კორეის მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) მკვლევრებმა, პროფესორ კვანგ–ჰიუნ ჩოს ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს უნიკალური მეთოდი, რომლითაც კოლორექტული (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს უჯრედები ნორმალურ კოლონურ უჯრედებად გარდაქმნეს ისე, რომ არ გაანადგურეს ისინი.
კიბოს განვითარება ნორმალური უჯრედების განვითარების გზიდან გადახვევით იწყება. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შექმნეს გენების ქსელის „ციფრული ტყუპი“, რომელიც ნორმალური უჯრედების განვითარების პროცესს იმეორებს. სიმულაციებით მათ დაადგინეს ძირითადი მოლეკულური „გამომრთველები“, რომლებიც უჯრედებს ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს. როდესაც ეს „გამომრთველები“ კიბოს უჯრედებზე გამოიყენეს, მათ კვლავ ნორმალური უჯრედების მსგავსი სახე მიიღეს. ეს შედეგი არამარტო ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში დადასტურდა, არამედ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებშიც.
ჩომ აღნიშნა: „იმაზე ფიქრი, რომ კიბოს უჯრედების ნორმალურ უჯრედებად გადაქცევა შეიძლება, გასაოცარია. ეს კვლევა ამ შესაძლებლობას პრაქტიკულად ადასტურებს.“
კვლევა, სახელწოდებით „უჯრედული დიფერენციაციის მართვა კიბოს შექცევისთვის“, გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Advanced Science–ში 2024 წლის 11 დეკემბერს. პროექტი დაფინანსდა კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. მიღებული შედეგები უკვე გადაეცა კომპანია BioRevert Inc.–ს, რომელიც რეალური თერაპიების განვითარებაზე იმუშავებს.
თუ ეს მეთოდი წარმატებით დამტკიცდა ადამიანებზეც, ეს იქნება ახალი ეტაპი კიბოს მკურნალობის ისტორიაში. ექიმები შეძლებენ კიბოს უჯრედები ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნონ ისე, რომ პაციენტი მკურნალობის მძიმე გვერდითი ეფექტებისგან დაიცვან.

ბიოლოგიისა და ტვინის ინჟინერიის დოქტორანტები ჯუჰი კიმი, ჯონგ–რიოლ გონგი, ჩუნ–კიონგ ლი და ჰუნ–მინ კიმი პროფესორ კვანგ–ჰიუნ ჩოსთან ერთად. (ფოტო: KAIST)




