კომპანია Moderna-მ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი განახლებული, ახალი თაობის კოვიდ-19-ის ვაქცინა, mNEXSPIKE, ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს როგორც 65 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში, ისე 12-დან 64 წლამდე ასაკის მაღალი რისკის მქონე პირებში.
მარკეტინგული კვლევის პირველადმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინა, საშუალოდ, 16-ჯერ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების დონეს LP.8.1 ვარიანტის წინააღმდეგ. ეს შტამი ამჟამად ერთ-ერთი მონიტორინგის ქვეშ მყოფი ვარიანტია, რომლის გავრცელებაც გლობალურად იზრდება.
კვლევა აფასებდა mNEXSPIKE-ის 2025-2026 წლების ფორმულის უსაფრთხოებას, ამტანობასა და იმუნოგენურობას. კომპანიის განცხადებით, ვაქცინის უსაფრთხოების პროფილი წინა კვლევების შესაბამისი იყო.
Moderna დიდ იმედებს ამყარებს თავის ახალ მესენჯერულ რნმ (mRNA) ვაქცინებზე, რადგან მის თავდაპირველ კოვიდ-ვაქცინაზე, Spikevax-ზე, მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინის გაყიდვები მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) mNEXSPIKE მაისში დაამტკიცა. ეს იყო პირველი დამტკიცება მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა გაამკაცრა კოვიდ-19-ის ვაქცინების მიმართ მოთხოვნები და განაცხადა, რომ 65 წლამდე ჯანმრთელი ამერიკელებისთვის ყოველწლიური ბუსტერების დასამტკიცებლად ახალ კლინიკურ კვლევებს მოითხოვს.
კომპანიის განცხადებით, მათი ორივე, 2025-2026 წლების სეზონისთვის განკუთვნილი ვაქცინა – როგორც mNEXSPIKE, ისე Spikevax-ის განახლებული ფორმულა – “აჩვენებს ძლიერ იმუნურ პასუხს დღეს მოცირკულირე მთავარი შტამების წინააღმდეგ”.




