პოპ-მუსიკის ვარსკვლავმა მადონამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა შიდსის მსოფლიო დღის (1 დეკემბერი) ოფიციალურ აღნიშვნაზე უარი თქვა.
მომღერალი, რომელიც ათწლეულებია აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს აეკრძალათ ამ დღის საჯარო პოპულარიზაცია.
რა მოხდა?
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა შიდა დირექტივა (მეილი), რომელიც თანამშრომლებს მოუწოდებდა, “თავი შეეკავებინათ შიდსის მსოფლიო დღის საჯარო პოპულარიზაციისგან ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით, მათ შორის სოციალური მედიით, მედია-ჩართულობითა თუ საჯარო გამოსვლებით”.
დირექტივაში ასევე ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის ფინანსები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ დღის აღსანიშნავად. ეს გადაწყვეტილება აიხსნა ადმინისტრაციის ახალი, ფართო პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს “ნებისმიერი სამახსოვრო დღის შესახებ გზავნილების შეზღუდვას”.
მადონას რეაქცია
მადონამ, რომელიც 1980-იანი წლების ეპიდემიის დროს ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა საუბრობდა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას “აბსურდული” უწოდა.
“ერთია, უბრძანო ფედერალურ აგენტებს, თავი შეიკავონ ამ დღის აღნიშვნისგან, მაგრამ საზოგადოებას სთხოვო, თავი მოაჩვენონ, თითქოს ეს არასდროს მომხდარა – სასაცილოა, აბსურდულია და წარმოუდგენელია”, – წერს ის.
მომღერალმა გაიხსენა პირადი დანაკარგებიც – მისი საუკეთესო მეგობარი მარტინ ბურგოინი და ცეკვის მასწავლებელი კრისტოფერ ფლინი, რომლებიც შიდსით გარდაიცვალნენ.

მადონა და მარტინი. 1980-იანი წლების ნიუ იორკი
“დავდებ თავს, რომ მას [ტრამპს] არასდროს უნახავს, როგორ კვდება შიდსით მისი საუკეთესო მეგობარი… ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვთქვა – შიდსისგან განკურნების გზა ჯერ კიდევ არ არსებობს და ადამიანები ამით კვლავ იღუპებიან”, – აღნიშნა მადონამ და დასძინა, რომ ის გააგრძელებს ამ დღის აღნიშვნას.
შიდსის მსოფლიო დღე ტრადიციულად ყოველი წლის 1 დეკემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ასევე დაგაინტერესებთ:




