმით, რომელიც ცნობილია როგორც “შიფტი და დრიფტი” (shift and drift).
ტერმინის განმარტება: “დრიფტი” (Drift) არის ვირუსის მცირე, თანდათანობითი ცვლილებები. “შიფტი” (Shift) კი არის მოულოდნელი, მკვეთრი და მნიშვნელოვანი მუტაცია.
სწორედ ასეთი “შიფტი” მოხდა მიმდინარე წლის ივნისში. თუმცა, მას შეიძლება ეწოდოს “დიდი დრიფტიც”.
ამჯამად გრიპის სამი ვარიანტი ცირკულირებს. A ტიპის გრიპის ვირუსებიდან H1N1 (ცნობილი როგორც ღორის გრიპი) და H3N2 (ცნობილი როგორც ჰონგ კონგის გრიპი) და B ტიპის გრიპის ვირუსებიდან – “ვიქტორია”.
სწორედ H3N2 სეზონური გრიპის შტამში გამოჩნდა შვიდი მუტაცია, რამაც გამოიწვია მუტირებული ვირუსის შესახებ ცნობების “სწრაფი ზრდა”, – ამბობს პროფესორი დერეკ სმიტი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პათოგენების ევოლუციის ცენტრის დირექტორი BBC-სთან.
უჩვეულოა ის, რომ ეს მოხდა გრიპის სეზონის მიღმა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შუა ზაფხულში. “ის თითქმის უეჭველად მოედება მსოფლიოს, ასე რომ, ამ გადმოსახედიდან, ეს არის რაღაც, რაც სწრაფად გავრცელდება”, – ამბობს პროფესორი სმიტი.
სექტემბერში, როდესაც ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ, ღამეები დაგრძელდა და ტემპერატურამ კლება დაიწყო, შემთხვევების მატებაც დაფიქსირდა.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა, თუ რას აკეთებს ეს მუტაციები, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, ეხმარებიან ვირუსს, თავი აარიდოს იმ იმუნიტეტს, რომელიც წლების განმავლობაში გრიპის ინფექციებითა და ვაქცინებით გამოვიმუშავეთ.
შედეგი ისაა, რომ ვირუსს უადვილდება ადამიანების დაინფიცირება და გავრცელება – სწორედ ამიტომ დაიწყო გრიპის სეზონი ასე ადრე დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის იაპონიაში.
თუ ვირუსს შეუძლია უფრო ადვილად გავრცელება, მას აღარ სჭირდება ხელსაყრელი ზამთრის პირობების ლოდინი – როდესაც ჩვენ მეტ დროს ვატარებთ შენობაში ჩართული გათბობით და დახურული ფანჯრებით – გრიპის სეზონის დასაწყებად.
ბოლო ათწლეულის ყველაზე მძიმე სეზონი?
“დიდი ალბათობაა, რომ ეს გრიპის ცუდი სეზონი იქნება და ის საკმაოდ მალე დაიწყება”, – ამბობს პროფესორი კრისტოფ ფრეიზერი ოქსფორდის უნივერსიტეტის პანდემიურ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან. “არსებობს ინდიკატორები, რომ ეს შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში გვინახავს”.
ტიპურ სეზონზე ჩვენი დაახლოებით ერთი მეხუთედი ინფიცირდება, მაგრამ წელს ეს რიცხვი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, გვაფრთხილებს ის.
თუმცა, ყველა ეს პროგნოზი ჯერ კიდევ გაურკვევლობითაა მოცული. ზოგიერთი მინიშნებებისთვის ავსტრალიას აკვირდება, სადაც წელს რეკორდულად მძიმე გრიპის სეზონი ჰქონდათ, თუმცა მათ არ ჰქონიათ იგივე მუტირებული H3N2, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.
ვიცით, რომ ვირუსი ძალიან კარგად ვრცელდება ბავშვებში, სკოლის სათამაშო მოედნებზე, რომლებიც მიკრობების ნამდვილი ბუდეა. მაგრამ იმუნიტეტი, რომელიც 10 წლის ბავშვს აქვს, ძალიან განსხვავდება მისი ბებია-ბაბუის იმუნიტეტისგან, რომელთა იმუნური დაცვა, შესაძლოა, ექვსჯერ მეტმა გრიპის სეზონმა ჩამოაყალიბა. ამიტომ, ექსპერტები მომდევნო კვირებში ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ დაიწყებს ვირუსი ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში გავრცელებას.
“ეს უფრო საზიზღარი ვირუსია”
ისტორია გვიჩვენებს, რომ გრიპის ის ფორმა (H3N2), რომლის წინაშეც წელს ვდგავართ, უფრო მძიმეა, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის.
არსებობს გრიპის მრავალი ტიპი, თქვენ ალბათ გსმენიათ ისეთი სახელები, როგორიცაა H1N1 (ღორის გრიპი), რომელმაც 2009 წელს პანდემია გამოიწვია, ან H5N1, ამჟამინდელი გრიპი, რომელიც ფრინველებს ხოცავს მთელ მსოფლიოში. ახალი მუტაციები H3N2 გრიპის ჯგუფში მოხდა.
“H3 ყოველთვის უფრო ცხელი ვირუსია, ის უფრო საზიზღარი ვირუსია, მას უფრო დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე”, – ამბობს პროფესორი ლუისი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი გრიპით დაინფიცირდება და საერთოდ არ ექნება სიმპტომები, ზოგს კი განუვითარდება უეცარი ცხელება, სხეულის ტკივილი და გამოფიტვა – მაგრამ ვირუსი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს ხანდაზმულ და მოწყვლად ჯგუფებში.
ყოველწლიურად სეზონური გრიპით დაახლოებით 290 000-დან 650,000 ადამიანამდე იღუპება.
ამ თემაზე მოუსმინეტ ჩვენს პოდკასტს “ფრინველის გრიპის საქმე”:
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
რჩევა ერთმნიშვნელოვანია – გავიკეთოთ სეზონური გრიპის ვაქცინა.
პროფესორი ლუისი ამტკიცებს, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი წელია” ვაქცინაციისთვის და “თუ ექიმმა დაგიბარათ, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა”.
თუმცა, წლევანდელი ვაქცინა იდეალურად არ ემთხვევა მუტირებულ ვირუსს.
ვაქცინის დიზაინის შესახებ გადაწყვეტილება თებერვალში მიიღეს, რათა მილიონობით დოზის წარმოებისთვის საკმარისი დრო ყოფილიყო – ახალი მუტანტი კი ივნისში გამოჩნდა.
“გარკვეული დაცვა სჯობს არანაირ დაცვას, მაგრამ წელს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იმ წელთაგანია, როდესაც დაცვის დონე იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე იმ წლებში, როდესაც დამთხვევა უკეთესია”, – ამბობს პროფესორი ფრეიზერი. “ეს იდეალური სიტუაცია არ არის”.
ვაქცინა მაინც აიძულებს სხეულს, გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ გრიპის ამოცნობა. თუმცა, ყველაზე დიდი სარგებელი მოსალოდნელია დაავადების სიმძიმის შემცირებაში და არა დაავადების სრულად თავიდან აცილებაში ან ვირუსის გავრცელების შენელებაში.
გარდა ამისა, გრიპის ვაქცინა იცავს გრიპის მრავალი შტამისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ინფექციის საკუთარი ტალღის გამოწვევა.
“რომელი შტამიც არ უნდა გავრცელდეს ამ ზამთარს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვაქცინა მაინც დაეხმარება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას სერიოზული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან”, – ამბობს დოქტორი მერი რემზი, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი.
ამავდროულად, უნდა გვახსოდეს, რომ ანტივირუსული მკურნალობის ადრეული დაწყება გრიპის გართულებების რისკს ამცირებს. გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.
იაპონია ასევე გადის გრიპის ადრეულ სეზონს და აფეთქებების შესაკავებლად სკოლები დახურა. ეს არ არის კოვიდის სტილის ლოქდაუნები, არამედ მოკლევადიანი ზომები, რომლებსაც ქვეყანა ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად იყენებს.
არავინ იცის ზუსტად, რა მოხდება მომდევნო თვეებში.
“შეიძლება ეს ყველაფერი მომავალ კვირას გაქრეს”, – ამბობს პროფესორი ლუისი, – “მაგრამ მე არ მგონია, რომ ასე მოხდება”.
ასევე დაგაინტერესებთ:




