მისისიპის შტატის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც ახალმა მონაცემებმა შტატში ჩვილთა სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა აჩვენა. მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანახმად, 2024 წელს მისისიპიში ყოველ 1,000 ახალშობილზე 9.7 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მონაცემს, რომელიც 1,000 ახალშობილზე 5.5 შემთხვევას შეადგენს. 2014 წლიდან დღემდე, შტატში პირველ დაბადების დღემდე 3,527 ჩვილი გარდაიცვალა.
ჩვილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებად თანდაყოლილი მანკები, დღენაკლულობა, დაბალი წონა და ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი სახელდება. “ძალიან ბევრი ოჯახი კარგავს შვილს პირველ დაბადების დღემდე”, – განაცხადა შტატის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, დოქტორმა დენ ედნიმ. “ჩვენ არ შეგვიძლია და არ შევეგუებით ამ ციფრებს”.
მონაცემებმა ასევე აჩვენა მძიმე რასობრივი უთანასწორობა. მისისიპიში შავკანიანი ჩვილების გარდაცვალების ალბათობა ორჯერ აღემატება თეთრკანიანი ჩვილებისას. 2024 წელს, ყოველ 1,000 შავკანიან ახალშობილზე 15.2 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა თეთრკანიან ახალშობილებში ეს მაჩვენებელი 5.8 იყო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ჯანდაცვის უწყება იმედოვნებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. გეგმა მოიცავს პრენატალური სერვისების გაფართოებას, სათემო ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერებასა და სამშობიაროებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
სიტუაციას ართულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა “Medicaid”-ის პროგრამის შესაძლო შემცირება, რომლითაც შტატში 10-დან 6 მშობიარობა ფინანსდება, და ასევე კვლევები, რომლებიც ჩვილთა სიკვდილიანობის ზრდას აბორტის აკრძალვებს უკავშირებენ იმ შტატებში, სადაც შესაბამისი კანონები მიიღეს.
მომზადებულია Indepedent – ის მიხედვით.




